A Complete Unknown — ასე ჰქვია ბიოგრაფიულ ფილმს, რომელიც მუსიკის ლეგენდის, ბობ დილანის ტრანსფორმაციულ მოგზაურობას ასახავს.
დილანის რთულ როლს ტიმოთი შალამე ასრულებს, რომელიც ცნობილია თავისი მომხიბვლელი თამაშით ფილმებში Dune და Wonka. ახლახან გამოქვეყნებულ ტრეილერში ნათლად ვხედავთ, როგორ მოერგო მსახიობი აღნიშნულ როლს, რაც მიანიშნებს მის უნარზე, გადმოსცეს დილანის იდუმალი სული და უნიკალური მუსიკალური ნიჭი.
ფილმში მრავალი ვარსკვლავი მონაწილეობს. მათ შორის ვხედავთ ელ ფენინგს, დილანის შეყვარებულის როლში და ედვარდ ნორტონს, რომელიც კიდევ ერთ ლეგენდას, პიტ სიგერს განასახიერებს. ფილმს დამატებით ხიბლს მატებენ მსახიობები მონიკა ბარბარო (ჯოან ბაეზი) და ბოიდ ჰოლბრუკი (ჯონი კეში).
ფილმის სახელწოდება — A Complete Unknown — ნასესხებია ბობ დილანის საკულტო სიმღერიდან „Like a Rolling Stone“. ეს სიმღერა შესანიშნავად ერგება ფილმის გადამწყვეტ მომენტს: დილანის მუსიკის ტრანსფორმაციას აკუსტიკური ფოლკიდან ელექტრო როკზე.
ტრეილერში კარგად ჩანს ფილმის ვიზუალურ სტილი და თხრობის სპეციფიკა. ჩვენ ვხედავთ მუსიკოსს, რომელიც მანჰეტენის ქუჩებში სეირნობს, პარალელურად კი კადრში საკულტო ადგილები ხვდება, როგორებიცაა კაფე „Wha?“ და სასტუმრო „ჩელსი“. განსაკუთრებული ყურადღების ღირსია შალამეს მიერ შესრულებული ძლიერი საპროტესტო სიმღერა „A Hard Rain’s a-Gonna Fall“, რომელიც დილანმა 1963 წელს დაწერა.
A Complete Unknown გვპირდება, რომ უფრო მეტი იქნება, ვიდრე უბრალოდ ბიოგრაფიული ფილმი. ეს არის შანსი, უფრო ღრმად შეისწავლოთ დილანის შემოქმედებითი პროცესი და მისი მუსიკის უნიკალურობა. შთამბეჭდავი მსახიობებით, გამოცდილი რეჟისორით, დიადი მუსიკითა და ისტორიული მნიშვნელობით სავსე ნარატივით გაჯერებულ ფილმს აქვს კულტურული ფენომენის ყველა მახასიათებელი.