8
Apr
2019

ABK-ს ბრენდინგი “არწივების” მსოფლიო ოლიმპიადაზე მხარდასაჭერად!

8 Apr 2019

ქართველ პარაკალათბურთელთა ნაკრები “არწივები” 2020 წელს მსოფლიო ოლიმპიადისთვის ემზადება. 2019 წლის თებერვალში გუნდმა ოქროს მედალი მოიპოვა ამერიკაში გამართულ საზღვაო კორპუსის ტურნირზე. ქართველ პარაკალათბურთელთა შემართება საკომუნიკაციო სააგენტო ABK-სთვის შთაგონებად იქცა და მათი მხარდაჭერა გადააწყვეტინა. ბრენდინგზე გრაფიკოსმა დიზაინერმა ირაკლი დოლიძემ იმუშავა.

ანასტასია ახვლედიანი, ABK-ს თანადამფუძნებელი: ”გიორგი ახმეტელი როდესაც გავიცანი, მაშინ გავიგე ამ გუნდისა და სპორტის არსებობა პირველად. მოყოლით ვიცოდი, სირთულეების მიუხედავად, გუნდი ძალიან დიდი შრომასა და თავდადებას დებდა საქმეში. დავინტერესდით ამ თემით და გიორგისთან ერთად, დავგეგმეთ კლუბ “არწივებისა” და პარაკალათბურთის ფედერაციის ბრენდინგი. იმედი გვაქვს, რომ ეს ბრენდინგი “არწივებს” დიდი გამარჯვებისკენ გაუძღვება და 2020-ში ჩვენი გუნდი პარაოლიმპიადაზე მოხვდება იაპონიაში.”

გიორგი ახმეტელი, პარაკალათბურთის ფედერაციის დამფუძნებელი: “სპორტს ენთუზიაზმზე მეტად არაფერი უხდება და ზუსტად ეს ენთუზიაზმი გახდა მიზეზი იმისა, რომ საქართველოში, 2011 წელს, რამდენიმე ბიჭმა პარაკალათბურთის თამაში დაიწყო და დააარსა გუნდი “არწივები”.
მიუხედავად ამ რვა წლის მანძილზე არსებული მრავალი გამოწვევისა, მთავარი მიზნის მიღწევის სურვილმა მოგვცა ძალა სპორტსმენების ვარჯიშები ინტენსიურ რეჟიმში გვეწარმოებინა.
მონდომებამ თავისი ქნა და 2019 წელს, ოფიციალურად დავაარსეთ “საქართველოს პარაკალათბურთის ფედერაცია”.
ბევრი წლის წინ NBA-ს თერთმეტგზის ჩემპიონმა ბილ რასელმა თქვა: “კონცენტრაცია და მენტალური სიძლიერე დიდი გამარჯვებების გარანტია”. ჩვენს გუნდს არც ერთი აკლია და არც მეორე. დღეს კი ჩვენი მთავარი მიზანია წარმატებით გავიაროთ 2020 წლის პარაოლიმპიადის შესარჩევი ეტაპი და გავემგზავროთ ტოკიოში.”

განხილვა