in

რა უნდა ვიცოდეთ პარალიმპურ თამაშებზე

პარალიმპური თამაშები ოლიმპიური თამაშების მსგავსი საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებაა თანდაყოლილი ან შეძენილი ფიზიკური შეზღუდვის მქონე ადამიანებისთვის. ტურნირი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დახმარებით, ოთხ წელიწადში ერთხელ იქვე იმართება, სადაც ოლიმპიური თამაშები. ასპარეზობის შემოღების იდეა უკავშირდება ინგლისელი ნეიროქირურგის ლუდვიგ გუტმანის სახელს, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქ ეილსბერიში (ინგლისი), სტიკ-მენდევილის ჰოსპიტლის ბაზაზე ხერხემლის ტრავმების სამკურნალო ცენტრი დააარსა. მან პირველმა ჩართო აქტიური სპორტი იმ ჯარისკაცთა რეაბილიტაციის პროცესში, რომლებსაც ზურგის ტვინი ჰქონდათ დაზიანებული.

1948 წლის 28 ივლისს აღნიშნულ ჰოსპიტალში გაიმართა პირველი შეჯიბრება მშვილდოსნობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) შორის (მონაწილენი სარბიელზე ეტლებით გამოვიდნენ). ტურნირი სიმბოლურად დაემთხვა ლონდონის ოლიმპიური თამაშების გახსნის თარიღს. 1956 წელს ლუდვიგ გუტმანმა შეიმუშავა ქარტია, რომელიც საფუძვლად დაედო შშმ პირთა სპორტის განვითარებას მთელ მსოფლიოში. 1960 წელს, რომის XVII ოლიმპიური თამაშების დამთავრებისთანავე გაიმართა შშმ პირთა საერთაშორისო შეჯიბრება ერთდროულად რამდენიმე სპორტულ დისციპლინაში. მასში 23 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი იყო ჩართული.

1976 წელს შვეიცარიაში გაიმართა ზამთრის პირველი თამაშები შშმ პირებისთვის. 1988 წელს, სეულის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, ორგანიზატორებმა ოლიმპიური დარბაზები და სტადიონები შშმ პირებს დაუთმეს. აქედან მოყოლებული, ამ შეჯიბრებას პარალიმპური თამაშები ეწოდება. 1982 წელს შეიქმნა შშმ პირთა სპორტის მსოფლიო ორგანიზაციის საკოორდინაციო კომიტეტი, რომელმაც ხელი შეუწყო პარალიმპური მოძრაობის პოპულარიზაციასა და გაფართოებას. 1989 წლიდან ჩამოყალიბდა საერთაშორისო პარალიმპური კომიტეტი. დღეს მის შემადგენლობაში 170-მდე ქვეყნის ეროვნული პარალიმპური კომიტეტი და 5 საერთაშორისო სპორტული ფედერაცია შედის. პარალიმპიელები მონაწილეობენ 20-ზე მეტ სპორტულ დისციპლინაში.

საქართველოს პარალიმპური კომიტეტი 90-იანი წლებიდან არსებობს, თუმცა პარალიმპურმა კომიტეტმა განვითარება 2006 წლიდან დაიწყო და პირველად საქართველოს დელეგაციამ 2008 წლის პეკინის პარალიმპურ თამაშებზე მიიღო მონაწილეობა. პეკინში საქართველოს სახელით ერთი ათლეტი – იაგო გორგოძე ასპარეზობდა ძალოსნობის დისციპლინაში.

2012 წელს, ლონდონში გამართულ პარალომპიადაში საქართველოდან ორი სპორტსმენი იყო ჩართული. შოთა ომარაშვილი ასევე ძალოსნობის ერთ-ერთ სახეობაში წოლჭიმში გამოვიდა (ჩათვლის გარეშე), ხოლო ნიკა თვაური – 100 მეტრზე ბრასით ცურვაში (მე-13 ადგილი). 2016 წელს, რიოში ლიცენზია ხუთმა ქართველმა პარასპორტსმენმა მოიპოვა: ვანო წიკლაური (შვილდოსნობა, 33-ე), ზვიად გოგოჭური (ძიუდო, ჩემპიონი), აკაკი ჯინჭარაძე (ძალოსნობა, მე-9), ლია ჩაჩიბაია (ცურვა, მე-9) და ირმა ხეცურიანი (ეტლით ფარიკაობა, მეოთხედფინალი). ამგვარად, ძიუდოისტი გოგოჭური ერთადერთი ქართველი სპორტსმენია, ვისაც პარალიმპიადაზე მედალი აქვს მოპოვებული და თანაც – ოქროსი.

აღსანიშნავია, რომ ხეცურიანი საქართველოს პარალიმპური დელეგაციის მედროშე იქნება ტოკიოს თამაშებზეც, სულ კი, იაპონიაში ჩვენი ქვეყნის სახელით სპორტის 6 სახეობაში (ეტლით ფარიკაობა, ძიუდო, წოლჭიმი, ცურვა, სროლა, მძლეოსნობა) 14 სპორტსმენი იასპარეზებს. ოლიმპიადა სტარტს 24 აგვისტოს აიღებს და 5 სექტემბრამდე გასტანს და მასში 4 400-მდე სპორტსმენი იქნება ჩართული, სტადიონზე კი მხოლოდ ადგილობრივი ქომაგები იქნებიან დაშვებულნი.

ტოკიოს პარალიმპური თამაშების პროგრამაში სპორტის 22 სახეობაა შეტანილი: მშვილდოსნობა, მძლეოსნობა, ბადმინტონი, ბოჩე, ველოსპორტი, ცხენოსნობა, ფეხბურთი, გოლბოლი, ძიუდო, კანოე, ტრიატლონი, ფაუერლიფტინგი, აკადემიური ნიჩნოსნობა, სროლა, ფრენბურთი, ცურვა, მაგიდის ჩოგბურთი, ტაეკვონდო, კალათბურთი ბორბლებზე, ფარიკაობა, რაგბი, ჩოგბურთი.

საქართველოს პარალიმპური ნაკრების წევრები

ფარიკაობა

ირმა ხეცურიანი: ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, 18-გზის მსოფლიო თასის მფლობელი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი.

ნინო თიბილაშვილი: 23 წლამდელებში სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსანი. სენიორებში ევროპის ვიცე ჩემპიონი, მსოფლიო თასების არაერთგზის ბრინჯაოს მედალოსანი.

გვანცა ზადიშვილი: გუნდურ ფარიკაობაში მსოფლიოს ჩემპიონი, მსოფლიო თასის ორგზის ვერცხლის და ბრინჯაოს მფლობელი.

ძიუდო

ზვიად გოგოჭური (-100): რიო დე ჟანეიროს ზაფხულის პარალიმპური თამაშების გამარჯვებული, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი. 2015 წელს სეულის მსოფლიო თამაშების ოქროს მედალოსანი. ორგზის მსოფლიო თასის და გრან-პრის მფლობელი.  საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის მედალოსანი.

რევაზ ჩიკოიძე (+100): ევროპის ჩემპიონატის ოქროს მფლობელი.   გრან-პრის ორგზის ოქროს და ბრინჯაოს მედლოსანი.

გიორგი გამჯაშვილი (-66): მსოფლიო თასის და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მფლობელი, გრან-პრის ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსანი.

ზურაბ ზურაბიანი (-60): გრან-პრის ოქროს მედლის მფლობელი.

გიორგი ქალდანი (-73): გრან-პრის სამგზის ოქროს და ბრინჯაოს მფლობელი.

ინა ქალდანი (-73): გრან-პრის ორგზის ბრინჯაოს მედალოსანი.

წოლჭიმი

აჰმად რაზმ აზარი (-80): მსოფლიო თასის ოთხგზის ოქროს, ორგზის ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების მფლობელი.

აკაკი ჯინჭარაძე (-107): მსოფლიო თასის ოქროს მედალოსანი, სამგზის ვერცხლის და ორგზის ბრინჯაოს მფლობელი. ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი.

ცურვა

ნიკა თვაური: 2012 წლის ლონდონის პარალიმპური თამაშების მონაწილე. 2015 წლის სეულის მსოფლიო თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი. პარაცურვაში, უსინათლოთა საერთაშორისო ჩემპიონატების და ტურნირების ორგზის ოქროს მედალოსანი. საერთაშორისო ჩემპიონატების სამგზის ვერცხლის და ორგზის ბრინჯაოს მფლობელი. მსოფლიო თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი.

მძლეოსნობა

დავით ქავთარაძე: პარამძლეოსნობაში ბერლინის 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი.

სროლა

ლადო ჭინჭარაული: საქართველოს ჩემპიონი პარასროლაში. აშშ-ის ღია პირველობის ვიცე-ჩემპიონი.

„ირაო“, სამოგზაურო დაზღვევით, COVID-19-ის ხარჯებსაც დაფარავს

დაივიწყეთ „კელვინ კლაინები“ და გაიცანით, EZZY-ის „ვიზე ნაკლები“ ქართული ტრუსები.