10
Feb
2020

მოწყობილობა, რომელიც დამწვრობით დაზიანებულ კანზე ახალ კანს „პრინტავს“

10 Feb 2020

veon
veon


ჯერ კიდევ 2018 წელს, კანადელმა მეცნიერებმა წარმოადგინეს მოწყობილობა, რომელსაც მძიმე დამწვრობა მიღებულ პაციენტებზე ხელოვნური კანის „დაპრინტვა“, უფრო სწორი იქნება ვთქვათ, გადანერგვა შეეძლო. რამდენიმე დღის წინ კი, მკვლევართა გუნდმა ექსპერიმენტის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის გათვალისწინებითაც, მოწყობილობის გამოყენება დამწვრობის მქონე პაციენტებში უფრო რეალური გახდა.

მძიმე ფორმის დამწვრობასთან საბრძოლველად, აქამდე, ექიმებს რამდენიმე გზა ჰქონდათ. მათ შორის იყო დაზიანებული ქსოვილის მოშორება და მის ადგილას, პაციენტის სხეულის სხვა ნაწილიდან აღებული ჯანმრთელი კანის მოთავსება, ასევე, კოლაგენით (მთავარი ბოჭკოვანი ცილა, რომელსაც შეიცავს სხეულის შემაერთებელი ქსოვილი) მკურნალობა. თუმცა, მეცნიერები ამბობენ, რომ ხშირ შემთხვევაში, ეს არც ისე ეფექტური გადაწყვეტებია. მით უფრო, იმ შემთხვევებში, როცა პაციენტის დამწვრობა მძიმეა, სხეულის დიდ ნაწილს იკავებს და დაზიანებულია კანის როგორც ზედა, ასევე, ქვედა ფენა.

კანადელი მეცნიერების მიერ შექმნილი მოწყობილობის მუშაობის პრინციპი კი შემდეგნაირია – მას პირდაპირ დამწვრობაზე დააქვს ბიოლოგიური ქსვილი. ეს ქსოვილი შეიცავს სამკურნალო პროტეინებს, ისევე, როგორც მესენქიმიურ სტრომის უჯრედებს, რომლებიც ეხმარება სხეულის იმუნურ სისტემას (ახალ კანთან შეგუებაში) და ასევე, ხელს უწყობს ახალი ქსოვილების წარმოებას.

ამჟამად, უახლესი ექსპერიმენტის ფარგლებში, მეცნიერთა ჯგუფმა გამოსცადა მოწყობილობა ღორის სხეულის დამწვრობისას:

„დავადგინეთ, რომ მოწყობილობამ წარმატებით განალაგა კანზე ახალი კანი. ეს მოხდა უსაფრთხოდ და ეფექტურად. უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ჩვენი ექსპერიმენტის შედეგებმა აჩვენა, რომ მესენქიმიური სტრომის უჯრედებმა შეძლეს სამკურნალო ფუნქციის შესრულება. ასევე, შემცირდა ანთება, ნაწიბურები და შეკუმშვიანობა“, – ნათქვამია მეცნიერების მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.

ექსპერიმენტის ფარგლებში, „კანის პრინტერით“ მკურნალობის შედეგებს მეცნიერები კოლაგენით მკურნალობის შედეგებს ადარებდნენ, ისევე, როგორც კანის ხელუხლებელ დამწვრობას. მეცნიერების მიერ შემუშავებულმა მეთოდმა – ერთი მხრივ, „ბიოკარტრიჯის“ შექმნამ და მეორე მხრივ, მოწყობილობის დახმარებით, დამწვარ ადგილებში ხელოვნური კანის დატანამ, მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენა. კერძოდ, რეეპითელიზაციის (ეპითელური ქსოვილის აღდგენის პროცესი), დერმატოლოგიური უჯრედების გამრავლებისა და ნეოვასკულარიზაციის (ახალი სისხლძარღვების ფორმაცია) გამოწვევის ფონზე, შესაძლოა, მოწყობილობის კლინიკური გამოყენების საკითხი დღის წესრიგში მალე დადგეს.

განხილვა