in

„გვინდოდა ჯანსაღი კვება გემრიელ ჩვევად გვექცია და პროტეინ ბარი შევქმენით“ – ქართული სტარტაპი „მეტი“

Startauperi
Startauperi

ფიზიკური აქტივობის ზრდასთან ერთად, სულ უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს კვების როლს პროდუქტიულობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. პროდუქტების ყიდვისას ვითვლით კალორიებს, შემადგენელ ნივთიერებებს, ცილის, ცხიმისა და ნახშირწყლების რაოდენობას. თუმცა, დატვირთული გრაფიკისა და ქაოსური ყოველდღიურობის ფონზე, სრულფასოვანი რაციონის მიღება ხშირად რთული გამოწვევაა. ბაზარზე არსებული სწრაფი კვების ალტერნატივები კი, უმეტესად, სავსეა ხელოვნური დანამატებით. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრის გზების ძიებამ გააჩინა იდეა, შექმნილიყო ქართული, სრულიად ნატურალური პროტეინ ბარი. ასე დაიბადა „მეტი“ – სტარტაპი, რომელშიც დამფუძნებელმა, თათული ოქრიაშვილმა ბიზნეს-გამოცდილება, კულინარიულ ოსტატობა და ნუტრიციოლოგიის თანამედროვე მიდგომები გააერთიანა და მიზნად დაისახა, ქართველ მომხმარებელს ცილის მიღების გემრიელი და რაც მთავარია, უსაფრთხო წყარო შესთავაზოს.

M: თათული, პირველ რიგში, მიმოვიხილოთ ბაზრის დღევანდელი მოცემულობა. რა კონკრეტულ საჭიროებას პასუხობს თქვენი პროდუქტი და რა საჭიროებებმა გიბიძგათ ალტერნატიული საკვების შექმნისკენ?

დღესდღეობით, ფიზიკური აქტივობისა და ვარჯიშის მიმართ ინტერესი საგრძნობლად მზარდია. ადამიანები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან საკუთარი სხეულის შესაძლებლობებით, რაც პირდაპირ კავშირშია კვების გაუმჯობესებასთან. მომხმარებელი უკვე აცნობიერებს, რამდენად გადამწყვეტია ყოველდღიურ რაციონში ცილის (პროტეინის) საჭირო რაოდენობით მიღება.

თუმცა, აქ ვაწყდებით მთავარ პრობლემას: თანამედროვე ადამიანის გრაფიკი იმდენად დატვირთულია, რომ ხშირად სახლში კვებას ან ბუნებრივი პროდუქტებით ცილის მარაგის შევსებას ვერ ვახერხებთ. ასეთ დროს, ყველაზე მარტივი გამოსავალი საკვები დანამატებია. საქართველოს ბაზარზე არსებული პროტეინ ბარები, მართალია, ცილის წყაროა, მაგრამ მათ უმრავლესობას თან ახლავს ხელოვნური დანამატები, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ჯანმრთელობისთვის არცთუ სასარგებლოა. ჩვენ ეს გამოწვევა მარტივად და ეფექტიანად გადავჭერით – შევქმენით ბუნებრივი პროტეინ ბარი ზედმეტი დანამატების გარეშე. თუ სხვა მსგავსი პროდუქტების ეტიკეტზე უამრავ გაუგებარ ნივთიერებას ამოიკითხავთ, „მეტის“ შემთხვევაში ინგრედიენტების სია სულ 5-6 ნაცნობი პროდუქტისგან შედგება.

M: რას გულისხმობს „მეტის“ კონცეფცია და რით გამოარჩევდით მას ბაზარზე არსებული მრავალფეროვანი არჩევანისგან?

„მეტი“  მზადდება მხოლოდ ბუნებრივი ინგრედიენტებით. ჩვენ სრულად ამოვიღეთ შაქარი და სიტკბოსთვის მხოლოდ ფინიკსა და თაფლს ვიყენებთ.

ჩვენი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ცილის ბაზაა. სხვა ბარებისგან განსხვავებით, რომლებიც ძირითადად შრატის ცილას შეიცავს (რაც ხშირად კუჭ-ნაწლავის გაღიზიანებას იწვევს), ჩვენ ვიყენებთ კვერცხის ცილის ფხვნილს. ეს არის ცილის ერთ-ერთი ყველაზე მინიმალურად დამუშავებული და ათვისებადი ფორმა. ბევრი მომხმარებელი აღნიშნავს, რომ თუ აქამდე დისკომფორტის გამო ვერ იღებდნენ პროტეინ ბარებს, „მეტის“ შემთხვევაში ეს პრობლემა მოეხსნათ.

გარდა ამისა, დიდი აქცენტი გვაქვს გემოვნურ თვისებებზე. შრატის ცილას ხშირად ერთგვაროვანი, სპეციფიკური გემო აქვს, ჩვენ კი შევქმენით უნიკალური რეცეპტურა – მაგალითად, გვაქვს კურკუმას პროტეინ ბარი. თითოეულ ინგრედიენტს თავისი დანიშნულება აქვს: ფინიკი და თაფლი ენერგიით გვავსებს, მაღალი ხარისხის ბელგიური კაკაო ფოკუსსა და გამძლეობას მატებს, კურკუმა კი ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევა. ინგრედიენტების ხარისხს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, მაგალითად ვიყენებთ ბელგიურ მაღალი ხარისხის კაკაოს, ევროპაში დამზადებულ ქოქოსის ზეთს და ა.შ.

M: ვინ ქმნის „მეტის“ და რა გამოცდილება უმაგრებს ზურგს ამ წამოწყებას?

იდეის განხორციელება მეგობრებთან, მარიტასა და ლეკოსთან ერთად დავიწყე. მათ ჯერ კიდევ 2016 წელს დააფუძნეს „ინებე“ – პირველი ჯანსაღი კვების მიტანის სერვისი საქართველოში (ასევე პროექტები supergmiri.ge და „მიკროგრინი“). სწორედ „ინებეს“ ბაზაზე იწარმოება „მეტის“ პროდუქცია, რაც ხარისხის უპირობო გარანტიაა.

განსაკუთრებით საამაყოა, რომ ჩვენი ბრენდ-შეფი თინა ვაშაკიძეა – Salt.O-ს თანადამფუძნებელი და კულინარიის აკადემიის ლექტორი. სწორედ მან შექმნა ჩვენი რეცეპტები და „მეტის“ განსაკუთრებული გემოც მისი დამსახურებაა.

რაც შემეხება მე, ჩემი გამოცდილება ბიზნესსა და სტარტაპ-ეკოსისტემას უკავშირდება. წლების განმავლობაში ვიყავი „აჭარა ჯგუფის“ მარკეტერი, შემდეგ კი ფულბრაიტის სტიპენდიით აშშ-ში, MBA პროგრამაზე ვსწავლობდი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ვმართავდი ანგელოზი ინვესტორების ქსელს (Axel) და 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამას რეგიონში. თუმცა, გარკვეულ ეტაპზე მივხვდი, რომ ჩემი ნამდვილი გატაცება ნუტრიციოლოგია და ჯანსაღი ცხოვრების წესი იყო. ავიღე კანადის Precision Nutrition-ის საერთაშორისო სერტიფიკატი და დღეს უკვე პროფესიულ დონეზე ვეხმარები ადამიანებს ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბებაში. „მეტი“ სწორედ ამ ცოდნისა და პირადი გამოცდილების სინთეზია.

M: საინტერესოა თქვენი ტრანსფორმაცია ტექნოლოგიური სტარტაპებიდან კვების ინდუსტრიამდე. როგორ დაეხმარა თქვენი წინა გამოცდილება „მეტის“ განვითარებას?

სტარტაპ-ეკოსისტემაში მუშაობამ მასწავლა, როგორ ვაქციო იდეა მდგრად ბიზნესად. თუმცა, ნუტრიციოლოგიაში ჩაღრმავებამ დამანახა ცილის რეალური მნიშვნელობა. მე თავად აქტიურად ვვარჯიშობ და საკუთარ თავზე გამოვცადე, როგორ შეიცვალა ჩემი ენერგია და აღდგენის პროცესი ცილის რაოდენობის გაზრდის შემდეგ. რადგან ბაზარზე ვერ ვიპოვე ისეთი პროდუქტი, რომელიც ჩემს სტანდარტებს დააკმაყოფილებდა – გადავწყვიტე, ის თავად შემექმნა.

სტარტაპების სფერო სრულად არ მიმიტოვებია, დღესაც აქტიურად ვმენტორობ ჰაკათონებსა და იდეადრომებს. ეს ორი სფერო ჩემთვის ერთმანეთს ავსებს – ერთ მხრივ, ვეხმარები ფაუნდერებს, მეორე მხრივ კი – ადამიანებს, იცხოვრონ უფრო ჯანსაღად.

M: ბიზნესის კუთხით რომ შევხედოთ, როგორია „მეტის“ განვითარების დინამიკა და სად შეუძლია მომხმარებელს თქვენი პროდუქციის შეძენა?

„მეტი“ ბაზარზე სექტემბერში გამოჩნდა და სულ რაღაც სამ თვეში უკვე 25-ზე მეტ ლოკაციაზე ვართ წარმოდგენილი. ჩვენი სტრატეგიაა, ვიყოთ იქ, სადაც ჩვენი მომხმარებელია. ამიტომ, პროდუქცია ხელმისაწვდომია როგორც წამყვან ყავის სახლებში (Shavi Coffee Roasters, Champ’s Cafe, Tsvari Roasters), ასევე პოპულარულ სავარჯიშო დარბაზებსა (Oktopus, World Class Georgia, Champions Academy) და ქოვორქინგ სივრცეებში.

რა თქმა უნდა, აქტიურად ვმუშაობთ ონლაინ მიმართულებითაც – შეკვეთა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდიდან (www.metiprotein.com), ასევე Wolt-ისა და Extra Market-ის აპლიკაციებით.

M: როგორია სტარტაპის სამომავლო ხედვა და განვითარების გეგმები?

ჩვენი ამბიცია მხოლოდ პროტეინ ბარებით არ შემოიფარგლება. ვგეგმავთ ასორტიმენტის გაფართოებას როგორც ახალი გემოების, ისე სხვა მაღალცილოვანი სნექების მიმართულებით.

გრძელვადიანი მიზანი კი ექსპორტია. ჯანსაღი, გემრიელი და კუჭ-ნაწლავისთვის უსაფრთხო პროტეინ ბარების დეფიციტი მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, ეს გლობალური გამოწვევაა.

გვსურს, დავამსხვრიოთ სტერეოტიპი, თითქოს პროტეინ ბარი მხოლოდ პროტეინ ბარი მხოლოდ ფიზიკურად აქტიური ადამიანებისთვისაა. ჩვენი მომხმარებლები „მეტის“ მიირთმევენ საუზმეზე, ოფისში ლანჩის შემდეგ დესერტად, ლაშქრობებში თუ უბრალოდ ყავის შესვენებაზე. ჩვენი მიზანია, დავნერგოთ მაღალცილოვანი სნექის კულტურა ყველასთვის, ვინც ეძებს შაქრიანი დესერტის ჯანსაღ და გემრიელ ალტერნატივას.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

GIPA აბიტურიენტებისათვის ვიზუალური კომუნიკაციის პრე-საბაკალავრო პროგრამას იწყებს

Apple-ის ახალი AI მოდელი 3D გამოსახულებას ერთი ფოტოდან ქმნის