12
Jan
2019

“თავშესაფრად ქცეული სანატორიუმი” – წყალტუბო CNN-ის ობიექტივში

12 Jan 2019

“ბავშვებს სათამაშო ადგილად აქვთ გადაქცეული ეს ტერიტორია” – ასე იწყებს სტატიას CNN-ის ჟურნალისტი, რომელიც თავის სიტყვებში საქართველოს ერთ-ერთი განთქმული კურორტის – წყალტუბოს სანატორიუმებს გულისხმობს.

CNN ფოტოგრაფ რაიან კუპერის გადაღებული კადრების ფონზე ყვება ისტორიას, რომელიც მსოფლიოსთვის არც თუ ისე, თუმცა, ქართველებისთვის საკმაოდ ცნობილი და მტკივნეულია. დღესდღეობით სწორედ ამ ისტორიის დაზარალებული გმირებით არის დასახლებული წყალტუბოს არქიტექტურული შედევრები – სანატორიუმები. ფოტოგრაფი 5 წლის განმავლობაში იკვლევდა მათ ისტორიას და ცდილობდა, ფოტოებზე ადამიანების იმპროვიზაციით გარდაქმნილი ისტორიული შენობები აღებეჭდა.

საბჭოთა ეპოქის განმავლობაში სსრკ-მ საქართველოს მასშტაბით 186 სანატორიუმი ააშენა, რომლებიც მაშინდელი “ამხანაგობისთვის” დასასვენებელი და გამაჯანსაღებელი ადგილი უნდა გამხდარიყო. იმ პერიოდისთვის ერთ-ერთი ასეთი, ყველაზე პოპულარული “რუსეთის რივიერა” იყო, რომელიც საქართველოს დასავლეთით, თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარეობდა.

წყალტუბო, მათ შორის, ერთ-ერთი საუკეთესო იყო. “ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის” თანახმად, წყალტუბო განთქმულია “უკვდავების წყლით”, რომელიც, როგორც ცნობილია, მეშვიდე საუკუნეში აღმოაჩინეს და გამოირჩევა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო უნიკალური თვისებებით. 

საბჭოთა კავშირის დაშლას მოყვა სანატორიუმების დიდების მსხვრევაც. ადგილები, რომლებიც ერთ დროს განსაკუთრებული სილამაზით დაიკვეხნიდა, დროთა განმავლობაში სარეველა ბალახების ბუდედ იქცა. თუმცა, რაც უნდა იყოს, ზემოხსენებული დიდების ნაკვალევი მის ინტერიერს დღესაც ამჩნევია.

სტატიის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ შენობები გარკვეულწილად განადგურდა, მასში სიცოცხლის წყარო მაინც დარჩა. საბჭოთა კავშირის ნგრევას მალევე მოყვა აფხაზეთის ომიც, რომელმაც უამრავი მსხვერპლისა და ლტოლვილის სახით უდიდესი ზარალი მოუტანა ქვეყანას. უსახლკაროდ დარჩენილი ადგილობრივები ენგურს აქეთ გამოჰყვნენ გზას და თავშესაფრისთვის სწორედ რომ წყალტუბოს სანატორიუმების კედლებს მიაშურეს. დღემდე ისინი ამ შენობებს სახლად მოიხსენიებენ. ლტოლვილებს ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე მოუხდათ ამ ადგილთან ადაპტირება. დროთა განმავლობაში დაიწყეს მეცხოველეობა და მიწათმოქმედება. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ისინი დრო და დრო შენობების შემადგენელ ძვირფას მეტალებს ყიდდნენ, ხოლო ხის იატაკს ცეცხლის დასანთებად იყენებდნენ.

თერმული წყლების ირგვლივ გაშენებული წყალტუბოს სპა კომპლექსი 19 ცალკეულ შენობას აერთიანებდა, რომელთა ოთახების რაოდენობა ხუთი ათასს აღწევდა. სანატორიუმები თანამედროვე, საბჭოთა კავშირის პროგრესული არქიტექტურული მოდელითაა ნაგები, რომელიც ცნობილია, როგორც კლასიკური სტალინური დიზაინი და იგი შერწყმულია ქართულ ეთნიკურ დეკორთან. წყალტუბოს სანატორიუმების დიზაინი ასევე შეიცავს გოთიკურ და რომაულ დეტალებსაც.

აღნიშნული ადგილები თავიდან აღმოჩენის პროცესშია. ინვესტორები მიწის უკან დაბრუნებასა და შენობების აღდგენას გეგმავენ, რომლებიც, მათი აზრით, მომავალში ტურისტებისთვის განკუთვნილი ერთ-ერთი მაღალი დონის სარელაქსაციო ადგილი იქნება.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, წყალტუბოს სანატორიუმები უკვე მზად არიან, არსებობის ახალ ხანაში გადაინაცვლონ და კვლავაც აღიდგინონ თავიანთი დიდება.

“ეს სურათები კიდევ ერთხელ ავლენს ჩვენთვის კარგად ნაცნობ ჭეშმარიტებას – რომ დრო ძალიან სწრაფად გადის.” – რაიან კუპერი

განხილვა