in ,

Cannes Lions-ის აკადემიიდან გრაფიკულ ექსპერიმენტამდე – როგორ ეძებს ელენე ფირალიშვილი საკუთარ ვიზუალურ ენას

სოციალურ ქსელში შესაძლოა შეგხვედრიათ პოსტები, სადაც შემთხვევით გადასხმულ დილის ყავასაც კი დიდ კარიერულ გაკვეთილად და ცხოვრებისეულ სიბრძნედ აქცევენ. ამ ზედმეტად შეფუთულ რეალობაში რთულია ისეთი ციფრული სივრცის პოვნა, სადაც საკუთარ პროფესიულ ძიებებზე, შეცდომებსა და ექსპერიმენტებზე გულწრფელად, ყოველგვარი სიყალბის გარეშე ისაუბრებენ.

სწორედ ამიტომ დაიბადა პროექტი “A IN A DAY”. ახალგაზრდა დიზაინერმა გადაწყვიტა, სააგენტოს გადატვირთული გრაფიკის პარალელურად, საკუთარი თავისთვის ყველაზე რთული გამოწვევა მიეცა – ყოველდღე, თავიდან გადაეაზრებინა ქართული ანბანის პირველი ასო.

Cannes Lions-ის ფესტივალმა და Roger Hatchuel Student Academy-ში მიღებულმა გლობალურმა გამოცდილებამ ამ ყოველდღიურ რუტინას სულ სხვა მუხტი და მასშტაბი შესძინა. მსოფლიოს უმთავრესი შემოქმედებითი ეპიცენტრიდან დაბრუნებული, ის ახლა კიდევ უფრო თამამად აგრძელებს ქართული „ა“-ს გეომეტრიის მსხვრევას და აბსტრაქციის იმ ზღვრის ძიებას, სადაც ასო ფორმასაც იცვლის, თუმცა ნაცნობ ხასიათსაც ინარჩუნებს. როგორ ეხმარება 15-წუთიანი შემოქმედებითი რუტინა მკაცრი დისციპლინის გამომუშავებაში – დეტალებზე ელენე ფირალიშვილი გვესაუბრა.

M: როგორ გაჩნდა იდეა, რომ ყოველდღიური დიზაინ-გამოწვევა სწორედ ქართული „ა“-ს გარშემო აგეგო?

სააგენტოში ვმუშაობ და ყოველდღიურად უამრავი დიზაინ-ფაილი მიტრიალებს ხელში, თუმცა ჩემს მიმდინარე დავალებებში ლოგოსა თუ ტიპოგრაფიის შექმნა, სამწუხაროდ, იშვიათად ხვდება. არადა, ეს ორი მიმართულება ყველაზე მეტად მიყვარს. ვექტორულ ობიექტზე მუშაობას განსაკუთრებული დაკვირვება სჭირდება – ეს პროცესი კონცენტრაციასაც გიუმჯობესებს და თვალსაც ისე ავარჯიშებს, რომ დროთა განმავლობაში ყველაზე პატარა ხარვეზსაც კი მომენტალურად ამჩნევ. ხანდახან ძალიან მინდება ხოლმე, მომავალში გავიხედო და წინსწრებით ვნახო, როგორი იქნება ჩემი პროგრესი, მაგალითად, ერთი წლის შემდეგ. რადგან სამსახურში ამ შემოქმედებით წყურვილს ბოლომდე ვერ ვიკლავდი, გადავწყვიტე, დამოუკიდებლად მომეფიქრებინა რამე.

ამასთანავე, უდიდესი გამოწვევაა, როცა ერთსა და იმავე ობიექტს ყოველდღე თავიდან იაზრებ და ახლებურად ქმნი, ტიპოგრაფია კი ამის საუკეთესო საშუალებას იძლევა. კონკრეტულად „ა“ იმიტომ ავირჩიე, რომ ანბანის პირველი ასოა და მასზე მუშაობის დაწყება სრულიად ლოგიკური იყო, ვიდრე, მაგალითად, „ყ“-ზე. გარდა ამისა, მომრგვალებული ფორმები აქვს, რაც ტექნიკურად საკმაოდ ართულებს დახატვას – მე კი მინდოდა, საკუთარი თავისთვის საქმე მაქსიმალურად გამერთულებინა. ხშირად მეუბნებიან, ამდენ „ა“-ს რომ აკეთებ, „ბ“-ზე გადადიო, მაგრამ არ გადავდივარ – მინდა, ეს კონკრეტული ასო მაქსიმალურად ბევრი სხვადასხვა კუთხით დავინახო.

M: გამოწვევას საჯარო სახე მიეცი და ყოველდღე LinkedIn-ზე აზიარებ. რატომ აირჩიე ეს ფორმატი?

სანამ ამ ყველაფერს საჯარო გამოწვევის სახეს მივცემდი, დისციპლინის დაცვა ძალიან მიჭირდა. ვიფიქრე, თუ მიზნად ყოველდღიურად ერთი პოსტის გამოქვეყნებას დავისახავდი, თვითმოტივაცია უფრო გამიადვილდებოდა.

გარდა ამისა, დღევანდელ რეალობაში LinkedIn-ის გამოყენება და პერსონალური ბრენდის შენება აუცილებელია, თუმცა ამ პლატფორმის ფორმატი ხშირად ცოტა უხერხულად მეჩვენება: ჩემთვის დილით ყავის შემთხვევით გადასხმა უბრალოდ ყავის გადასხმაა და არა – დიდი კარიერული გაკვეთილი. ეს გამოწვევა ჩემთვის საუკეთესო გზა აღმოჩნდა იმისთვის, რომ სოციალური ქსელი აქტიურად გამომეყენებინა, მაგრამ ჩემსავე პოსტებში სიყალბე არ მეგრძნო.

M: რა აღმოაჩინე ამ პროცესში ქართულ „ა“-ზე ისეთი, რასაც ერთჯერადი ნამუშევრის შექმნისას ალბათ ვერ შეამჩნევდი?

ქართულ ანბანს სრულიად განსაკუთრებული ხასიათი აქვს და ბევრად უფრო რთულად დასახატია, ვიდრე, თუნდაც, ლათინური. მასში ტექნიკურადაც და ვიზუალურადაც რთულია ისეთი რამის დამატება, რაც მის ბუნებრივ იერს არ დაარღვევს. ამიტომ, ყოველი დღე ახალი აღმოჩენაა: როგორ შევქმნა „ა“ კონკრეტულ სტილში ისე, რომ არსებული მახასიათებლები არ დავუკარგო და, პირიქით, ახალი შტრიხები შევძინო. ეს პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ მასწავლის წარმოსახვით ფორმებსა და თავად ასოს სტრუქტურას შორის საზღვრების წაშლას.

M: როგორ ახერხებ, რომ ერთსა და იმავე ფორმას ყოველდღე თავიდან მიუახლოვდე და მასში ახალი ხასიათი იპოვო?

ზოგადად, ნებისმიერი ფორმა შეიძლება მილიონობით სტილში დახატო, თუმცა, როდესაც მასთან ყოველდღიური შეხება გაქვს, ნელ-ნელა მის აბსტრაგირებას სწავლობ – ისე, რომ არც აღქმადობა შეაფერხო და არც ის გააკეთო, რაც უკვე ყველას ბევრჯერ უნახავს. წინ კიდევ დიდი გზაა. ვფიქრობ, ჩემს ზოგიერთ ნამუშევარში ჯერ კიდევ ჭარბობს ფიგურატიულობა, თუმცა ჩემი მიზანია, ვიპოვო აბსტრაქციის ის ზუსტი დოზა, რომელიც ასოს ფორმას კი არ დაუკარგავს, არამედ სრულიად ახალ, ინდივიდუალურ ხასიათს მისცემს.

M: რას გასწავლის ეს ყოველდღიური ექსპერიმენტი შემოქმედებით დისციპლინაზე?

სწორედ შემოქმედებითი დისციპლინის გაძლიერება იყო ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ვფიქრობ, ნელ-ნელა ამ შედეგამდე მივდივარ. ვსწავლობ, როგორ გამოვნახო თუნდაც მცირე დრო გადატვირთულ დღის რეჟიმში, როგორ ვიმუშაო მაშინ, როცა საერთოდ არ მაქვს განწყობა, როგორ შევარჩიო ტექნიკულად მარტივი ფორმა, როდესაც იმდენი საქმე მაქვს, რომ მხოლოდ 15 წუთი მრჩება. უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც ჩელენჯს “A IN A DAY” ვახორციელებ. ვყოფილვარ გადაღლილიც, რამეზე გაბრაზებულიც, ენერგიაგამოცლილიც, თუმცა პროცესი მხოლოდ ერთხელ დავაპაუზე.

M: სწორედ ამ პაუზაზე მინდოდა მეკითხა – როდის მოგიწია რეჟიმიდან გამოსვლა და როგორ იმოქმედა Cannes Lions-ის გამოცდილებამ შენს ვიზუალურ ენაზე?

ერთადერთხელ სწორედ მაშინ გავჩერდი, როცა კანის ფესტივალზე, Roger Hatchuel Student Academy-ის ფარგლებში, ძალიან საინტერესო აქტივობებში ვიყავი ჩართული. მივხვდი, რომ დილიდან საღამომდე ლექციებზე დასწრებითა და ახალი ადამიანების გაცნობით ბევრად მეტის მიღება შემეძლო, ვიდრე ამ გამოწვევას შეეძლო იმ მომენტში მოეცა. ზოგჯერ პრიორიტეტები იცვლება, თუმცა მთავარია, მცირე შესვენებას ნება არ მისცე, ყოველდღიური რიტმიდან სრულიად ამოგაგდოს. რეჟიმიდან ამოვარდნის შემდეგ უკან დაბრუნება ხომ ბევრად უფრო რთულია, ვიდრე რუტინაში დისციპლინის სტაბილურად შენარჩუნება.

რაც შეეხება გავლენას, ნებისმიერი დიდი მოვლენა გიცვლის სამყაროს აღქმას. კანიდან საკმაოდ დაღლილი, თუმცა უდიდესი შთაგონებით დავბრუნდი. დაჯილდოების ცერემონიებზე, წვეულებებსა თუ უბრალოდ ფესტივალების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავი საინტერესო ადამიანი გავიცანი. თითოეული მათგანი სრულიად უნიკალური იყო – თავისი გარეგნობით, ისტორიით, ჩაცმულობით თუ იმ ნამუშევრებით, რომლებსაც მიზიარებდნენ. რამდენიმე მათგანისგან ჩემს ასოებზე უკუკავშირიც კი მივიღე. ამდენი განსხვავებული ვიზუალური სტილისა თუ პიროვნების ნახვა სულ უფრო მეტ იდეას მიჩენს იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს შემდეგი „ა“ და ნათლად მაჩვენებს, რამდენად მრავალფეროვანია გარემო და მისი ვიზუალური ენა.

M: როგორ გინდა, რომ ამ სერიამ შენს შემოქმედებით გზაზე იქონიოს გავლენა და როგორ ხედავ ამ პროექტის განვითარებას?

სიმართლე რომ ვთქვა, სულ ორი სურვილი მაქვს. ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა ვარ და კრეატიულ ინდუსტრიაში ცნობადობის გაზრდას ვცდილობ – ის, რომ თქვენ შემამჩნიეთ, უკვე პირველი წინგადადგმული ნაბიჯია. მინდა, ჩემი ნამუშევრებით გამიცნონ, რაც კარიერულ განვითარებაში დამეხმარება და მომცემს საშუალებას, მივიღო პროფესიული უკუკავშირი, გავიგო, რას ვაკეთებ კარგად, რას – ცუდად, და ეს ინფორმაცია შემდგომი ზრდისთვის გამოვიყენო. მეორე სურვილი კი, როგორც აღვნიშნე, თვითმოტივაციისა და შემოქმედებითი დისციპლინის გაძლიერებაა.

პროექტის განვითარებაზე ჯერ კიდევ ფიქრის პროცესში ვარ. ვფიქრობ, როგორ შევკრა ის პორტფოლიოსთვის – შესაძლოა, საუკეთესო ვერსიები ამოვარჩიო და რამდენიმე სრული ანბანი შევქმნა, ან უბრალოდ მივყვე დინებას და პროექტი ერთწლიან, მუდმივად ცვალებად სერიად დავტოვო. დანამდვილებით ჯერ არაფერი ვიცი, თუმცა უმთავრესი ის არის, რომ თავად პროცესი მანიჭებს უდიდეს სიამოვნებას.

თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის

Google Photos ვიდეოების AI-რედაქტირების ახალ ფუნქციას უშვებს