დღეს იმ ანიმაციაზე მოგიყვებით, რომელიც დედისა და შვილის სიყვარულს ასახავს, აქ ყოველი თვალის დახამხამება ახალი კადრია, რომელსაც ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავყავართ. ერთმანეთზე ზრუნვის ფასს შეგვახსენებენ და იმასაც, მოგვწონს თუ არა, რომ ვიზრდებით და ხანდაზმულ ასაკამდე ვაღწევთ. აქ გვიწევს, თვალი სხვადასხვა ასაკობრივ დაავადებასაც გავუსწოროთ, ეს კი ზუსტად ის არის, რასაც მრავალი ჯილდოს მფლობელი ანიმაციის სტუდია ROOF და Grey Health გვაჩვენებს…
თუმცა სანამ ანიმაციაზე მოყოლას გავაგრძელებთ, ჯერ ერთი ფაქტის შესახებ უნდა გითხრათ — მაკულარული დეგენერაცია 60 წელზე მეტი ასაკის მქონე ადამიანებში მხედველობის დაკარგვის წამყვანი მიზეზია. მართალია, სრულ სიბრმავეს არ იწვევს, მაგრამ ჩათვალეთ, რომ თვალის ცენტრალური ხედვა დაკარგულია. ეს საკმაოდ სწრაფადაც ხდება და ხშირად რამდენიმე კვირა ან თვე სჭირდება… FDA-მ კი სულ ახლახან დაამტკიცა Vabysmo-ს წამალი, რომელიც აღნიშნული დარღვევის მქონე ადამიანებს მედიკამენტოზურ თერაპიას ჰპირდება. ანიმაციაც ამ ამბავს ეძღვნება.
გადაწყვიტეს, გულწრფელი ისტორია მოეყოლათ, რომელიც 3D პერსონაჟებითა და სამყაროებით იქნებოდა სავსე. ტექნოლოგიურმა წინსვლამ კი უკვე პერსონაჟების ემოციების წაკითხვაც მეტად შესაძლებელი გახადა. ამასთან, კამპანია თვალის სპეციალისტების რეალური ამბითაა შთაგონებული, რომლებიც თავიანთ მშობლებსა და სხვა პაციენტებზე Vabysmo-ს დახმარებით ზრუნავენ.
3D ფილმში კადრებს შვილის თვალთახედვით ვუყურებთ და ვაკვირდებით, როგორ ზრუნავენ მხედველობაზე, როგორც პირდაპირი, ისე მეტაფორული მნიშვნელობით. აქ ნაჩვენებია პაციენტების, მათი საყვარელი ადამიანებისა და ექიმების ურთიერთობა.
ვინიციუსი ფილმის შინაარსობრივ და ტექნიკურ მხარესთან ერთად, თანამშრომლობის დადებით მხარეებზეც საუბრობს — „ამ დონის დეტალები მხოლოდ პროდიუსერებისა და სააგენტოს ჰარმონიული მუშაობით მიიღწევა. საერთო სურვილით, ეფექტურად მიაწოდო გზავნილი მაყურებლებს და მათში ემოციები გააღვიძო. ამ შემთხვევაში ადამიანებს ვუბიძგებთ, გადატვირთულ რეჟიმში საკუთარ დედებზე დაფიქრდნენ“.