23
Aug
2018

„აბა?“ – შემეცნებითი ბარათები და თამაში ბავშვის განვითარებისთვის

23 Aug 2018

Startauperi
Startauperi


აბა?“ შემეცნებითი ბარათების სტარტაპია, რომელიც ბავშვის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ამ მიმართულებით საქმიანობა ლიკა ქირიამ ცოტა ხნის წინ დაიწყო, როცა საკუთარ შვილს მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოუჩინა და გადაწყვიტა, სხვა ბავშვებისთვისაც მიეცა მსგავს პრობლემებთან გამკლავების, ან სულაც, თამაშ-თამაშ განვითარების შესაძლებლობა.

„აბას“ ბარათების ნაკრები ძალიან საინტერესო და სახალისოა ბავშვებისთვის. მარტივი ნახატები ეხმარება პატარებს იოლად აითვისონ მათი ასაკისათვის აუცილებელი ინფორმაცია. გარდა ამისა, ეს ხელს უწყობს ბავშვებს მეტყველების განვითარებაში, ლექსიკის გამდიდრებაში. „აბას“ ბარათები ავითარებს ინტელექტს, ფონემატიკურ სმენას, მეხსიერებასა და ყურადღებას“,- გვიყვება ლიკა ქირია.

ამ ეტაპზე, ხელმისაწვდომია „აბას“ ბარათების 6 სახეობა. უფრო კონკრეტულად, როგორ უნდა გამოვიყენოთ „აბას“ პროდუქცია ბავშვების გონებრივი განვითარებისთვის და მათთვის ახალი, საინტერესო გამოცდილებების შესაქმნელად – ამ საკითხებზე ლიკა ქირიასთან ინტერვიუს გზით მოგიყვებით:

M: როგორ დაიწყო „აბა“?
„აბა?“-ს შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ჩემს შვილს მეტყველების პრობლემა აღმოაჩნდა. თავდაპივრლად, უბრალოდ ფურცელზე ვუბეჭდავდით სხვდადასხვა ფოტოს და ისე ვეთამაშებოდით. შემდეგ, ამერიკიდან ვიწერდით, თუმცა ქართულ ენაზე ადაპტირება გვიწევდა, ამასთან, ბავშვი მაინც ხედავდა ინგლისურ წარწერებს, რაც რეკომენდებული არ იყო. შემდეგ კი ვიფიქრეთ, რომ დათას მსგავსად, სხვა ბავშვებსაც სჭირდებოდათ მსგავსი პროდუქცია და არამარტო იმათ, ვისაც მეტყველების პრობლემა აქვს, არამედ ყველა ბავშვს, რადგან ეს არა მარტო მეტყველებისათვის, არამედ პირველ რიგში, ინტელექტუალური განვითარებისთვისაა საჭირო. აი, ასე გადაწყდა „აბას“ შექმნა.

M: რა გზა გაიარა იდეამ საბოლოო პროდუქტამდე და სტარტაპამდე?
გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, იყო სახელწოდების მოფიქრების ეტაპი. გვინდოდა ყოფილიყო მარტივი დასამახსოვრებლად, წარმოსათქმელად და აღსაქმელად. ბევრი ვარიანტის შემდეგ, არჩევანი სწორედ „აბა?!“-ზე გავაკეთეთ. ლოგიკა კი ასეთია – ბარათებით თამაშისას ხშირად წარმოთქვამ ფრაზას: „ააბა?! დათა, რა ჰქვია სპილოს შვილს? ან ააბა?! დათა, რომელია ყველაზე მაღალი ცხოველი დედამიწაზე? ააბა, იპოვე მისი ჩრდილი და ა.შ.“ ანუ ინტერესით და ინტონაციით წარმოთქმული სახელი ჰქვია ჩვენს ბარათებს. „აბა?!“ – აი ასე.

M: როგორც ვიცით, ამ ეტაპისთვის გაქვთ 6 სახეობის ნაკრები. რა თემატიკების მიხედვით ერთიანდებიან ნაკრებები და რა ასაკის ბავშვებისთვისაა „აბა“ განკუთვნილი?
ამ ეტაპზე, „აბას“ ნაკრებებია: „ანტონიმები“, „იპოვე წყვილი“, „ცხოველები და მათი შილები“, „მათემატიკა“, „ვინ სად ცხოვრობს?“ და „იპოვე ჩრდილი“. ბარათები რეკომენდებულია სხვადასხვა ასიკის ბავშვებისათვის. უმცირესი ასაკი კი 2 წელია.

M: ფუნქციონირების განმავლობაში, როგორია „აბას“ პროდუქციით დაინტერესება?
მართალია, ჯერ მხოლოდ ახლა დავიწყეთ „წარმოება“, მაგრამ გამოხმაურებამ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა. დედიკოები ძალიან დაინტერესდნენ, ბავშვებს კი ძალიან მოსწონთ ბარათები. შესაბამისად, გეგმებიც გრანდიოზული გვაქვს.

M: სად არის ხელმისაწვდომი „აბას“ პროდუქცია და როგორი საფასო პოლიტიკა გაქვთ?
ამ ეტაპზე, წარმოდგენილები ვართ ბათუმში, პედიატრიულ კლინიკა NG-ში. თბილისში კი, ამჟამად, გვაქვს ფასიანი ადგილზე მიტანის სერვისი, რომლის ღირებულება 4.5 ლარს შეადგენს. პროდუქციის ფასს რაც შეეხება, 6 სახეობიდან, ერთ-ერთი ღირს 16 ლარი, დანარჩენები კი 13.

M: როგორია „აბას“ განვითარების ხედვა?
ძალიან მალე, ასორტიმენტი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ პატარა წვლილს ჩვენც შევიტანთ ჩვენი ჭკვიანი და ყოჩაღი ბავშების განვითარებაში.

განხილვა