in

„კლეპტოკრატია“ – როგორ იქმნებოდა გიორგი პოპიაშვილის 11-წუთიანი ფილმი უწყვეტი ტაშით და დიალოგების გარეშე

ტაში, თავისი არსით, ემოციის, აღფრთოვანებისა და მადლიერების ყველაზე უშუალო გამოხატულებაა, თუმცა ეს ის შემთხვევა არ არის. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ჟესტი დიქტატურის შემაძრწუნებელ სიმბოლოდ შეიძლება მოგვევლინოს. ალექსანდრე სოლჟენიცინის ნაწარმოებში „არქიპელაგი გულაგი“ აპლოდისმენტები აღფრთოვანების ნაცვლად, შიშისგან გაშეშებული ადამიანების გადარჩენის ერთადერთ ინსტრუმენტად იქცევა. ეს დაუნდობელი ფრაგმენტი გიორგი პოპიაშვილისთვის ფილმ „კლეპტოკრატიის“ შთაგონებად იქცა და თავდაუზოგავი შრომის შედეგად, შემოქმედებითმა გუნდმა, ეკრანზე 11-წუთიანი უსიტყვო დრამატურგია გააცოცხლა.

ერთი სივრცე, 80 მსახიობი და ეს ყველაფერი – დიალოგის გარეშე. პროექტის გარშემო ინდუსტრიის გამოცდილი გუნდები გაერთიანდნენ – ფროდაქშენზე Enkeny Films-მა იმუშავა, ხოლო ხმის დიზაინზე – Postred-მა. თუმცა პროექტის შექმნის სამწლიანი გზა, კადრს მიღმა, არანაკლებ დრამატული აღმოჩნდა, ვიდრე თავად ეკრანზე მიმდინარე მოვლენები – ფინანსური გაურკვევლობა, ჩაშლილი ქრაუდფანდინგი და მოულოდნელი საფესტივალო ბარიერი. მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, ავტორებისთვის მთავარი სათქმელი უცვლელი დარჩა. დღეს, პირველად, Marketer.ge-ის ვრცელ სტატიასთან ერთად ფილმი უკვე ფართო აუდიტორიისთვის ოფიციალურად გასაჯაროვდა და მისი ნახვა აქვე შეგიძლიათ. პროექტის შექმნის დეტალებსა და კადრს მიღმა არსებულ ბრძოლაზე გიორგი პოპიაშვილი და ბაჩო მებურიშვილი გვიამბობენ.

M: ფილმის იდეაზე პირველად „სფოთლაითის“ სცენიდან უამბე აუდიტორიას. მოდი, გავიხსენოთ – როგორ გაჩნდა ალექსანდრე სოლჟენიცინის ამ ეპიზოდის ეკრანიზაციის იდეა და რამ დაგარწმუნათ, რომ ერთ სივრცეში განვითარებული 11-წუთიანი ტაშისცემა აუცილებლად გადასაღები ფილმი იყო?

გიორგი პოპიაშვილი: ეს ისტორია გია ბოხუამ გაიხსენა, როდესაც ალექსანდრე სოლჟენიცინის წიგნის, „არქიპელაგი გულაგის“, ერთი ფრაგმენტი მოყვა. ეს მითი ზოგადად ბევრს გვსმენოდა, თუმცა კონკრეტული ამბის დეტალები ჩემთვის ახალი იყო. გარდა სათქმელის აქტუალობისა, ყველაზე მეტად იმ იდეამ მოხიბლა, რომ შესაძლებელი იყო ფილმის აგება ერთადერთ მოქმედებაზე. როგორც რეჟისორს, რომელსაც რთული სიუჟეტური ხაზებისა თუ დიალოგების აწყობა ნაკლებად ეხერხება, ეს საინტერესო შემოქმედებით გამოწვევად მეჩვენა. მოცემულობის სიმარტივე – ერთი სივრცე და ერთი მოქმედება – განხორციელებადი ჩანდა, თუმცა მთავარი სირთულე იმაში მდგომარეობდა, თუ როგორ უნდა შემევსო ეს 11 წუთი და განმევითარებინა დრამატურგია.

ბაჩო მებურიშვილი: როდესაც რეჟისორი ახალი იდეით მოდის, პროექტის პირველადი ემოციური თუ ენერგეტიკული მუხტი იმაში ჩანს, თუ რამდენად სჯერა მას თავისი ჩანაფიქრის. პოპიკასთან პირველივე შეხვედრისას ზუსტად ეს მოხდა. გიორგიმ გამიზიარა თავისი ემოცია, ამ პროექტის განხორციელების უდიდესი სურვილი და თავიდანვე დამაჯერა იდეის მნიშვნელობაში. ეს იყო სრული თანხვედრა თანამედროვეობასთან – თუ სადამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანები ტერორმა, როგორ შეიძლება შევაშინოთ ისინი და როგორ ვხდებით ხშირად უძლურნი შიშისგან გამოწვეული უსამართლობისა თუ ფანატიზმის წინაშე.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ტექნიკური გამოწვევა – როგორ უნდა გადაგვეღო რამდენიმე წუთში მომხდარი ამბავი ერთ სივრცეში, ფაქტობრივად უსიტყვოდ, ისე, რომ გადმოგვეცა ისტორიული ეპოქის ემოცია და ადამიანთა ზოგადადამიანური მდგომარეობა. ამოცანა ითვალისწინებდა რეალური დროის ქრონოლოგიის ზუსტად შენარჩუნებას და ამავდროულად პროცესის დრამატურგიულად საინტერესოდ განვითარებას, რისი მკაფიო ხედვაც პოპიკას უკვე ჰქონდა.

ფოტო: ნინუცა ჯაყელი

M: რაზეა ეს ფილმი სინამდვილეში თქვენთვის და რატომ გახდა ტაში – ჟესტი, რომელიც თავისი არსით პოზიტიურია – აბსოლუტური უთავისუფლებისა და შიშის სიმბოლო?

გიორგი პოპიაშვილი: ფილმის მთავარი სათქმელი დღეს განსაკუთრებით რელევანტურია. სამწუხაროდ, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში, ავტორიტარული რეჟიმებისა და დიქტატურის მხრიდან ძალაუფლების შენარჩუნების ბოროტი ტენდენციები გაძლიერდა. ეს ნათლად ჩანს რუსეთის აგრესიაშიც ჩვენსა და უკრაინის მიმართ და ზოგადად, გლობალურ კონფლიქტებში.

ჩემი მოტივაცია იყო, რეჟისორის პოზიციიდან გამომეხატა პროტესტი არაჰუმანური მეთოდებისა და ტირანიის წინააღმდეგ. ამავდროულად, საინტერესო იყო ფორმა – ლაპარაკი ჩაგვრასა და დიქტატურაზე ტაშის კვრით – ჟესტით, რომელიც თავისი არსით პოზიტიურია. ტაში, როგორც აბსოლუტური უთავისუფლებისა და მორჩილების მანიფესტაცია, ბევრად შემაძრწუნებელია. როდესაც ადამიანს ციხეში სვამენ ან ხვრეტენ, ეს დიქტატურის ნაცნობი თანმდევი პროცესია, მაგრამ როდესაც აიძულებ, დარბაზში იდგეს, ტაშს უკრავდეს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ და გაჩერების ეშინოდეს – ეს ტერორისა და ადამიანის დაბეჩავების უმაღლესი ხარისხია.

ფოტო: ნინუცა ჯაყელი

M: სიუჟეტურად ურთულესია 11 წუთის განმავლობაში მზარდი დაძაბულობის შენარჩუნება, როდესაც ეკრანზე ადამიანები თითქმის ერთსა და იმავე მოქმედებას იმეორებენ. როგორ გაუმკლავდით ამ მათემატიკურ და შემოქმედებით ამოცანას?

გიორგი პოპიაშვილი: მთავარი ტექნიკური ამოცანა 11-წუთიანი დაძაბულობის შენარჩუნება იყო. ფილმი არ უნდა ყოფილიყო კომფორტული საყურებელი – მაყურებელს უშუალოდ დარბაზში უნდა ეგრძნო თავი და გამოეცადა ეს აბსურდი.

დინამიკის შესაქმნელად მივუბრუნდი სოლჟენიცინის ტექსტს და გამოვიყენე ისეთი დეტალები, როგორებიცაა აუდიტორიაში ჩანერგილი შპიონები და ხელისგულებზე ვაზელინის წასმა. ჩემი მხრივ დავამატე ყურის ბამბები და პატარა მიკროისტორიები – დამონებული მამა, რომელიც შვილს მორჩილებას ასწავლის, ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც გოგოს ეკეკლუცება და უეცრად შიშისგან გაშეშებული აგრძელებს ტაშის დაკვრას.

ეს იყო მათემატიკური სიზუსტის სამუშაო. გამოვთვალე 11 წუთის წამები, განვსაზღვრე კადრების ხანგრძლივობა და დინამიკა, რის მიხედვითაც ჩამოვწერე სცენები და ავაწყეთ პირველადი სთორიბორდი. დრამატურგია სამ ფაზად დაიყო – პირველი მესამედი – ენთუზიაზმი და მხიარული ტაში, შემდეგ შუალედში ფიზიკური დაღლილობა და უხერხულობის განცდა, ბოლოს – კულმინაცია – ექსტრემალურ პირობებში ადამიანების ინდივიდუალური რეაქციები და შიში.

ფოტო: ნინუცა ჯაყელი

M: ვისაუბროთ ფილმის იმ ნაწილზე, რაც ეკრანზე არ ჩანს – 80 მსახიობის შეკრება და დამოუკიდებელი პროდაქშენი დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. როგორი იყო ბიუჯეტის მოძიების გზა და რა დაბრკოლებების გადალახვა მოგიწიათ?

გიორგი პოპიაშვილი: ფილმის მომზადებას ხანგრძლივი და რთული გზა ახლდა. ბიუჯეტის მოსაძიებლად ვხვდებოდით ფონდებს, არასამთავრობოებსა და კერძო ბიზნესებს, თუმცა უმრავლესობისგან უარი მივიღეთ. საბოლოოდ, პროექტს გვერდში დაუდგნენ მეგობრები და მხარდამჭერები. განსაკუთრებული მადლიერებით მინდა ვახსენო ახლახან გარდაცვლილი თემურ უგულავა, რომელმაც ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი დაფარა. ასევე დაგვეხმარა მამუკა ხაზარაძე და ბევრი სხვა ადამიანი.

მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება ერთ ლოკაციაზე ხდებოდა, 80 მსახიობის ეპოქალურად ჩაცმა, 3-დღიანი კვება და პროდაქშენი დიდ თანხებს მოითხოვდა. დანაკლისის შესავსებად Kickstarter-ზე კამპანია წამოვიწყეთ. საცდელ გადაღებებში პავილიონითა და ორგანიზებით ძალიან დაგვეხმარა ოკმელა, ხოლო ოპერატორმა ომარ გელაშვილმა მნიშვნელოვანი მიგნებები გააკეთა.

ბაჩო მებურიშვილი: მზადების პროცესი რთული და საინტერესო გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი უანგაროდ მუშაობდა, პროექტს მაინც სჭირდებოდა ფინანსური რესურსი. წინასწარ განსაზღვრული ბიუჯეტის არარსებობის გამო ბევრი ბარიერის გადალახვა მოგვიწია. პოპიკამ დიდი სამუშაო გასწია რესურსების მოსაძიებლად – გამოვიყენეთ როგორც ღია პლატფორმები ფანდრაიზინგისთვის, ისე პარტნიორი კომპანიებისა და მხარდამჭერი ადამიანების დახმარება.

ფოტო: ნინუცა ჯაყელი

M: მოგვიყევით უშუალოდ გადაღების პროცესზე. როგორ მოახერხეთ დარბაზის ასეთი ზუსტი მენეჯმენტი და როგორი ატმოსფერო სუფევდა გადამღებ ჯგუფში?

გიორგი პოპიაშვილი: გადაღების ის სამი დღე ჩემთვის შემოქმედებითად სრულყოფილი და ჯადოსნური იყო. რეალურად მასალას ხუთი დღე სჭირდებოდა, თუმცა ბიუჯეტის გამო პროცესი მაქსიმალურად მჭიდროდ დავგეგმეთ.

უდიდესი მადლიერება მინდა გამოვხატო როგორც მთავარი როლების შემსრულებლების, ისე ეპიზოდური მსახიობებისა და მთელი გადამღები ჯგუფის მიმართ. პროცესი ფიზიკურად იყო მძიმე – სამი დღის განმავლობაში უწყვეტი ტაშის დაკვრა დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. მიუხედავად ამისა, აუდიტორიაში საოცარი მუხტი და ენთუზიაზმი სუფევდა. გადაღებების შემდეგაც კი მსახიობები მირეკავდნენ და გულწრფელ მადლობას მიხდიდნენ ამ პროცესში მონაწილეობისთვის.

ბაჩო მებურიშვილი: თითქმის ყველა უანგაროდ ჩაერთო პროექტში. იდეითა და გამოწვევით ანთებული საუკეთესო პროფესიონალები ერთ მუშტად შეიკრნენ. როდესაც ასეთი თანამოაზრეების გუნდი ყალიბდება, ეს დამატებით სტიმულს გაძლევს, რომ არაფერი დაიშურო საერთო მიზნისთვის. გუნდში ყველა ერთმანეთზე უკეთესი პროფესიონალი და მეგობარი აღმოჩნდა. მენეჯმენტის პოზიციიდან საოცარი იყო იმის ყურება, თუ როგორ მატებდა თითოეული დეპარტამენტი თავისი ოსტატობით ფილმს დამატებით სიღრმეს, ფერსა და დრამატურგიულ განვითარებას.

ფოტო: ნინუცა ჯაყელი

M: სამწლიანი თავგადასავლის შემდეგ, როდესაც ფილმი შეიქმნა, მოულოდნელ დაბრკოლებას წააწყდით – აღმოჩნდა, რომ პორტუგალიელ რეჟისორს ამავე ისტორიაზე ფილმი ერთი წლით ადრე გამოეშვა. როგორ იმოქმედა ამან ფილმის მომავალზე?

გიორგი პოპიაშვილი: პოსტპროდაქშენში Postred-მა შესანიშნავი ხმის დიზაინი გააკეთა, გაკეთდა ფერების კორექცია, მონტაჟიც კარგად აეწყო. ფესტივალებზე დიდ იმედებს ვამყარებდით, თუმცა A-კლასის ფესტივალების სელექცია ისედაც მკაცრია, ხოლო შედარებით მცირე ფესტივალებიდანაც სასურველი გამოხმაურება ვერ მივიღეთ.

მიზეზების ძიებისას აღმოვაჩინეთ, რომ პორტუგალიელ რეჟისორს სოლჟენიცინის ამავე ისტორიაზე უკვე გადაეღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ამის გამო ჩვენმა ნამუშევარმა სიახლის ეფექტი დაკარგა. კინოინდუსტრიაში ერთი და იმავე ნაწარმოების სხვადასხვა ინტერპრეტაცია ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა დროში დამთხვევამ პროცესი შეაფერხა.

სიტუაციას დაემატა შიშიც ქართველი მაყურებლის შესაძლო უარყოფით რეაქციაზე (იდეის „მოპარვის“ ბრალდებები). ამასობაში საცხოვრებლად ამერიკაში გადავედი ფერწერის მაგისტრატურაზე, რამაც ჯგუფთან კომუნიკაცია და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება გაართულა. პორტუგალიელ რეჟისორთან დაკავშირების მცდელობაც გვქონდა. რაკი ჩვენი ფილმები იდეები ასე ზუსტად დამთხვევა, იქნებ, შეთანხმებულად გვემოქმედა, თუმცა მათი მხრიდან არავინ გამოგვეხმაურა.

ბაჩო მებურიშვილი: პროექტს ახლდა გაწელილი ვადები და გარკვეული იმედგაცრუებები, თუმცა ამის გადალახვის ერთადერთი გზა გულწრფელობა აღმოჩნდა. გუნდური შეხვედრები და ღია საუბრები გვეხმარებოდა სწორი, გამოზომილი ნაბიჯების გადადგმასა და ახალი მოტივაციის პოვნაში. სწორედ ერთობლივმა, ბალანსირებულმა პოზიციამ მიგვიყვანა საბოლოო შედეგამდე. ეს იყო რთული, მაგრამ უაღრესად საინტერესო თავგადასავალი. დიდი მადლობა პოპიკას და გუნდის თითოეულ წევრს იმ მაღალი პროფესიონალიზმისა და ძალისხმევისთვის.

ფოტო: ნინუცა ჯაყელი

M: დღეს, როგორ გრძელდება ფილმის „ცხოვრება“ და რა არის ის მთავარი გზავნილი, რაც გსურთ, რომ მაყურებლამდე მივიდეს?

გიორგი პოპიაშვილი: დღეს, საფესტივალო სეზონი დასრულებულია და ფილმი სიახლეს აღარ წარმოადგენს, თუმცა გადავწყვიტეთ, იგი ინტერნეტში გავასაჯაროოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს გზავნილი მივიდეს მაყურებლამდე – განსაკუთრებით დღეს, როდესაც საქართველოში არსებული პოლიტიკური კურსის გამო კვლავ რეალურია ავტორიტარიზმისა და აბსურდული ტერორის საფრთხე. ეს ფილმი არის შეხსენება იმისა, თუ საიდან მოვდივართ და რა შეიძლება მოჰყვეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

რას გვირჩევს Instagram ვიდეოკონტენტის შექმნასთან დაკავშირებით

„ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა“ – საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია