31
Dec
2018

როგორი იყო ჩვენთვის 2018 წელი? – სააგენტო ABK-ს #აზრები

31 Dec 2018

M2
M2


2018 წელი ბევრი სირთულით, გამოწვევითა და საინტერესო მოვლენებით იყო სავსე. წლის დასაწყისში, გუნდის ახალი წევრებით შევსება დავიწყეთ. ყველა ადამიანი დიდი ყურადღებით შევარჩიეთ და მინდა ვთქვა, რომ სააგენტო რამდენიმე ძალიან კარგი პროფესიონალით გაძლიერდა.

წლევანდელი სიახლე იყო ის, რომ ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ABK-ს ვებდეველოპმენტის დეპარტამენტი დაემატა. ვერც წარმოვიდგენდით ასეთ მოკლე დროში ვებდეველოპმენტის მიმართულებით ამდენ პროექტზე მოგვიწევდა მუშაობა. ჩვენი ვებპროდუქტები ქართულ ბაზარზე ძალიან მალე გამოჩნდება.

გასულ წელს სასიამოვნო სიურპრიზების გარეშეც არ ჩაუვლია. კიევის სარეკლამო ფესტივალზე სხვადასხვა კატეგორიაში რამდენიმე ჯილდო, ხოლო Adblacksea-ზე წლის დიზაინ სტატუსი უკვე ზედიზედ მეორედ მოვიპოვეთ.

2018 წინა წლებისგან ბრენდინგის შეკვეთების სიმრავლით განსხვავდებოდა. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ბევრი ქართული კომპანია უკვე ხვდება იმას, რომ ძლიერი ბრენდი ბიზნესის წარმოებისთვის აუცილებელია.

კიდევ ერთხელ ვიმუშავეთ კაპაროლის ფეისბუქ კამპანიაზე. კაპაროლი ABK-ს ერთ-ერთი ყველაზე ძველი კლიენტია, რომელთანაც რამდენიმეწლიანი თანამშრომლობის შედეგად, ბევრი საინტერესო პროდუქტი გვაქვს შექმნილი. კაპაროლისთვის დამზადებულ ვიდეორგოლებს სხვადასხვა წლებში საერთაშორისო კონკურსებზე არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული. თერმოიზოლაციის საქართველოში დამზადებული რეკლამა კი დღემდე ტრიალებს გერმანიის ტელეეკრანებზე.

წლის განმავლობაში არაერთხელ ვითანამშრომლეთ სილქნეტთან. გამოწვევებით სავსე იყო სათხილამურო რგოლის შექმნა. 3000 მეტრის სიმაღლეზე მუშაობა გადამღები ჯგუფისთვის ჟანგბადის ნაკლებობის გამო ძალიან გართულდა. ამას ემატებოდა ამინდის გაუარესება გადაღების დღეებში. თუმცა გამოცდილებამ თავისი გაიტანა და მაინც შევძელით ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური რგოლის დროზე დასრულება.

საბოლოო ჯამში 2018 წლის კმაყოფილები ვართ. ბევრი საინტერესო გამოცდილება მივიღეთ. სააგენტო გაიზარდა რიცხვობრივადაც. 2019 წელს ენერგიულად, უკვე დაწყებული დიდი პროექტებით და ენთუზიაზმით ვხვდებით!

განხილვა