in

„ტიმეომ“ ბუნებაში გაფანტული გამოუსადეგარი რესურსი ღირებულ პროდუქტად გარდაქმნა და ევროკავშირში გაიტანა

თიბისის ბიზნეს დაჯილდოების ფინალისტია ნომინაციაში – „გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში“

Startauperi
Startauperi

მეშვიდე წელია, ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებისა და ცნობადობის გაზრდისთვის, თიბისი ბიზნეს დაჯილდოების ყოველწლიურ მასშტაბურ ღონისძიებას ატარებს. კონკურსში 7 წლის განმავლობაში 3000-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, წელს პროექტში მონაწილეობის სურვილი რეკორდული რაოდენობის, 412 -მა კომპანიამ გამოთქვა. სულ ცოტა ხნის წინ, ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის ფინალისტების ვინაობა გახდა ცნობილი. 5 ნომინაციაში სულ 15 ფინალისტი მოხვდა და სტატიების ამ სერიაში თითოეულ მათგანს უფრო ახლოს გაგაცნობთ.

შეგახსენებთ, რომ ფინალისტები შემდეგ ნომინაციებში ასპარეზობენ: საუკეთესო პროდუქტი, საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი, გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა, გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში, გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება.

ბიზნეს დაჯილდოების ნომინაციაში „გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში“ კომპანია „ტიმეო“ იბრძვის, რომელიც ლოკოკინებისა და სხვა რესურსების შეგროვებასა და სასარგებლო გამოყენებაზე მუშაობს. დეტალებზე მიდი დამფუძნებელი გიორგი ქადაგიძე გვესაუბრა.

M: რა გამოცდილებით დაიწყეთ „ტიმეო“ და როგორია თქვენი ბიზნესის მთავარი არსი?

მე პროფესიით კინო რეჟისორი და პროდუსერი ვარ. ის რეალობა, რომელშიც დღეს ვარ, სულ რაღაც, ორი წლის წინ, წარმოუდგენელი იყო ჩემთვის. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ პანდემიის პერიოდში ბიზნეს ადმინისტრირების სწავლა გადავწყვიტე, ოღონდ არა რაიმე უნივერსიტეტში, არამედ – ჩემით.

2020 წელსვე შევიტყვე ისეთი უცნაური პროდუქტის შესახებ, რომელიც არის ლოკოკინა. თავიდან გამეცინა, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ლოკოკინების ბიზნესი შეიძლებოდა არსებულიყო. ასეა თუ ისე იდეის მოსმენიდან რამდენიმე კვირაში ამ საქმის იმდენად ვიწამე, რომ ჩამოვაყალიბე გამართული ბიზნესგეგმა, რომელიც საჭიროებდა ჯამურად 1 მილიონი ლარის ინვესტიციას. დავიწყე ინვესტორების მოძიება. სულ რამდენიმე კვირაში 1 მილიონი ლარის მობილიზება შევძელი, ამ თანხის ნახევარი თიბისი ბანკის სესხი იყო, შევქმენით სამეგრელოში 5 ჰექტარიანი ლოკოკინების ფერმა.

აი, ასე დაიწყო ჩემი ბიზნეს თავგადასავალი. ჩამოყალიბდა ძალიან საინტერესო ჯგუფი. ძალიან გამიმართლა და ერთ-ერთი ინვესტორები, რომელმაც პროექტში მხარი ამიბეს აირნა გია ბაზღაძე და ზურა ნიკვაშვილი. ამ ორი ადამიანისგან ბიზნესზე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.

ლოკოკინების ფერმის აშენებიდან 7 თვის თავზე, გავაანალიზე, რომ თუ რეალური ბიზნესის კეთება მინდოდა, უფრო დიდ მაშტაბებზე უნდა მეფიქრა. დავინახე შესაძლებლობა და 2 თვის თავზე, შევქმენი ბიზნესგეგმა, მაგრამ წინასგან განსხვავებით, ეს ბიზნესი გაცილებით მეტ ინვესტიციას საჭიროებდა – დაახლოებით, 7 მილიონ ლარს. ჩემი უფროსი მეგობრებისა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით, ეს პროექტიც შედგა. სწორედ ეს არის ტიმეოს შექმნის მოკლე ისტორია, რომელიც მისი თუნდაც ერთი პარტნიორის არარსებობის შემთხვევაში, ვერ შეიქმნებოდა. ჩვენი ბიზნესის მთავარი საიდუმლო არაჩვეულებრივი გუნდია.

„ტიმეოს“ მთავარი არსი, ბუნებაში გაფანტული გამოუსადეგარი რესურსის, ღირებულ პროდუქტად გარდაქმნა და მისი ევროკავშირში ექსპორტი იყო, ეს მისია შესრულებულია.

M: რითაა „ტიმეო“ მნიშვნელოვანი რეგიონის განვითარებისთვის?

ჩვენი კომპანია პირდაპირ ასაქმებს 200-მდე თანამშრომელს. სეზონურად, ლოკოკინების შეგროვების კამპანიაში ჩართულია 5000-ამდე ადამიანი, ქმნის მცირე ბიზნესებს, რომელიც ჩვენს დიდ ბიზნესზეა მიბმული, აცნობს ქვეყანას მსოფლიოს უმსხვილეს ბრენდებს და მაღალი დონის რეპუტაციას უქმნის არამარტო რეგიონს არამედ ქვეყანას. ჩვენი პროექტი უნიკალურია კავკასიის რეგიონის მასშტაბით და მისი ანალოგი არ არსებობს.

M: რატომ გადაწყვიტეთ ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის მიღება? გამარჯვების შემთხვევაში, როგორ ხედავთ – რა შეიცვლება „ტიმეოს“ განვითარებაში?

ბიზნეს დაჯილდოებაში მონაწილეობის მიღება ჩემმა უფროსმა მეგობარმა და პარტნიორმა გია ბაზღაძემ მირჩია. რამდენადაც დარწმუნებულები არ უნდა ვიყოთ საკუთარ ბიზნესსა თუ შესაძლებლობებში, როდესაც წარმატებული ადამიანები და კომპანიები აფასებენ შენს მიღწევებს ალბათ საუკეთესო სახის მოტივაციაა, იბრძოლო უფრო მეტისთვის.

პირადად ჩემთვის და ჩვენი კომპანიისთვის, ნომინაციაში მოხვედრა ასეთ საპატივცემულო ბრენდებთან ერთად, უკვე დიდი გამარჯვებაა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას.

M: როგორ გეგმავთ სამომავლო განვითარებას, ექსპორტის თვალსაზრისით?

„ტიმეო“ მომავალშიც გააგრძელებს საფრანგეთის ბაზარზე ინტენსიურ მუშაობას და ლოკოკინების ხორცისა და ნიჟარების ექსპორტს. მომავალ წელს, იგეგმება ჩვენი წარმადობის გასამმაგება, სხვა ქვეყნის ბაზრების ათვისება და კიდევ სხვა მრავალი საინტერესო სიახლე, რომელზეც იმედი მაქვს, მალე გიამბობთ.

 

პროექტის პარტნიორები არიან VISA (მთავარი სპონსორი) და „აწარმოე საქართველოში“.

წელს ბიზნეს დაჯილდოების მონაწილეებს 2 სპეციალური ჯილდოს მოგების შესაძლებლობა ექნებათ – გენდერული თანასწორობისთვის და მწვანე ინიციატივებისთვის. UN Women-მა დააწესა სპეციალური ჯილდო, გენდერული თანასწორობისთვის, ხოლო GCPF-მა (Global climate partnership fund) – მწვანე ინიციატივებისთვის.

გამარჯვებულები დეკემბერში გამოვლინდებიან.

როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქარი

პომიდორი პირდაპირ კოსმოსიდან — NASA-ს გეგმა