in

„ჰაჯიმე“, ანუ საბრძოლო ხელოვნება მარკეტინგის ენაზე – ქართული სააგენტო იაპონური საწყისით

„მიგვაჩნია, რომ ჩვენი ნამუშევრებით ეს სფერო უფრო მრავალფეროვანი გახდება, ვინაიდან გვინდა, მარკეტინგული ამოცანები ხელოვნების გზით გადმოვცეთ და ამოვხსნათ“.

1900 წელს, იაპონიაში, ჰიროში კაკეჰაშიმ „ჰაჯიმე“ სტუდია გახსნა. ზუსტი მიზეზი უცნობია, ივამა რიუში ჩასული ერთი ქართველი ახალგაზრდა მამაკაცი ჰიროში კაკეჰაშისთან როგორ გადაიკვეთა, მაგრამ ის კი ცხადია, რომ მათ ამ შეხვედრას ხანგრძლივი თანამშრომლობა და უფრო მეტიც, 121 წლის შემდეგ, საქართველოში დიდი „ჰაჯიმეს“ ქართული ფილიალის გახნსაც მოჰყვა – ქართულ სარეკლამო, მუსიკალურ თუ მოდის ბაზარზე მარკეტინგული ამოცანების, ექსპერიმენტების გზითა და მათი ახალი ფორმების ძიებით ამოსახსნელად.

ჰაჯიმე“ ქართული სააგენტოა, რომლის გარშემოც ადგილობრივი არტისტები შემოიკრიბნენ და თავიანთი საქმიანობის კონცეპტუალური ახსნებით ჩვენი ყურადღებაც საფუძვლიანად მიიპყრეს.
„ჰაჯიმე“ იაპონური სიტყვაა და ქართულად „დასაწყისს“ ნიშნავს.

მაშ ასე, სააგენტოს შემადგენლობა ასე გამოიყურება: ოპერატორები, რეჟისორები, მხატვრები, მუსიკოსები, ვიდეოინჟინრები, სცენარისტები და სხვები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ერთად თუ ცალ-ცალკე მუშაობდნენ: კინოში, მუსიკაში, მხატვრობასა და ვიდეოში.

ბოლოს, ძალების გაერთიანება „ჰაჯიმეს“ სახელის ქვეშ გადაწყვიტეს. 8 და 9 ივნისს კი, იმ მიზეზით, რომ უბრალო ჩვენების მაგივრად, პუბლიკისთვის გამოცდილება მოეწყოთ და მაყურებლები საკუთარ სამყაროში მიეპატიჟებინათ, პირველი წარდგენა „ბუდკაში“, სწორედ ასე, განსხვავებულად შემოგვთავაზეს:

მიგვაჩნია, რომ ჩვენი ნამუშევრებით ეს სფერო უფრო მრავალფეროვანი გახდება, ვინაიდან გვინდა, მარკეტინგული ამოცანები ხელოვნების გზით გადმოვცეთ და ამოვხსნათ.

მარკეტინგული ამოცანები ამოხსნან ისე, რომ მაყურებელმა „ჰაჯიმეს“ ნამუშევრების მეშვეობით გაზიარებული გზავნილები საკუთარი ინტერპრეტაციით დაინახოს და რეალობა სუბიექტურად აღიქვას, ვინაიდან სააგენტოში მიაჩნიათ – ახსნა ავტორის საქმე არ არის.

დღეს შესაძლებლობა გვაქვს, Hajime-ს მიერ შესრულებული პირველი 3 ნამუშევარი, ექსკლუზიურად, წარმოგიდგინოთ და როგორც უკვე ზემოთ ვახსენეთ, აღქმა და შეფასებები მხოლოდ საკუთარ ინტერპრეტაციებს დააშენოთ:

„ნაყინი, ვისკი, ასეტრინა“
„ჩვენი ამოცანა იყო, გვეჩვენებინა, თუ რა შესანიშნავი სტუდიაა „პლიუს მინუსი“ და მათ მიერ შექმნილი გარემოს გამოყენებით მოკლე მხატვრული ფილმი გადავიღეთ“.

 

„გვარის გამგრძელებელი“
„ძალიან მოგვწონდა ნინო ჩუბინიშვილის (ჩუბიკას) ხელოვნება და მისი ხედვა. კოლაბორაციის იდეა შევთავაზეთ და ბევრი რამის თანხვედრითა და სინთეზით, „გვარის გამგრძელებელი“ შევქმენით. ამბავი ახალგაზრდა წყვილზეა, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ ვნება, თუმცა კი განსხვავებული ღირებულებები აქვთ. ნამუშევარში წარმოდგენილია ნინო ჩუბინიშვილის მიერ შექმნილი სამოსი, სკულპტურები, აქსესუარები, ხალიჩები და სანთლები“. 

ჩვენ ვუშვებთ მიკროგზავნილებს სისტემაში, რომელიც მერე, ეკრანიდან არეკლილი, მაყურებლის აღქმის რეცეპტორებში აღწევს.

„მთავარია, ზღვამ მიგიღოს“
„ეს ნამუშევარი ხელნაკეთი ნივთების მაღაზია „მუნ რებითისთვის“ შესრულდა. ფილმი პერსონაჟზეა, რომელიც საკუთარ დაკვირვებებზე მოგვითხრობს. ამ ცნობიერების ნაკადს, მუსიკასა და მხატვრობას, მაყურებელი მარტივად შეჰყავს მელანქოლიურ, მედიტატიურ სამყაროში, რომელიც სავსეა „მუნ რებითის“ მიერ დამზადებული ნივთებით“.

დაბოლოს, „ჰაჯიმეს“ გუნდის წევრების პასუხი მარკეტერის კითხვებზე:

M: ჰაჯიმეელებო, მარკეტინგული ამოცანების ხელოვნების მეშვეობით ამოხსნა, ანუ შექმნა რეკლამა, რომელიც რეკლამას არ ჰგავს, ძალიან რთულად შესასრულებელი დავალებაა. როგორ ახერხებთ ამ საკმაოდ დიდ პასუხისმგებლობასთან ღირსეულად გამკლავებას?
უმრავლესობა ჩვენგანს ფილმებზე მუშაობის გამოცდილება გვაქვს. რეკლამის შექმნაში ვიყენებთ კინოხერხებს და არა – კარგად ნაცნობ, გავრცელებულ გადაწყვეტებს. მაყურებლებს რეკლამებში, ძირითადად, მხოლოდ ერთ გზავნილს აწვდიან, ჩვენ, როგორც წესი, ერთ მესიჯთან ბევრი სხვა რამის ჩვენებაც გვინდა ხოლმე.

M: არსებობს, თუ არა პრინციპული საკითხი, რომელსაც „ჰაჯიმე“ ერთგულად მიჰყვება და მზადაა, ამ მიზეზით გარკვეულ პროექტებზე უარიც თქვას?
ჩვენთვის სამუშაო პროცესში თავისუფლება მნიშვნელოვანია. გვსურს, ჩვენსა და დამკვეთს შორის, ნებისმიერი შეთანხმება ურთიერთნდობაზე იყოს დაფუძნებული. შესაბამისად, იმ კომპანიებთან ვითანამშრომლებთ, რომლებისთვისაც ჩვენი ხედვა მისაღები იქნება.

პრინციპულ საკითხს რაც შეეხება, სოციალური პასუხისმგებლობის არმქონე პროექტებზე არ ვიმუშავებთ.

ჩვენ ხელოვანი ხალხის გაერთიანება ვართ. გვინდა, ავთენტური, დასამახსოვრებელი რეკლამები შევქმნათ და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ნდობის ფაქტორი, რაც დამკვეთს ჩვენს ნამუშევრებზე დაყრდნობით უნდა შეექმნას.

„ჰაჯიმეს“ წევრები არიან:

ტატო კოტეტიშვილი – რეჟისორი, ოპერატორი
სოფო კობიძე – მხატვარი
ლაშა ცქვიტინიძე – რეჟისორი
ნოდარ ნოზაძე – მემონტაჟე
ნიკა ფანიაშვილი – მუსიკოსი
თემო ეზუგბაია aka vinda folio – მუსიკოსი, რეჟისორი
ნუცა წიქარიძე – რეჟისორი, სცენარისტი
ნინო ჩუბინიშვილი aka ჩუბიკა – მხატვარი
ნატო ბაგრატიონი – მხატვარი
ანუკა კალანდარიშვილი – მხატვარი
ირაკლი მეტრეველი – ოპერატორი
შალვა სოყურაშვილი – ოპერატორი
ლევან ბუთხუზი – მემონტაჟე
თინა შარაშენიძე – არტისტი
ელენე ჟორჟოლიანი – გრაფიკული დიზაინერი

ავტორი: თიკა გეგენავა

მეცნიერებმა, მსოფლიოს ყველაზე პატარა კომპიუტერით, ლოკოკინას სახეობების გადარჩენის საიდუმლო ამოხსნეს

TikTok-მა, ჟესტური ენის პოპულარიზაციისთვის, კამპანია წამოიწყო