in

“ბავშვობაში, ფულს ვაგროვებდი, ცხენი რომ მეყიდა და დიდუბეში, ჩემი აივნის წინ დამება” – ამბავი ანანო ქორქიაზე

“ჩემი ბავშვობა 90-იანების ისეთ პერიოდს დაემთხვა, როცა ყველგან, ჩვენ ირგვლივ, დიდი სირთულის გადატანა უხდებოდათ ადამიანებს. ამის მიუხედავად, ოჯახმა ისე მოახერხა, რომ ბავშვობის რთული ამბები საერთოდ არ მახსენდება. ახლა რომ ვუფიქრდები – დამდნარი სანთლებისგან ახალ სანთლებს ვაკეთებდით, ვხვდები, ძალიან ცუდად იყო საქმე, მაგრამ მაშინ ამით ძალიან ვერთობოდით.”

ანანოსთან საუბრის დაწყებამდე ბევრი ვიფიქრე – როგორი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც დღეს პაშა ბანკის PR-ისა და მარკეტინგის ხელმძღვანელად ვიცნობთ? იქნებ, მიზანდასახული კარიერისტი? მისი კარიერა ხომ საკმაოდ თანმიმდევრულად განვითარდა – მარკეტინგისა და სარეკლამო ინდუსტრიაში საქმიანობა პატარა სარეკლამო სააგენტოებით დაიწყო, შემდეგ კი, სხვადასხვა დროს, “სილქნეტისა” და ბანკ “რესპუბლიკას” მარკეტინგში იყო… თუმცა, რამდენიმე საათის განმავლობაში, მესაუბრებოდა ფერადი გოგონა, ფილმიდან “მარტორქის მაღაზია”, რომელსაც არასოდეს მოუხსნია ვარდისფერი სათვალე, ოცნებობდა, ჰყოლოდა ცხენი – წარმოიდგენდა, როგორ დააბამდა მას შუაგულ თბილისში, დიდუბის სახლის აივნის წინ და ამ აზრით კმაყოფილი, ცხენის საყიდელ ფულსაც აგროვებდა… დღეს, ანანო ქორქიაზე გიამბობთ – როგორც თვითონ ამბობს, ერთ ჩვეულებრივ მეგობრულ გოგონაზე, რომელსაც უყვარს სასარგებლო და სასიამოვნო რაღაცების კეთება, უყვარს მეგობრები, სამსახური, ცხოველები და ბუნება.

ამბები ბავშვობიდან

ბავშვობიდან დიდი სიყვარული და სითბო ახსოვს. მანამდე, მამასა და ბაბუას გოგო შვილი/შვილიშვილი არ ჰყოლიათ, ამიტომ ანანოსადმი მათი ყურადღება და მზრუნველობა განსაკუთრებული იყო.

“ძალიან მერიდებოდა ხოლმე, მშობლებისთვის მეთქვა, რამის ყიდვა თუ მსურდა. ძალიან მინდოდა ფერადი ცისარტყელა, ჩვენს ბავშვობაში ყველას რომ ჰქონდა. ერთხელ, რაღაც კონცერტზე წამიყვანა მამამ, სადაც თითქმის ყველა ბავშვი ამ ცისარტყელით თამაშობდა. მამამ მკითხა, შენც გინდა ასეთიო? ვუთხარი, არა, არ მომწონს მეთქი. მეორე დღესვე მომიტანა ეს სათამაშო და თვითონ ჩემზე ბედნიერი იყო ამით.

“საირმეში მივდიოდით ხოლმე მე და ბებია, ერთი თვით. მახსოვს, ყველა სპეციალურ კვებაზე იყო – მთელი შინაარსი ამ თერმული წყლების პრინციპიც ხომ ესაა – ჯანსაღად უნდა იკვებო. ბებიაჩემი შეთანხმებული იყო და ყოველ დილას ამოჰქონდათ ხოლმე, მაგალითად, კეცზე შემწვარი წიწილა, მწვადი და ჩემი საირმეში ყოფნა, უბრალოდ, ჰაერზე დასვენება იყო. თან ამ თერმულ წყლებს ხომ მიღების თავისი წესი აქვს. დილას, ჭამამდე ერთი საათით ადრე უნდა დაგელია. ერთ საათს მოცდა კიდევ, ძალიან არაკომფორტული იყო ბევრისთვის. რომ არ შევწუხებულიყავი, ბებია, დილაადრიანად ჩავიდოდა ხოლმე, წყალს ამოიტანდა და ნახევრადმძინარეს მასმევდა. როგორ ზრუნავდა და ცდილობდა, არ გავწვალებულიყავი… ასეთები იყვნენ ჩემი ოჯახის წევრები და ალბათ, მათგან მაქვს გამოყოლილი, რომ მაბედნიერებს, თუკი სხვას გავახარებ რაღაცით. დღემდე, ამით ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ.”

სიყვარულის მასწავლებელი

“166-ე სკოლაში ვსწავლობდი, დიდუბის პანთეონის გვერდით. ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ქართულის მასწავლებელი, რომელიც ჩაგვიყვანდა ხოლმე პანთეონში, ლექსსაც გავდიოდით, მიგვიყვანდა იმ პოეტის საფლავთან და იქ ვყვებოდით ხოლმე გაკვეთილს. ქართულზე არანაკლებ, სიყვარულის მასწავლებელი იყო.”

გარშემომყოფების სიყვარულმა და თბილმა დამოკიდებულებამ თავადაც მზრუნველობა და მადლიერება ასწავლა:

ზოგჯერ, ადამიანი ვერ იაზრებს, რომ ის მომენტი, რომელშიც ახლა ცხოვრობს, მართლა ძალიან კარგია. მუდმივად რაღაცის მიღწევაში, არ უნდა გამოგვეპაროს ის ძვირფასი მომენტები, რასაც ამ წუთას შეიძლება ვერ ვამჩნევთ, მაგრამ გავა დრო და ძალიან მოგვენატრება. იმდენად მარტივი რაღაცებისგან და წრფელი ურთიერთობებისგან ვისწავლე სიამოვნების მიღება, რომ ჩემთვის ძალიან რთული არ არის, რომ ვიყო ბედნიერი. ძალიან ცოტა რამეც მახარებს. ალბათ, ეს ისეთი რამეა, რომ უნდა გაჩვენონ, გასწავლონ და ასე ვთქვათ, შეგაიარაღონ, იყო ბედნიერი იმით, რაც გაქვს ახლა და ამ განცდისთვის რაიმეს მიღწევა არ იყოს აუცილებელი პირობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი თავის დანახვისთვის.”

“რა გინდა გამოხვიდე?”

ამ კითხვას, ალბათ, ყველა ბავშვს უსვამენ. ანანოს ზოოპარკის დირექტორობა უნდოდა.

“წარმომედგინა, რომ ჩემს ზოოპარკში ბევრი ცხოველი იქნებოდა და ბედნიერად იგრძნობდნენ თავს. დღეს, ეს პასუხი სულაც არ მომწონს, რადგან ძალიან მინდა, ცხოველები თავისუფლები იყვნენ.”

პროფესიული არჩევანი დიპლომატიაზე შეაჩერა. აკადემია ერთი წლით ადრე დაასრულა და რაკი კვლევები, ადამიანების ქცევის შესწავლა და ანალიზი მოსწონდა, სწავლა მაგისტრატურაზე სტამბოლში, სოციალური მიმართულებით განაგრძო.

სწავლის პარალელურად, მუშაობდა. სხვადასხვა ბიზნეს გამოფენაზე იყო თარჯიმნად, აკვირდებოდა მოლაპარაკებების წარმოების პროცესებს. აუთლეტებისთვის სხვადასხვა ქვეყნის ქარხნებში ეძებდა პროდუქტებს:

ერთხელ, Marks&Spencer-ისთვის ასეთი ძიებისას, წავაწყდი პროდუქტს, რომელსაც ეწერა Made In Georgia. ისეთი გახარებული ვიყავი, თუმცა, თანამშრომლები ვერ ხვდებოდნენ, რატომ იყო ეს სასიხარულო, მათთან ხომ ყველაფერს ისედაც Made In Turkey ეწერა.”

სოციოლოგიიდან – მარკეტინგში საქართველოში დაბრუნების შემდეგ აღმოჩნდა. ზაფხული იყო და ჯერ დასვენებას გეგმავდა, სამუშაოს ძიებას კი, სექტემბრიდან აპირებდა, სარეკლამო კომპანია “სტრომბოლის” ვაკანსიას რომ წააწყდა. კომპანია უცხო ენების, განსაკუთრებით კი, თურქული ენის მცოდნე ორგანიზებულ ექაუნთ მენეჯერს ეძებდა. გასაუბრებამ გეგმები შეაცვლევინა და სრულიად მოულოდნელად, მისთვის ახალ და საინტერესო, საკომუნიკაციო სფეროში ამოყო თავი.

“ზოგადად, ძალიან მიმართლებს ხოლმე უფროსებში. ზაქარია გამოირჩეოდა სურვილით, რაც შეიძლება მეტი ესწავლებინა ჩემთვის. გადმომიღებდა ხოლმე Red Bull-ის ბრენდბუქს. ეს ბრენდბუქი კიდევ, ძალიან დიდია. იქამდე ვერც წარმოვიდგენდი, რომ ასეთი დეტალური გაიდლაინები შეიძლება არსებობდეს და ბრენდები ამის მიხედვით მუშაობდნენ.”

“სტრომბოლიდან” “სილქნეტის” გუნდში მიიწვიეს, მარკეტინგის სპეციალისტად:

” ეს ის დროა, როდესაც Silk TV ახალი შემოსული იყო და მომხმარებლისთვის ძალიან რთული დასაჯერებელი იყო, რომ ტელევიზიის გადახვევა შესაძლებელია. აქტიურად ვატარებდით კვლევებს, ვიღებდით ინსაითებს – ძალიან კარგი გუნდი ვიყავით, დღემდე ვმეგობრობთ. გვქონდა სილქფესტივალი, რომელიც ბათუმში გავაკეთეთ და ძალიან ბედნიერები ვიყავით. ბევრი ვიწვალეთ, მაგრამ ძალიან კარგი გამოცდილება იყო, რომელმაც კიდევ უფრო ჩამითრია მარკეტინგის სფეროში. მივყვებოდი ხოლმე პრომო გოგოებს და მათთან ერთად, ვარიგებდი ფლაერებს, რომ მათაც კარგად ეგრძნოთ თავი და არ ჰქონოდათ განცდა, ვიღაც დამკვეთი მოვიდა, დაგვხედოს, როგორ ვმუშაობთო. როცა მიდიხარ ადგილზე და უყურებ, როგორ მიდის სამუშაო პროცესი, როგორ ავსებს ადამიანი განაცხადს ადგილზე, რა პრობლემები აწუხებს, უფრო რეალისტურად ხედავ მოცემულობას.”

სილქნეტიდან – ბანკ “რესპუბლიკას” მარკეტინგის გუნდს შეუერთდა, იქიდან კი – “პაშა ბანკში” გადაინაცვლა.

“მარტივი არაა ახალ სამსახურში გადასვლა, როდესაც არსებულით კმაყოფილი და კომპანიის მიმართაც ლოიალური ხარ. “პაშა ბანკში” გადასვლამდე, “რესპუბლიკაში” ახალი დაწინაურებული ვიყავი, ძალიან მომწონდა ყველაფერი და კომფორტულადაც ვგრძნობდი თავს. ერთხელად, ყოფილი თანამშრომელი, გოგა ჯაფარიძე შემხვდა, რომელიც პაშა ბანკში კომერციულ დირექტორად მუშაობდა. მითხრა, სწორედ ახლა, მარკეტინგის მენეჯერს ვეძებთო. შემომთავაზა შეხვედრა, დავილაპარაკეთ, გავიარე გასაუბრებები და გადმოვედი აქ.”

M: შენი გამოცდილებით, რა განსხვავებაა ქართულ და საერთაშორისო კომპანიაში მუშაობას შორის?

ერთი მხრივ, “სილქნეტში” უფრო მეტი თავისუფლება გვქონდა, მაშინ, როცა “სოსიეტე ჟენერალის” შემთხვევაში, დიდი ბრენდბუქის გაიდლაინს მივყვებოდით. ზოგადად, დიდი კომპანიები უფრო მეტად აქცევენ ხოლმე ყურადღებას კორპორატიული კულტურის გატარებას, რომ ეს იდენტობა ყველასთან იგრძნობოდეს. წარმოიდგინე, მუშაობ კომპანიაში, რომელსაც 150 წლის გამოცდილება აქვს და ბევრ ქვეყანაში ჰყავს წარმომადგენლობა… ერთხელ, პარიზში  შეგვკრიბეს ძალიან ბევრი ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან და განსხვავებულობის მიუხედავად, ყველას ერთი კორპორატიული სულისკვეთება გვაერთიანებდა, სწორედ იქ ვიგრძენი კორპორატიული კულტურის ძალა.

ასეა “პაშა ჰოლდინგიც”, რომელიც ძალიან ცდილობს დასავლური ღირებულებები დანერგოს, საუკეთესო გამოცდილება მოიზიდოს და კარგი კორპორატიული კულტურა ჰქონდეს. პანდემიის დროსაც, კომპანიის პირველი საზრუნავი იყო თანამშრომლების კომფორტი. როცა კომპანიას ასეთი პოლიტიკა აქვს, ეს რაღაცნაირად გადამდებია თანამშრომლებზეც.

M: ალბათ, ბევრისთვისაა ნაცნობი გრძნობა, როცა არსებული სამსახურის მიმართ ლოიალური ხარ, გიძნელდება სხვაგან გადასვლა. შენ შემთხვევაში როგორ იყო?

ზოგადად, ძალიან ლოიალური თანამშრომელი ვარ. როცა ერთგან ვმუშაობ, მიჭირს  რაღაც ახლის ძიება, ღალატივით მგონია ხოლმე. ამიტომ, ახალი სამსახური ყოველთვის თავისით მპოულობდა. “პაშა ბანკში” გადასვლა, ბუდიდან რომ ბარტყს გაუშვებ, ასეთი ნაბიჯი იყო, კომფორტის ზონიდან გამოსვლა. მინდოდა, დამოუკიდებლად დამეწყო საქმიანობა. მოვხვდი ისეთ გარემოში, სადაც განვითარების ახალი შესაძლებლობა მომეცა. მაგალითად, აქ გვაქვს სპეციალური ბიუჯეტი, რომელიც შესაძლებლობას გაძლევს სხვადასხვა ტრენინგი გაიარო, დაესწრო ფესტივალს, მაგალითად, კანის ლომებს. შეიძლება, სხვა კომპანიამ გითხრას, რა დროს კანის ლომია, აი, ფინანსების ან ექსელის კურსი გაიარე, მაგრამ აქ ასე არ გიდგებიან. რაიმე თუ გაინტერესებს, ხელს გიწყობენ მოხვდე ისეთ გარემოში, რასაც საკუთარი ბიუჯეტით შეიძლება ვერ გაწვდომოდი. იციან, რომ ასეთ აქტივობებში მონაწილეობით, კიდევ უფრო მეტად გიყვარდება ეს სფერო, აკვირდები პროფესიონალებს და გინდება, შენც აკეთო რაღაც ხარისხიანი.

M: საკუთარი გამოცდილების საფუძველზე, როგორ შეაფასებ, რამდენად არის შესაძლებელი, ადამიანმა წარმატებას მიაღწიოს მისთვის სრულიად ახალ სფეროში, რომელშიც აკადემიური განათლება არ მიუღია?

მგონია, რომ სფეროს შეცვლა და ახალი პროფესიის დაუფლება ჩვეულებრივად არის შესაძლებელი, პრაქტიკაში სწავლით. შეიძლება, ყველა სფეროზე ვერ განვაზოგადოთ, მაგრამ თუ არის სფერო, რომელიც მოგწონს, გაინტერესებს და მზად ხარ დაუღალავად იმუშაო, ვფიქრობ, შესაძლებელია. დღეს, მარკეტერების მნიშვნელოვანი ნაწილი პრაქტიკის შედეგად ჩამოყალიბდა, ზოგი მომიჯნავე სფეროდან, ზოგიც სრულიად სხვა პროფესიიდან გადმოერთო მარკეტინგზე. ჩემს გუნდშიც მყავს ისეთები, რომლებიც მარკეტინგის სფეროში სხვა სპეციალობიდან გადმოინაცვლეს.

თავიდან, როცა მკითხავდნენ პროფესიის შესახებ, ან ანკეტებში თუ ვუთითებდი საერთაშორისო ურთიერთობებს, უხერხულობას მიქმნიდა, რადგან ამ მიმართულებით რამდენი წელია არაფერი მიკეთებია. საკმაოდ ცოტა ხანია, რაც მოვიკრიბე გამბედაობა, ვთქვა ხოლმე, რომ მარკეტერი ვარ.

M: რას ნიშნავს შენთვის, იყო მარკეტერი?

თუ ხარ მარკეტერი, არ გაქვს ფუფუნება რაღაცები მოიტყუო. მგონია, რომ მარკეტერის გამოწვევაა, იპოვოს მართალი გზა, რადგან ტყუილებს მომხმარებელი არ გაპატიებს. მნიშვნელოვანია, განსაზღვრო შენი სეგმენტის ღირებულებები და მათზე ააგო შენი აქტივობები. დაინახო შენს სამიზნე აუდიტორიაში ის ღირებულება, რომელსაც შენს ბრენდს მოუხდენ.

ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც ბორჯომის ტყის აღდგენაში მივიღეთ მონაწილეობა, თან საკმაოდ მსუყედ. ახლა გავაკეთეთ პროექტი მიუსაფარი ძაღლებისთვის, Dog Organisation Georgia-სთან ერთად, რომელიც ამ ძლივსგადარჩენილ, ზოგჯერ, ნაგვის ურნიდან ამოყვანილ და უყურადღებოდ დარჩენილ ძაღლებს აშვილებენ ბელგიაში, შვეიცარიაში, ამერიკაში და სხვაგან.

M: ცოტათი ხომ მაინც მიუახლოვდი ზოოპარკის დირექტორობას…

კი, სულ ცოტათი. ძალიან მომწონს, რომ სამსახური მაძლევს ამის საშუალებას. ჩემი ქმარი ძალიან ბედნიერია, როცა რომელიმე ასეთი პროექტი დამიმტკიცდება, მგონი, მას უფრო უხარია ხოლმე. თითოეული ასეთი აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია.

M: ზრდასრულ ასაკში როგორ გაგრძელდა შენი და ცხენების სიყვარული?

დაახლოებით, 5 წლის წინ დავკავდი ცხენოსნობით. მეგობრები დავდიოდით ერთად. ძალიან სასიამოვნო სპორტია. სერიოზული მოჯირითე არ ვყოფილვარ, უბრალოდ, ლაშქრობებში მივდიოდით ხოლმე – ავიდოდით დიდგორზე, მერე უკან. ცხენით ისეთ ადგილებში ვიყავით, სადაც არც მანქანა დადის და ფეხითაც ძნელია სიარული.

M: სხვა სფეროში თუ წარმოგიდგენია თავი?

ალბათ, კი. ჩვენ ხომ სულ ვიცვლებით და ვვითარდებით. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არსებული არ მოგვწონს. ზოგჯერ, რაღაც მიმართულება შეიძლება დაემატოს შენი ინტერესების სფეროს. ჩემთან ძალიან ახლოსაა გარემოს დაცვის თემატიკა. ეს ისეთი სფეროა, რომლისკენაც სიამოვნებით მივმართავდი ჩემს ენერგიას.

M: განხორციელებულებიდან, რომელია შენი ყველაზე საყვარელი პროექტი?

პროექტების სერიაა, რომელიც უკვე ტრადიციად დავამკვიდრეთ რამდენიმე წელია – რომელი წელიც დგება, კომპანიის დაფინანსებით, იმ რაოდენობის ხეს ვრგავთ ხოლმე და ამ დრომდე, 10000-ზე მეტი ხე გვაქვს უკვე დარგული, მათ შორის, წითელ წიგნში შეტანილი ჯიშები. ძალიან მეამაყება, რომ ჩემი წვლილიც არის ამ საქმეში. ჩემთვის ძალიან დიდი მოტივატორია, რომ სამსახურის CSR-ის ჭრილში ისეთი პროექტების ინიცირება შემიძლია, რასაც მარტო, დამოუკიდებლად, ალბათ, ვერ გავუმკლავდებოდი.

მეორე საყვარელი პროექტია Spotlight Marketing Library, რომლის ფარგლებშიც მარკეტინგული ლიტერატურა მედიათეკებში ყველასათვის ხელმისაწვდომი გავხადეთ. ძალიან სასიხარულოა – იმდენად დიდი იყო მოთხოვნა, რომ ძალიან ბევრი წიგნის მეორე ეგზემპლიარიც ვიყიდეთ.

M: სხვა ბრენდების კამპანიებიდან რომელს გამოარჩევდი?

ძალიან მომწონს თიბისის კამპანიები. განსაკუთრებით, ბოლო რამდენიმე წელია. სულ ახალი ჰედლაინიც “აქ.ახლა” მგონია, რომ ძალიან დროული და სწორია. მგონია, რომ წინ ძალიან საინტერესო გაშლა გველის.

M: თუ არის ქართული ბრენდი, რომელიც შენთვის სამაგალითოა?

დიდი ხნის განმავლობაში, ჩემთვის, ასეთი ბრენდი იყო ჯეოსელი. როგორც მარკეტერისთვის, ჩემთვის მათი პროექტები იყო სამაგალითო, კონსისტენტური, სწორი. როგორც მომხმარებელიც ძალიან ლოიალური ვიყავი. ბევრს უყვარდა ეს ბრენდი.

ხოლო, თუ განვიხილავ ბრენდს, რომელიც საქართველოში დაიბადა, გამოვყოფდი “ანტრეს”. გარდა იმისა, რომ ბაქოს ბაზარზე არიან შესულები, ამას წინათ, წავაწყდი ახალ ამბავს, რომ ლონდონშიც იხსნებიან და უზომოდ გამიხარდა. ძალიან დიდი შრომა სჭირდება იმას, რასაც “ანტრემ” მიაღწია.

M: ყველაზე დიდ წარმატებად რა მიგაჩნია კარიერაში?

ალბათ, იმ გუნდის შეკრება, ვინც ახლაა ჩემ გარშემო. ძალიან კარგი და სანდო ადამიანები არიან. ვფიქრობდი, როგორ გაართმევდნენ თავს საქმეს, ჩემს არყოფნაში, თუმცა, მშვენივრად გაუმკლავდნენ და ეს მენეჯერისთვის დიდი ბედნიერებაა.

M: როგორი ხელმძღვანელი ხარ?

მეგობრული, ოღონდ, მართლა. მე თვითონ რომ ძალიან მეგობრულ გუნდში მიმუშავია, მინდა ასევე გრძნობდნენ თავს ჩემი გუნდის წევრები. ძალიან თბილი ურთიერთობა გვაქვს ყველას. ხშირად უთქვამთ კიდეც, რომ არ ელოდნენ ასეთ ასაკში ასე ახლო მეგობრებს თუ შეიძენდნენ. გარდა გამოცდილებისა, თანამშრომლის აყვანისას დიდ ყურადღებას ვაქცევ, როგორ გაუგებენ ერთმანეთს გუნდის წევრები. ჯანსაღი ურთიერთობა ადამიანის ბედნიერების ერთ-ერთი წყაროა და სამსახურში, სადაც ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს ატარებ, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თავს კომფორტულად გრძნობდე.

ძალიან მნიშვნელოვანია დააბალანსო პირადი ცხოვრება და სამსახური, რადგან მარტივია დაგავიწყდეს, რატომ ხარ ამ საქმით დაკავებული ყოველდღიურად. როდესაც ცოტა ხნით გადაერთვები, განიტვირთები, შემდეგ უფრო მეტი ენერგიით უბრუნდები საქმეს. ამ სამსახურში უფრო დავაფასე ამ ბალანსის მნიშვნელობა და დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქტიულობის თვალსაზრისით და პირდაპირ კავშირშია ბედნიერების განცდასთან. თუ ეს ბალანსი ძალიან აგერია, მერე ვეღარ გრძნობ ვერც მიზნის მიღწევით განცდილ კმაყოფილებას.

M: კარანტინის განმავლობაში, როგორ მართავდი გუნდს?

ის ფაქტი, რომ დიდხანს არ ვიყავი, დეკრეტის გამო და საერთოდ არ ვერეოდი სამუშაო პროცესებში, გუნდი დამოუკიდებლად მუშაობდა. მიმდინარე ამოცანების შესრულება დისტანციურად გავაგრძელეთ და ამ მხრივ, ხელი არ შეგვშლია. გუნდის მართვის თვალსაზრისით, ვფიქრობ, ბევრი არაფერი შეცვლილა – მხოლოდ მივხვდით, რამდენი რამის გაკეთება შეგვიძლია დისტანციურად.

M: პირადად შენზე როგორ აისახა კარანტინის პერიოდი? 

კარანტინის დროს, აქტიურად დავიწყე კოქტეილების კეთება. ძალიან გამახალისა ამ საქმემ. ხან მარგარიტას გავაკეთებდი, ხან კოსმოპოლიტენს. მერე, კარის მეზობლები კარებს გამოვაღებდით ხოლმე და ისე ვსვამდით ერთად, დისტანციის დაცვით.

ამ პერიოდმა კიდევ ერთხელ დამანახა, როგორი იღბლიანი ვარ – ირგვლივ მყავს ძვირფასი მეგობრები, საყვარელი ადამიანები. ყველაზე დიდი დისკომფორტი ის იყო, რომ ჩემს მშობლებთან ბავშვი ვერ მიმყავდა. უფრო მეტად დავაფასე ის ყველაფერი, რაც მაქვს.

M: უახლოეს მომავალში…

მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ საცხოვრებლად კიკეთში გადავიდეთ. ძალიან მიყვარს კიკეთი. ბავშვობიდან დავდიოდი იქ და იმ ეზოში, სადაც ავაშენეთ ჩვენი სახლი, ძალიან კარგი აურა ტრიალებს. ალბათ, უკვე მალე გადავალთ. ირგვლივ სულ ტყეებია და ჩვენი ადგილები გვაქვს, კემპინგისთვის. მინდა, პატარა ბოსტანი გავაკეთო და იქნებ, მებაღეობაც გამომივიდეს.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

Lions Live-ზე დეკადის საუკეთესო სააგენტოები დასახელდა

ოთხი გზა, რომლითაც ბრენდები მომხმარებლებს ესაუბრებიან