ციფრულ ეპოქაში, როდესაც საინტერესო კონტენტის შექმნა მსოფლიოს მასშტაბით სერიოზულ კარიერად და შემოსავლის წყაროდ იქცა, ქართული YouTube ინდუსტრია ჯერ კიდევ აქტიური განვითარების პროცესშია. სწორედ ამ მიზნით, ქართველი კრეატორების მხარდასაჭერად, საქართველოს ბანკმა წამოიწყო YouTube პროექტი – „კრეატორი“, რომელიც, ერთი მხრივ, ახალი ტალანტების აღმოჩენასა და განვითარებას ემსახურება, მეორე მხრივ კი, უკვე წარმატებულ კონტენტ კრეატორებთან პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. ამით საქართველოს ბანკს სურს შექმნას პრეცედენტი და კრეატორები მჭიდროდ დააკავშიროს ბრენდებთან თანამშრომლობისთვის.
პროექტის გამარჯვებული მიიღებს საქართველოს ბანკის მთავარ პრიზს – 20 000 ლარს, „კრეატორში“ მონაწილეობა კი იმ კრეატორებისთვის იყო შესაძლებელი, ვისაც 5 000-მდე გამომწერი ჰყავს. მიღებული 500-მდე განაცხადიდან უკვე შეირჩა 25 მონაწილე, რომელთაგან მხოლოდ 8 გადავა შემდეგ ეტაპზე. შოუს ხელმძღვანელობს პროფესიონალებისგან შემდგარი ჟიური – მახარა, კაკო და ჰიტა, რომლებიც მონაწილეებს 3 განსხვავებული კუთხით აფასებენ: ტექნიკური ხარისხი, პროცესი და შინაგანი მოტივაცია. თითოეულ ეპიზოდში მოწვეული მენტორები დამწყებ კრეატორებს უზიარებენ პრაქტიკულ გამოცდილებასა და რჩევებს.
საინტერესოა, რომ როგორც თავად მონაწილეები, ასევე მაყურებლები შეძლებენ დააკვირდნენ ვიდეოს წარმოების სრულ პროცესს – იდეის ჩასახვიდან დაწყებული საბოლოო პროდუქტით დამთავრებული. ცოდნის ამ სახით გაზიარება კი ემსახურება ერთ მიზანს – კრეატორობის, როგორც პროფესიის, დამკვიდრებას ქართულ ბაზარზე. დეტალებზე საქართველოს ბანკის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელი ნინუცა ოქროპირიძე გვესაუბრა.
M: რატომ გადაწყვიტა საქართველოს ბანკმა YouTube პროექტის საშუალებით კონტენტ კრეატორებზე ფოკუსირება?
YouTube-ი ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმაა დღევანდელ ციფრულ სამყაროში, სადაც ნიჭიერ ადამიანებს საკუთარი იდეების რეალიზების შესაძლებლობა ეძლევათ. თუმცა საქართველოში ეს მიმართულება ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ კონტენტ კრეატორებზე ფოკუსირება. საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, დამწყები პროფესიონალების მხარდაჭერა სხვადასხვა სფეროში და ისეთი ეკოსისტემის შექმნა, სადაც ადამიანებს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება შეუძლიათ.
გვსურს, ქართველ კრეატორებს მივცეთ არა მხოლოდ საჭირო რესურსები, არამედ გამოცდილება და სტიმული პროფესიული ზრდისთვის. ჩვენი მიზანია, ქართულ YouTube-ს კიდევ უფრო მეტი წარმატებული კრეატორი შეემატოს, რომლებიც საკუთარ უნიკალურ ხედვას გაუზიარებენ მსოფლიოს.
M: რა გავლენას მოახდენს პროექტი ქართული YouTube სივრცის განვითარებაზე გრძელვადიან პერსპექტივაში?
საქართველოს ბანკისთვის YouTube-ი მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო არხია. ამიტომ ჩვენი სტრატეგია ორმხრივია: ერთი მხრივ, ვახორციელებთ საკუთარ პროექტებს, როგორიცაა – CREATOR-ი და მეორე მხრივ, ვამყარებთ პარტნიორობას უკვე წარმატებულ იუთუბერებთან. ეს მიდგომა ქმნის მაგალითს სხვა კომპანიებისთვის და ხელს უწყობს, რომ ქართულ YouTube სივრცეში კიდევ უფრო მეტი მარკეტინგული აქტივობა, თანამშრომლობა და სპონსორობა განვითარდეს.
გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ნიშნავს, რომ კრეატორების შრომა უფრო მეტად დაფასდება, მათ ექნებათ სტაბილური შემოსავლის წყარო და შეძლებენ თამამად იფიქრონ მასშტაბური იდეების რეალიზებაზე. საბოლოოდ, ქართული YouTube ეკოსისტემა გაძლიერდება და კიდევ უფრო მეტ ადამიანს მისცემს მოტივაციას, დაიწყოს კრეატორობა.

M: რით განსხვავდება „კრეატორი“ სხვა მსგავსი ფორმატის პროექტებისგან და რა უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს ის დამწყებ კრეატორებს?
პროექტის მთავარი ღირებულება, ჩემი აზრით, არის კომპეტენტური ჟიური – მახარა, კაკო და ჰიტა ქმნიან იშვიათ სინერგიას, რომელიც მათი გამოცდილების კომბინაციით განსაკუთრებულ ღირებულებას სძენს პროექტს. თითოეულ ეპიზოდში მოვიწვევთ მენტორებს, რომლებიც კრეატორებს გაუზიარებენ საკუთარ ხედვებსა და პრაქტიკულ გამოცდილებას. ამას გარდა, პროექტს ექნება საგანმანათლებლო დატვირთვა როგორც მონაწილეებისთვის, ასევე მაყურებლებისთვის. ისინი შეძლებენ კრეატორების თვალით დაინახონ ყველა ის პროცესი, რასაც ვიდეოს წარმოება გადის იდეიდან საბოლოო დისტრიბუციამდე. სწორედ გამოცდილების გაზიარება და პროცესის გამჭვირვალობა ქმნის პროექტის უნიკალურობას.
M: როგორია შოუში შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები?
შერჩევის პროცესში რამდენიმე პირობა გვქონდა წინასწარ განსაზღვრული: მონაწილეს საკუთარ არხზე გამომწერთა რაოდენობა არ უნდა ჰქონოდა 5 000-ზე მეტი და განაცხადისთვის საჭირო იყო ერთწუთიანი ვიდეოს ჩაწერა, სადაც პასუხობდა მთავარ კითხვას – „რატომ გინდა პროექტში მონაწილეობა?“.
ამ კრიტერიუმების საფუძველზე მივიღეთ 500-მდე ძალიან საინტერესო ნამუშევარი. ჟიურის მთავარი ამოცანა იყო, დაენახა, რა ღირებულებას მოიტანდა თითოეული კანდიდატი როგორც პროექტისთვის, ასევე YouTube ეკოსისტემისთვის.
საბოლოოდ, შეირჩა 25-მდე მონაწილე, რომლებსაც მაყურებელი პირველ ეპიზოდში იხილავს, ხოლო მათგან მხოლოდ 8 განაგრძობს პროექტში მონაწილეობას და იბრძოლებს მთავარი პრიზისთვის.
M: როგორ დაეხმარებიან მენტორები / ჟიურის წევრები მონაწილეებს შემოქმედებითი უნარების განვითარებაში?
თითოეულ ეპიზოდს აქვს განსხვავებული დავალება, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი იმისთვის, რომ მონაწილეებმა სხვადასხვა სიტუაციაში გამოცადონ საკუთარი თავი. ჟიურის სამივე წევრი განსხვავებულ, მაგრამ ერთმანეთის შემავსებელ პერსპექტივას სთავაზობს მონაწილეებს: მახარა თვალს ადევნებს ფროდაქშენის ხარისხსა და YouTube-ის სტანდარტებთან შესაბამისობას. ჰიტას ფოკუსი პროცესზეა – თანმიმდევრულობა, საკუთარ ნამუშევრებზე რეფლექსია და სწორი ფასეულობების ჩამოყალიბება. კაკო კი მონაწილეებს ეხმარება აღმოაჩინონ საკუთარი „რატომ“ – ის ღრმა მოტივაცია, რომელიც მათ დაეხმარება გაუმკლავდნენ სტრესსა და კრიტიკას.
შეფასების გარდა, ჟიური მონაწილეებს ეხმარება ხედვის გაფართოებაშიც – როგორ გააუმჯობესონ კონტენტი, როგორ გამოიყენონ ანალიტიკა და უკუკავშირი, ასევე, როგორ გადაკვეთონ ტექნიკური უნარები შემოქმედებით თავისუფლებასთან. მოწვეული მენტორები კი ყოველ ეპიზოდში მონაწილეებს დამატებით გამოცდილებასა და პრაქტიკულ რჩევებს გაუზიარებენ. შედეგად, „კრეატორი“ იქცევა უნიკალურ პროექტად დამწყები კრეატორებისთვის, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, პროფესიონალების დახმარებით სწრაფად განივითარონ საკუთარი შემოქმედებითი უნარები.
[პარტნიორის კონტენტი]










