ავსტრიის წამყვანმა სამხატვრო ინსტიტუტმა, ლეოპოლდის მუზეუმმა, კლიმატის ცვლილებების საშიშროებასთან დაკავშირებით კრეატიული ინტერვენცია მოაწყო. 15 ფერწერული ტილო, მათ შორის გუსტავ კურბეს, ეგონ შილესა და გუსტავ კლიმტის ნამუშევრები, დახრილად დაკიდეს. ერთგვარი პერფორმანსული ქმედება იმ განცხადებას ეხმაურება, რომ დედამიწაზე ტემპერატურა კიდევ რამდენიმე გრადუსით შეიცვალა…
უკვე წლებია, მეცნიერები აღნიშნულ პრობლემაზე საუბრობენ, რომლის მიხედვითაც, კლიმატი 1,5 გრადუსით შეიცვალა. საზოგადოების დიდი ნაწილი კი „ამ მცირე“ მაჩვენებელს დიდ პრობლემად არ აღიქვამს, რაც არასწორი მიდგომაა — რეალური გავლენა იმაზე დიდია, ვიდრე ერთ ციფრში ჩანს… სწორედ ამ სიმძაფრის ვიზუალიზაციას ეხება ლეოპოლდის მუზეუმისა და Climate Change Center Austria-ს ერთობლივი პროექტი, A Few Degrees More. როდესაც რამდენიმე გრადუსით დახრილ ნახატებს ვუყურებთ, ცვლილება აშკარა ხდება.
„ადამიანები მთელი მსოფლიოდან მოდიან ლეოპოლდის მუზეუმში, რათა ჩვენი სამყაროს სილამაზეს მხატვრული პრიზმიდან გაეცნონ — თვალწარმტაცი ბუნებრივი მშვენიერების სცენებით. თუმცა ამ სილამაზეს საფრთხე ემუქრება… იმის ხაზგასასმელად, რომ კიდევ რამდენიმე გრადუსმა შეიძლება სამყარო არასასიამოვნო ადგილად აქციოს, ხელოვნების ენა გამოვიყენეთ“, — აღნიშნავენ მუზეუმში.