სააგენტო ABK-მ ექსტრემალური პროდაქშენის მიმართულება დაამატა. ამიერიდან, მიუვალი ადგილებიდან ხარისხიანი ვიდეოკონტენტის შექმნაზე ABKmta იმუშავებს. გადაღების პროცესში პროფესიონალი მთამსვლელი ოპერატორები და პროფესიონალი სამთო გამყოლები იქნებიან ჩართულები, სამუშაო პროცესს კი, შემოქმედებითი ჯგუფი დისტანციურ რეჟიმში წარმართავს.
M: როგორ შეიქმნა ABKmta?
“ერთ-ერთ პროექტზე დაგვჭირდა მთაში გადაღება, სადაც დიდ სირთულეებს წავაწყდით. საკმაოდ რთული აღმოჩნდა საჭირო ადამიანების მოძებნა და შემდეგ გადაღების დაორგანიზება. რადიკალურად განსხვავებულია ექსტრემალურ პირობებში მიუვალ ადგილებში მუშაობა. ამ გადაღების შემდეგ გადავწყვიტეთ ABKmta შეგვექმნა. ფროდაქშენი, რომელიც სპეციალიზირებულია ექსტრემალურ და მიუვალ ლოკაციებზე უმაღლესი ხარისხის ვიდეო პროდუქტის შექმნაზე.
ამ ყველაფრის გაკეთება რეალური GMGA-ის (საქართველს სამთო გამყოლების ასოციაცია) და Guide office-ის დახმარებით გახდა. ძალიან დიდი და მნიშვნელოვნი გეგმები გვაქვს, იმედი მაქვს საქართველოსთვის და ჩვენი სფეროსთვის ბევრ ახალ და კარგს საქმეს გავაკეთებთ ერთად,” – გვიამბო ABK-ს დირექტორმა, ანასტასია ახვლედიანმა.
M: რამდენად მოთხოვნადია ფროდაქშენის ასეთი მიმართულება?
ნიკა ლებანიძე მთამსვლელი ოპერატორი: მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიკრას პროფესიონალთა გუნდი ABKmta-ის ქვეშ გამოიწვია იმან, რომ მთელ მსოფლიოში ძალიან დიდი მოთხოვნაა ექსტრემალურ გადაღებებზე და ჩვენთანაც ნელ–ნელა მოთხოვნადი ხდება ეს მომსახურება.
ექსტრემალური გადაღებების დროს, გვიწევს წყლის ქვეშ, მიწის ქვეშ, ჰაერში, მწერვალზე, ცეცხლში და კიდევ ბევრ სახიფათო ადგილას ყოფნა. ჩვენ ოთხივე სტიქიას მიწას, ჰაერს, ცეცხლსა და წყალს ვეხებით.
ABKmta-ში ისეთი გუნდი შეიკრიბა, რომელსაც უყვარს თავისი საქმე და აქვს დიდი გამოცდილება ვიდეოპროდაქშენსა და მთაში უსაფრთხოდ სიარულში.
M: რატომაა მნიშვნელოვანი გადაღების პროცესში საქართველოს სამთო გამყოლების ასოციაციის GMGA ჩართულობა?
“მარტივად რომ გაიგოთ ჩვენი როლი ამ პროექტში, უბრალოდ უნდა მოგიყვეთ, ვინ არის სამთო გამყოლი და რა ფუნქცია აქვს მას.
სამთო გამყოლი არის ადამიანი, რომელსაც სამთო სპორტებში აქვს ყველაზე მაღალი კომპეტენცია. მან უნდა იცოდეს, ცოცვა, სრიალი და ყველა ის ელემენტი, რაც მთასთან და ყინულთან არის კავშირში. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ სამთო გამყოლი ყველაზე მაგარი სპორტსმენია, ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანი კომპეტენტურია იმ ყველა ელემენტში, რაც ზემოთ ვახსენეთ.
გამყოლმა კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებიბი უნდა მიიღოს და იმოქმედოს ისე, რომ ყველა და ყველაფერი უსაფრთხოდ იყოს. სწორედ, ამ კუთხით არის საჭირო ჩვენი ჩართულობა ამ სახის ვიდეო პროდაქშენში,” – ამბობს არჩილ ცინცაძე, GMGA საქართველოს სამთო გამყოლების ასოციაციის ტექნიკური დირექტორი.
ილია ბერულავა Guide office-ის საერთაშორისო სერთიფიცირებული სამთო გამყოლი:
“გიდების ოფისი“ გადაღებებისთვის საჭირო პროფესიონალ სამთო გამყოლებს უზრუნველყოფს. ჩართულები ვიქნებით საველე გადაღებების დაგეგმარებასა და საერთაშორისო სტანდარტებით უსაფრთხო შესრულებაში.”
ავტორი: თამარ მეფარიშვილი