„ბნელი ტკბილი 90-იანები“ – ხშირად, ასე ვიხსენებთ ბავშვობის თუ ახალგაზრდობის წლებს, რომელიც ერთი მხრივ, უკიდურეს გაჭირვებასთან, უშუქობასთან და სიძნელეებთან ასოცირდება, მეორე მხრივ კი, მაინც ტკბილ მოგონებად შენარჩუნდა უამრავი ადამიანის გონებაში. ბევრში ნოსტალგიურ ემოციებს აღძრავს იმდროინდელი ამბები, ძველი ფოტოსურათები, სათამაშოები… ასეთივე იყო 90-იანური ბავშვობა გიორგი მურადაშვილისთვისაც, რომელმაც გადაწყვიტა ძველი ამბების გახსენებით გამოწვეული ემოციები სოციალური ქსელით გაეზიარებინა და გვერდი 90’s შექმნა. იმდენად ფართო აუდიტორია მოიცვა, რომ გადაწყვიტა 90-იანური შეგრძნებები პროდუქტში გადაეტანა და „დენდის“ გაყიდვა დაიწყო.

M: 90-იანების თემატიკაზე გვერდის შექმნა რამ გადაგაწყვეტინა?
8 წლის წინ, როცა ოჯახის წევრები სარდაფს ვალაგებდით, გადავაწყდი ჩემი ძველი ნივთების ყუთს. მისმა დათვალიერებამ ჩემს ბავშვობაში დამაბრუნა. იქ იყო ძველი პლაკატები, ძველი ქინდერის ბეჰემოტი სათამაშოები, თუფაქისა და ემინების კასეტები, ე.წ. პუგაჩი, „ლოვესა“ და ტურბოს „ნაკლეიკები“ და უამრავი სხვა ნივთი. ამ ნივთებმა ბავშვობის ტკბილ მოგონებებში გადამისროლა. ზუსტად ამ ემოციის გაზიარება მომინდა სხვებისთვის და გადავწყვიტე გამეკეთებინა ფეისბუქ გვერდი, სადაც ამ ყველაფერს ავტვირთავდი.
M: რასთან ასოცირდება 90-იანები შენთვის, რის გაზიარებაც გამომწერებისთვის მოგინდა?
ჩემთვის, 90-იანი წლები ასოცირდება ბავშვობასთან. საბედნიეროდ, მე არ მახსოვს გაჭირვების პერიოდი, რადგან ბავშვი ვიყავი და ვერ აღვიქვამდი ამას ისე მძაფრად, როგორც ჩვენი მშობლების თაობა. 90-იანი წლები ჩემთვის ასოცირდება სილაღესთან, სკოლაში სიცელქესთან, ჭიაკოკონობის ცეცხლის დანთებასთან, სერიალის საყურებლად მთელი სამეზობლოს ერთ ტელევიზორთან შეკრებასთან და ა.შ.
M: რამ დააინტერესა აუდიტორია შენს გვერდზე, ყველაზე მეტად?
ვფიქრობ, აუდიტორია ზუსტად იმ დადებითმა ემოციებმა დააინტერესა, რაც მე ვიგრძენი თავის დროზე და შემდგომ, ხალხს გავუზიარე.
ჩემ მსგავსად, ეს გვერდიც არ ასოცირდება გაჭირვებულ წლებთან, რაც მაშინ ჩვენი მშობლების თაობამ გაიარა. ამჟამად, გვერდს 253,000 გამომწერი ჰყავს და აქტიურად იდება კონტენტი ჩვენი ბავშვობიდან, რომელიც აუდიტორიას მივიწყებული აქვს. ეს ნივთები აღარავის შემორჩა სახლში და ინტერესიც ამ კონტენტის ნახვის შემდგომ განცდილი ემოციებითაა განპირობებული.
M: ეს საქმე, გარკვეულწილად, ბიზნესადაც აქციე – რა იყო ამ ყველაფრის საფუძველი? როგორ მიხვედი ამ იდეამდე…
ჩემი ბავშვობის გატაცება ყოველთვის იყო ვიდეოთამაშები და კონსოლები. ღრმა ბავშვობაში, „დენდის“ პირველი კონსოლი დაბადების დღეზე მაჩუქა მამაჩემმა. მახსოვს, მთელი დღის განმავლობაში, უბნის ბავშვები როგორ ვთამაშობდით კონტრასა და მარიოს.
რამდენიმე წლის წინ, მეგობარმა თავისი ბავშვობისდროინდელი „დენდი“ მაჩუქა. იმდენად გამიხარდა, რომ იდეა მომივიდა, შემეკვეთა ზუსტად ისეთივე „დენდი“, როგორიც ბავშვობაში მქონდა და ბიზნესსაქმიანობად მექცია.
M: რატომ აირჩიე კონკრეტულად, „დენდის“ შეთავაზება მომხმარებლისთვის?
იმ დროისთვის, პირველი და ყველასთვის საყვარელი კონსოლი „დენდი“ იყო. აქედან გამომდინარე, ცნობადობაც „დენდის“ უფრო მაღალი აქვს, ვიდრე სხვა რეტრო კონსოლებს
(რა თქმა უნდა, საუბარია საქართველოს მასშტაბზე).
M: როგორ შეხვდა პროდუქტს ის აუდიტორია, რომელმაც უკვე იცოდა დენდის შესახებ და თუ იყო დაინტერესება უფრო ახალგაზრდა თაობისგან, რომელსაც არ ახსოვს დენდი?
აუდიტორიისგან დადებითი შეფასება მოჰყვა. ვინც შეიძინა, ყველა აღნიშნავდა, რომ ამ პროდუქტმა ბავშვობის ემოციები გაახსენათ. ზოგი სუვენირად ყიდულობს, ზოგი საჩუქრად ბავშვობის მეგობრისთვის, ზოგიც სათამაშოდ, ზოგისთვის კიდევ დაუჯერებელია, რომ კონსოლის ყიდვა შესაძლებელია და ხუმრობა არაა. დაახლოებით ერთი წელია დენდის კონსოლს ვყიდით და ჯერ ნეგატიური უკუკავშირი არ გვქონია.
რაც შეეხება ახალგაზრდა თაობას, დაინერესება მათი მხრიდანაც არის. ნაწილმა იცის კონსოლის შესახებ, ნაწილმა – ინტერესეის გამო შეიძინა, მაგრამ მაინც ძირითადად 90-იანებისა და 2000-იანების თაობა ყიდულობს.
M: პარალელურად, რას საქმიანობ?
IT სპეციალისტი ვარ. ამჟამად, ვმუშაობ ჩემი პროფესიით, ერთ-ერთ საფინანსო ორგანიზაციაში.
M: შენთვის რას ნიშნავს ეს საქმე?
ეს საქმე ჩენთვის ძალიან ძვირფასია, გვერდის რეგისტრაციიდან დღემდე თითოეული მოწონება და კომენტარი მახარებს,
კონტენტის დიდ ნაწილს ზუსტად ჩემი გვერდის აუდიტორია მიზიარებს, შევიძინე ბევრი მეგობარი, ვაწყობთ შეკრებებს, მონაწილეობას ვიღებთ 90 იანებთან ასოცირებულ სხვადასხვა ინვენთებში.
ასევე არის დამატებით შემოსავლის წყარო და ერთგვარი დროის მანქანაა , რომელიც უდარდელ ბავშვობაში მაბრუნებს მეც და ჩემს აუდიტორიას.
M: თუ თვლი, რომ შეიძლება ჰქონდეს კომერციული პერსპექტივა?
რა თქმა უნდა, ვაპირებ ერთ ერთი რეტრო კონსოლის დამატებას სახელად „სეგა“. ასევე, შეემატება რეტრო თამაშების სხვადასხვა კარტრიჯები, რეტრო პოსტერები, რეტრო გმირების სუვენირები და კიდევ რამოდენიმე პროდუქტი. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ერთ ერთ მოლთან სტენდის განთავსების თაობაზე.
M: მთლიანობაში, როგორ გეგმავ საქმის განვითარებას?
გვერდი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას, დაიდება ჩვენი ბავშვობასთან ასოცირებული დადებითი კონტენტი რაც ხალხს მოჰგვრის დადებით ემოციას.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი













