ახალი რაღაცების სწავლა და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის წარმოჩენა არასდროს რომ არის გვიანი, სწორედ ამაზეა 95 წლის ბებიის ამბავი. დღეს კეტრინ კინი უნდა გაგაცნოთ, როგორც მსოფლიო რეკორდის მფლობელი ძალოსნობაში და რეალური მაგალითი კარგად გაცვეთილი ფრაზისა: ასაკი მხოლოდ ციფრებია… მისი ისტორია იმდენად შთამაგონებელია, რომ New Yorker დაინტერესდა და დოკუმენტური ფილმი Strong Grandma შემოგვთავაზა.
ფილმში ყველაზე ძლიერი ბებიის ამბავია მოთხრობილი, რომელიც საბოლოო შეჯიბრების სამზადისით იწყება. მთლიანი ფილმის მანძილზე იმ სიყვარულს, დანაკარგსა თუ გამოცდილებებს გვაზიარებს, რომლებმაც მისი ცხოვრება შექმნა. ხაზს უსვამს საზოგადოების მხარდაჭერაზე და ადამიანურ კავშირებზე, რაც ფიზიკური სიძლიერისა და მენტალური გამძლეობის წინაპირობა გახლავთ კეტრინისთვის.
თუმცა, ვერ გეტყვით, რომ მთელი ცხოვრება სპორტით იყო დაკავებული, პირიქით, ძალოსნობით 80 წლის ასაკში დაინტერესდა და ამ პროცესში მისი აწ უკვე გარდაცვლილი ქმარიც ჩართული იყო — „დიკი ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერი გახლდათ, ყოველთვის პირველ რიგში იჯდა და მამხნევებდა. როცა შენი მეორე ნახევარი ასე იქცევა, უბრალოდ უნდა გააკეთო ეს“.
მიუხედავად სპორტის სირთულეებისა, გვეუბნება, რომ მისთვის რეკორდების დამყარება სულაც არ გახლდათ რთული. მიზეზი მარტივია: ამ ასაკში კონკურენტი არ ჰყავდა… ამგვარად, ბევრი ადამიანის შთაგონებად იქცა და თუ ჰკითხავთ, რა არის მისი ჯანსაღი ცხოვრების საიდუმლო, გეტყვით:
„განაგრძეთ სვლა, არ ჩასხდეთ სავარძელში და არ გაატაროთ დრო ტელევიზორის ყურებასა თუ ტელეფონის სქროლვაში, იმოძრავეთ იმდენი, რამდენიც შეგეძლებათ“.
ახლა კი დროა, ეს ამბავი „მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ბებიისგან“ მოვისმინოთ: