in

რომელი ავტომობილები იყო მოდაში 90-იან წლებში?

90-იანი წლები ძალიან კაშკაშა პერიოდი იყო ავტოინდუსტრიისთვის და მას დღემდე დიდი სიყვარულითა და ხშირად ნოსტალგიითაც იხსენებენ. ეს იყო მანქანების დიზაინისა და ტექნოლოგიების ექსტრემალური ექსპერიმენტების დრო, რომელმაც წარმოშვა გასული საუკუნის შესანიშნავი ავტომობილები. 

სანამ უშუალოდ ჩამოთვლას დავიწყებთ, გეტყვით, რომ ამ სიის გაკეთება არც ისე მარტივია, რადგან ყველა ავტომოყვარული, გარკვეულ მომენტებში, მაინც სუბიექტურად უდგება საუკეთესო მანქანების დასახელებას. ამ პერიოდში ბევრი ცნობილი ბრენდი და მანქანა იყო გავრცელებული, თუმცა ჩვენ ვეცდებით ზოგად მონაცემებს გავყვეთ და გადავხედოთ 90-იანების ისტორიას, რომელიც თავისით ამოატივტივებს იმ მანქანების სახელებს, რომლებიც ამ დროს ხალხში ყველაზე პოპულარული იყო მსოფლიო მასშტაბით. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:

Toyota Supra

90-იანებში ამ მანქანის მეოთხე თაობა საკმაოდ გავრცელებული იყო. გარკვეულწილად ამაში წვლილი ფილმ Fast and Furious-საც მიუძღვის. ამ Supra-ს ჰქონდა 300 ცხენის ძალა და სისწრაფის წამებში აკრეფის შესაძლებლობა. როგორც ავტოექსპერტები ამბობენ, მისი ძრავა შესანიშნავი იყო და უამრავ კომპონენტს იტევდა.

Toyota RAV4

ამ მანქანას ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავდა. არაჩვეულებრივი ხილვადობისა და ოთხივე წამყვანი თვლის წყალობით, ის ერთ-ერთ საუკეთესო SUV-ად იყო მიჩნეული. მიუხედავად იმისა, რომ იგი მაღალი გამავლობის კატეგორიაში გადიოდა და ძრავაც მძლავრი ჰქონდა, საწვავის მოხმარების კუთხით, მაინც ეკონომიურ მანქანად ითვლებოდა, რაც კიდევ უფრო ზრდიდა მისდამი მოთხოვნას.

Porsche 993

993 ვიზუალურად შეიძლება არ იყო პორშეს ყველაზე გამორჩეული მანქანა, თუმცა ამ მოდელით 90-იანებში მან ისეთი ტექნოლოგიების შემოღება დაიწყო, რომელიც ეპოქისთვის სიახლეს წარმოადგენდა. იგი 1994-1998 წლებში, მოკლე პერიოდში გამოდიოდა და შემდეგ 964-მა შეცვალა, თუმცა გამოსლის პერიოდში საკმაოდ დიდი მოწონებით სარგებლობდა.

BMW X5

ეს ავტომობილი ნამდვილად იმსახურებს ამ სიაში ყოფნას, რადგან იგი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელი იყო. მისი დებიუტი 1999 წელს შედგა და სხვათა შორის, დღემდე პოპულარულია, მათ შორის საქართველოშიც. 

BMW-მ გააერთიანა არქიტექტურა – Land Rover-ის გამავლობის ტექნოლოგია და BMW-ს შესრულების დონე გზაზე, რამაც ის მაღალი დონის SUV-ად აქცია. ავტომობილს როგორც მექანიკური, ისე ავტომატური გადაცემათა კოლოფი აქვს. მისი მეორე თაობა უკვე სცდება 90-იანებს და 2006 წლიდან გამოდის.

Honda S2000

ავტოექსპერტები დღეს ამბობენ, რომ მძღოლებისთვის Honda S2000 შეიძლება სულაც არ იყო საუკეთესო მანქანა, რომელიც მათ ოდესმე უტარებიათ, მაგრამ დიზაინით ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მანქანა იყო 90-იან წლებში და სწორედ ამიტომ მომხმარებელიც არ აკლდა. 

მას მექანიკური გადაცემათა კოლოფი ჰქონდა, წარმოუდგენელი სიმძლავრე-წონის თანაფარდობა, საკმაოდ მაღალი ბრუნვა და უკანა ამძღავი თვლები. ის 1999 წლიდან 2009 წლამდე იწარმოებოდა. სულ პირველად კი, როგორც კონცეპტ მანქანა, 1995 წელს გამოჩნდა ტოკიოს მოტორ შოუზე.

კონკრეტული მოდელების გარდა, ჩამოგითვლით რამდენიმე ტენდენციას, რომელსაც 90-იანი წლების ავტომწარმოებლები ხშირად ითვალისწინებდნენ როგორც მანქანის დიზაინში, ისე ტექნოლოგიაში.

ამოწეული ფარები

90-იანი წლების მანქანების, შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე საკულტო მახასიათებელი ამოწეული ფარებია. ისეთ მანქანებში, როგორიცაა BMW 8-Series და Corvette C5, ამოწეული ფარები საშუალებას იძლეოდა, უფრო გლუვი სტილი წარმჩენილიყო და ბევრი მათ უფრო აეროდინამიკურადაც მიიჩნევდა. ეს ფარები საკმაოდ ექსკლუზიური იყო, რადგან დიზაინერები მათ მხოლოდ მაშინ იყენებდნენ, როცა სურდათ თავიანთი ავტომობილი უფრო სპორტულად გამოეჩინათ. თავიდან ისინი უფრო ძვირადღირებული მანქანებისთვის გამოიყენებოდა, მაგრამ ათწლეულის გასვლის შემდეგ ყველა ტიპის მანქანის ატრიბუტი შეიძლებოდა გამხდარიყო. 

რეტრო დიზაინი

მიუხედავად იმისა, რომ რეტრო დიზაინი მოდიდან არასოდეს გადადის და ადამიანის გემოვნებაზეა დამოკიდებული, უნდა ვთქვათ, რომ 90-იანებში ის უფრო აქტიურ ტრენდად იყო ქცეული. მრავალი მწარმოებელი ირჩევდა ამ სტილს ერთი მხრივ, უნიკალური დიზაინის შესაქმნელად და მეორე მხრივ, ძველი, კლასიკური მანქანების პატივსაცემად. წარსულის განახლებული მანქანების ხილვა მომხმარებლისთვისაც ძალზე სასიამოვნო იყო.

კონვერტირებადი (T-tops) სახურავები

T-tops მანქანები ჯერ კიდევ 70-იანი წლებიდან მოდის, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა მაინც 90-იანებში მოიპოვა. ეს იყო კაბრიოლეტები ისეთი ფორმით, რომ როცა მანქანას ზემოდან დახედავდით, მას T ფორმა ეძლეოდა. სწორედ აქედან გამომდინარეობს მისი სახელწოდებაც. ამ „ჟანრის” გამორჩეულ მანქანებად ითვლებოდა Chevrolet Corvette და 1992 წლის Pontiac Firebird. 

მიუხედავად იმისა, რომ T-top ბოლო 20 წლის განმავლობაში მოდიდან გადავიდა, დღეს ისინი ერთგვარ კლასიკურ მოდელებადაც კი მიიჩნევა და გარკვეული პოპულარობითაც სარგებლობს.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

კომპანია MAN ელექტრო და წყალბადისძრავიან სატვირთოებზე მუშაობს — წინგადადგმული ნაბიჯი ნულოვანი ემისიისკენ

რედისონ ჰოტელ გრუპმა და ნექსტ გრუპმა თანამშრომლობაზე ხელშეკრულება გააფორმეს