in

ახალი ქართული თამაში – „90-იანები – შევარდნაძის თავგადასავალი“

90’s – Shevardnadze’s Journey ArtUp Games-ის ახალი მობილური თამაშია, რომლის საშუალებითაც, თქვენ 90-იან წლებში აღმოჩნდებით და შეხვდებით იმ პერიოდისთვის დამახასიათებელ ელემენტებს, როგორებიცაა:

  • მწვანე კერასინკა“ – გამათბობელი, რომელიც მუშაობდა ნავთზე, რადგან გათბობა და ელექტროენერგია არ არსებობდა;
  • ცეცხლი“ – ხშირად შეხვდებოდით გასათბობად დანთებულ ცეცხლს უბნებში, შემოკრებილ ბავშვებსა და მშობლებს, რომლებიც სოციალიზაციას ცდილობდნენ;
  • სიგუას ნამცხვარი“ – გამოგონილი, იაფფასიანი ნამცხვარი, რომელიც უმარტივესი ინგრედიენტებისგან მზადდებოდა, მაგრამ ყველას ძალიან უყვარდა, რადგან სხვა ალტერნატივა, უბრალოდ, არ არსებობდა;
  • პლიტა“ – ეს იყო ნივთი, რომელიც ელექტროენერგიაზე მუშაობდა, თუ იყო ელექტროენერგია. ძირითადად, იყენებდნენ საჭმლის მოსამზადებლად ან გასათბობად;
  • მიტინგები“ – საპროტესტო აქციები ქუჩებში, რომელიც ხშირად იმართებოდა მოპარული ანაბრების დაბრუნების, პოლიტიკოსების გადადგომის, ან თუნდაც, შუქის მოსვლის მოთხოვნით…

თამაშის მთავარი პერსონაჟი საქართველოს მე-2 პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძეა, რადგან ჩვენი ქვეყნის 90-იანი წლები, რაღა თქმა უნდა, მასთანაც ასოცირდება, ვინაიდან მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია ჩვენს ცხოვრებასა თუ ქვეყნის მომავალზე.

თამაშის შექმნის დეტალებზე პროექტის ავტორი, ლევან  გელიაშვილი გვიყვება: „ArtUp Games სპონტანურად შეიქმნა, Art Up – Street Gallery ციფრული ხელოვნების გალერეაა და ვიფიქრე, იქნებ, ეს რესურსი გამოვიყენოთ და ნელ-ნელა რაღაც ახალიც წამოვიწყოთ-მეთქი.

საქართველოში  მობილური და სხვა  პლატფორმებისთვის ცოტა თამაში იქმნება. კომპანიები, ძირითადად, უცხოურ დამკვეთებზე მუშაობენ და ადგილობრივი პროდუქტის მრავალფეროვანი არჩევანი არ გვაქვს. თუნდაც, გასართობად გაკეთებული, რომელსაც რამდენიმე დღეს ითამაშებ, გაერთობი და წაშლი.

ამის მიზეზი კი ისაა, რომ დიდ თამაშებს დიდი ბიუჯეტი და გუნდი სჭირდება, პატარა, უბრალო თამაშის შექმნა კი, რატომღაც ბევრს არ სურს – ახალბედა რეჟისორებს რომ პირდაპირ ჰამლეტის დადგმა მოუნდებათ ხოლმე, ეგ ამბავია.

დასაწყისისთვის, იდეა გამიჩნდა, ედუარდ შევარდნაძისა და 90-იანების შესახებ რამე სახალისო, მარტივი “Endless runner” შეგვექმნა, შესაძლებლობები გამოგვეცადა და ასე, გუნდიც შევკარით, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ავთანდილ მღებრიშვილსა და CG Georgia-ს.

ძალიან საინტერესო იყო პერსონაჟის, გარემოს შექმნის ეტაპები სკეჩიდან გაცოცხლებამდე, რომელზეც იმუშავეს არტისტებმა: ლაშა მატრეველმა და ვარლამ ჯმუხაძემ.  ეს ყველაფერი კი, ერთად დემეტრე შონიამ შეკრა (დემეტრეს Covid-19 დაუდასტურდა, მაგრამ არ გაჩერდა და მაინც ბოლომდე მიიყვანა საქმე).

ყველაზე სახალისო მუსიკის ნაწილი იყო, ჩემს მეგობარ ლევან მანაგაძეს (Vodka Vtraiom) დავუკავშირდი და ვთხოვე, საავტორო მუსიკაზე „გლდანელი ანზორი“ უფლება მოეცა, რომელიც შემდეგ ZAZA-მ გამიქსა და თამაშის საუნდტრეკიც შეიქმნა“, – გვიზიარებს ლევან გელიაშვილი.

თამაშის შესახებ: 90-იანი წლები საქართველოსთვის უმძიმესი პერიოდი იყო, რადგან ქვეყანა საბჭოთა კავშირის მძიმე დანატოვარს ებრძოდა – სრულ ქაოსს ეკონომიკაში, პოლიტიკასა თუ ზოგადად, ყველა მიმართულებაში. ქვეყნის ფუნქციონირებისთვის საჭირო თითქმის ყველა დარგი ჩამოიშალა, მათ შორის, ეკონომიკა, რამაც გამოიწვია ინფლაცია, სიღარიბის ზრდა, უმუშევრობა, შიდა დაპირისპირებები, კრიმინალის ზრდა და კორუფცია. ამას დაემატა უშუქობა, უწყლობა, შიმშილი, საკვები პროდუქტების დეფიციტი და გაუთავებელი პურის რიგები… რუსეთის აგრესია, რის შედეგადაც, საქართველომ ქვეყნის 20% დაკარგა და დღემდე ოკუპირებულია.

„90-იანები – შევარდნაძის თავგადასავალი“, ჯერჯერობით, მხოლოდ Android ვერსიაზეა ხელმისაწვდომი, თუმცა მალე ის iOS ოპერაციული სისტემებსაც მოერგება.

თამაში უფასოა და მუდამ უფასო იქნება ყველასთვის.

ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის ჩვენი კარი ღიაა! მოგვაწოდეთ იდეები, ნამუშევრები, ან დაგვეხმარეთ მის განვითარებაში. ამ ეტაპზე მარტივი “Endless runner-ია”, მაგრამ თქვენი მონაწილეობით, ბევრად საინტერესო შეიძლება, გახდეს, – ლევან გელიაშვილი აუდიტორიას მიმართავს.

სამომავლოდ, ავტორი იმედოვნებს, რომ ArtUp Games უფრო განვითარდება და ინდი-თამაშების კუთხით, კიდევ მეტ ქართულ ამბავს მოჰყვება.

ახალი ვებ-გვერდი ვიდეო თამაშების მიერ ინფორმაციის მიწოდების ხელოვნებას გვთავაზობს

მარიონ კოტიარი და ჯერემ ბელინგარდი CHANEL-ის რეკლამაში