მსოფლიოს წამყვანი ლუქს კატეგორიის ბრენდების წარმომადგენელი ბუტიკი „ქრონოგრაფი“ წარმოგიდგენთ კალმების საუკუნოვან ბრენდ Montegrappa-სთან კოლაბორაციას, სახელად: „950 წელი მეფეთ-მეფის დავით აღმაშენებლის დაბადებიდან“. ერთობლივი პროექტის ფარგლებში შეიქმნა კალმების ლიმიტირებული კოლექცია — სიმბოლურად, 95 ერთეული, რომელიც საქართველოს ისტორიასა და ქართულ დამწერლობას აერთიანებს.
ქრონოგრაფისთვის ეროვნულ ღირებულებებზე ზრუნვა ყოველთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამას მოწმობს წინა წლებში განხორციელებული წარმატებული პროექტები: „დამოუკიდებელი საქართველო“, „ქართული ანბანი“, „ქართული ორნამენტი“ და სხვა. ამ პროექტების მთავარი მიზანიც სწორედ ქართული ისტორიისა და კულტურის ხელოვნებაში გაცოცხლებაა.
პროექტის შესახებ
„წლევანდელი პროექტი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული ფიგურის — დავით აღმაშენებლის 950 წლის იუბილეს ეძღვნება. ამ უმნიშვნელოვანესი ისტორიული გმირისა და ჩვენი ქვეყნის ისტორიის ოქროს ხანის პატივსაცემად, ვეცადეთ, შეგვექმნა კალამი, რომელიც იდეალურად განასახიერებდა მეფე დავითის სულისკვეთებას და მის ღვაწლს ქართული კულტურის განვითარებასა და ერის გამთლიანებაში.
პროექტის დიზაინერად შევარჩიეთ გიგა ხატიაშვილი, შემოქმედებითი სფეროს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დიზაინერი. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა მივანიჭეთ მის ინტერესს ქართული დამწერლობისა და ისტორიის, განსაკუთრებით კი ჩვენი პროექტის მთავარი გმირის — დავით აღმაშენებლისადმი“, — თამარ გელაშვილი, ქრონოგრაფის გენერალური მენეჯერი.
კალმის დიზაინის აღწერა
„პროექტზე მუშაობისას საფუძვლიანად შევისწავლეთ დავით აღმაშენებლის ეპოქა, რომელიც სახვით ზედაპირზე გავაცოცხლეთ. თითოეული სიმბოლო ჩვენს ხელთ არსებულ ისტორიულ წყაროებსა და არტეფაქტებს ეყრდნობა“, — გიგა ხატიაშვილი, პროექტის დიზაინერი.
კალამზე დატანილია სიმბოლოები:
- ასომთავრული ა-ნი და დ-ონი – დავით აღმაშენებლის მონოგრამა
- სამფოთლიანი მუხის რტო – გულწრფელობის, მდგრადობისა და სამართლის სიმბოლო
- ორი ნაყოფი რკო – სიმბოლო დავითის, მეფე-მღვდლის საერო და სასულიერო მსახურებისა
- მეფის ხელრთვის (ხელმოწერის) ასლი – დავით IV-ს ერთადერთი შემორჩენილი ხელნაწერი
- რიცხვი 950 – რაც აღსანიშნავ თარიღს შეესაბამება
- უნიკალური ნუმერაცია 1-95, რომელიც ლიმიტაციას აღნიშნავს
დავითის, როგორც ვახტანგის შთამომავლის, დროშა იყო სპეტაკი ფერი, რომლის შუაშიც მამაზეციერის ნარინჯისფერი ნიშანი ეხატა. მუხის რტოს სიმბოლოსთვის გამოყენებული ნარინჯისფერი კი ოქროს ხანის ამსახველია.
„მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შანსი, ქართულ კულტურაში დავტოვოთ მარადიული ღირებულების მატარებელი კალამი, რომელიც საუკუნოვან ისტორიას თაობიდან თაობას გადასცემს და მუდამ შეგვახსენებს იმ საამაყო პერიოდის შესახებ, რომელსაც თითოეული ქართველი გულით ვატარებთ.
ქრონოგრაფის გუნდი სამომავლოდაც ბევრ საინტერესო, ეროვნულ იდენტობაზე ორიენტირებულ პროექტს გპირდებათ“, — თამარ გელაშვილი, მაღაზიის მენეჯერი.