in

„ხარვეზი ნიშნავდა ღონისძიების ჩაშლას“ – გიყვებით, ქართველების მიერ, ბერძნული Coca-Cola 3E-სთვის შექმნილ ონლაინ პლატფორმაზე

„ჩვენ წინაშე დიდი გამოწვევა იდგა – 1000-ზე მეტი უნიკალური მომხმარებლისთვის შეუფერხებელი წვდომა უნდა მიგვეტანა პლატფორმაზე და ეს ყველაფერი ერთ ინტერაქციულ სივრცეში“.

პროექტი, რომლის განხორციელებაზე, 20 დღის განმავლობაში, 4 კომპანიის 50-ზე მეტი პროფესიონალი თანამშრომელი თუ აუთსორს კადრი მუშაობდა, 4 და 5 მარტს, საბერძნეთში, Coca-Cola Tria Epsilon-ისთვის შესრულდა. 

2 დღიანი ღონისძიებისთვის პლატფორმის მომზადება, რომელსაც 4 საათ-ნახევრის განმავლობაში, 1200 ადამიანის მიღება, ხარვეზების გარეშე უნდა მოეხერხებინა, ქართულმა კომპანია, ABOVE Digital-მა შეძლო. 

თუმცა სანამ ამ პასუხისმგებლობას იკისრებდა, თებერვლის დასაწყისში ტენდერი გამოცხადდა, რომელშიც კომპანია Reason To-მ გაიმარჯვა და რომელმაც Coca-Cola Tria Epsilon-ის პლატფორმის შექმნა ქართულ კომპანია, ABOVE Digital-ს მიანდო.

დრო ცოტა იყო, პასუხისმგებლობა – დიდი. Coca-Cola Tria Epsilon, ყოველწლიურად, შემაჯამებელ შეხვედრას ფიზიკურ სივრცეში მართავს, თუმცა პანდემიის გამო, მთლიანი ღონისძიების ონლაინ სივრცეში გადმოტანა უწევდა. ოთარ ფერაძე, ABOVE Digital-ის დამფუძნებელი, დირექტორი: „პირველ რიგში დიდ მადლობას ვუხდით Reason To-ს, რომ გვენდო და ასეთ საინტერესო პროექტზე მუშაობის შესაძლებლობა მოგვცა. ჩვენ წინაშე დიდი გამოწვევა იდგა – 1000-ზე მეტი უნიკალური მომხმარებლისთვის შეუფერხებელი წვდომა უნდა მიგვეტანა პლატფორმაზე და ეს ყველაფერი ერთ ინტერაქციულ სივრცეში. იმის გათვალისწინებით, რომ პლატფორმა კომპანიის ყოველწლიური შიდა ივენთისთვის მომზადდა, სადაც მომავალი წლის სტრატეგიის პრეზენტაცია იგეგმებოდა, ჩვენი მთავარი ამოცანა, უხარვეზო წვდომასთან ერთად, მისი დაცულობისა და მასზე შეუღწევადობის უზრუნველყოფა გახდა“. 

„კომპანიაში განგვიხორციელებია უფრო მასშტაბური პროექტებიც, სადაც წინასწარ ვამუშავებთ გეგმას ინციდენტების მართვაზე, აქ კი ხარვეზი ნიშნავდა, კომპანიის მიერ, წლების განმავლობაში ნაშენები რეპუტაციის დანგრევას… ამ ყველაფერს თითოეული ჩვენი თანამშრომელი ითავისებდა და შედეგმაც არ დააყოვნა“, – გვიყვება ანდრო ლომთაძე, ABOVE Digital-ის ტექნიკური დირექტორი, თანამესაკუთრე.

დავალების მიხედვით, პლატფორმაზე ლობი უნდა ყოფილიყო, ასევე, ღონისძიების დამსწრეებს ვირტუალური ასისტენტი უნდა მომსახურებოდა, რომელიც მათ ორივე დღის პროგრამის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიდა.

შეკრების მთავარ ადგილს ამფითეატრი ერქვა და დროის უკუთვლის შემდეგ, რომელიც სტუმრებს ლაივ ივენთის დაწყებას აუწყებდა, ისინი, ავტომატურად, ამ ონლაინ სივრცეში გადაჰყავდა.რაც შეეხება პროექტის ტექნიკურ გამოწვევას, ანდრო ლომთაძე ჰყვება: „გარდა პროგრამული უზრუნველყოფის გამართული მუშაობისა, მნიშვნელოვანი იყო სწორი გარემოს შერჩევა, სადაც სიტემაზე გაზრდილი მიმართვიანობის მიუხედავად, მონაცემები 1 წამზე ნაკლებ დროში დამუშავდებოდა.

ამ კუთხით, არჩევანი ჩვენი პარტნიორი კომპანია Microsoft -ის Azure ინფრასტრუქტურაზე გავაკეთეთ, სადაც საჭიროების შემთხვევაში, ავტომატურად იზრდებოდა მანქანური რესურსი. Media Service-ით კი, ღონისძიების მიმდინარეობის ეტაპზე იდეალური სტრიმის მიწოდება უზრუნველვყავით“.

როგორც ანდრო აღნიშნავს, ივენთის პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას, პლატფორმის მართვის პანელიდან მონაწილეებზე ტრივია თამაშის კითხვები და შესვენებების დროს, საკომუნიკაციო არხებზე დაშვების უფლებაც იგზავნებოდა.

ოთარ ფერაძე: „გარდა იმისა, რომ Cola-Cola Tria Epsilon-ის ერთი წლის შეჯამებას, ანუ ინფორმაციულ მხარეს ხარვეზის გარეშე უნდა ჩაევლო, მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ პლატფორმა ინტერაქციული ყოფილიყო. ამიტომაც, აქვე ჩაშენებული გვქონდა ითხვის დასმის ფუნქცია და უზრუნველყოფილი იყო ორენოვანი სტრიმები – ბერძნულად და ინგლისურად.ასევე, სტუმრებს შეეძლოთ ტრივია თამაშში ჩართვა. 10 კითხვა გვქონდა, საიდანაც ბოლო, მე-10 კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ ტოპ 20 ფინალისტს უწევდა. 

პლატფორმას ჰქონდა ჩეთი და ე.წ. Speed Dating – ავტომატურად იქმნებოდა შემთხვევით შერჩეული 5 კაციანი ჯგუფები, რომლის წევრებსაც, გარკვეული დროით, ერთად საუბარი შეეძლოთ. 

გვქონდა PhotoBooth, რომლის საშუალებითაც სტუმრები სურათებს იღებდნენ და ლაივ სტრიმშივე ნახულობდნენ, მათი ფოტოებით Coca-Cola Tria Epsilon-ის ლოგო როგორ შენდებოდა“, – განმარტავს ოთარ ფერაძე

როგორც ABOVE Digital-ის დამფუძნებლები გვიზიარებენ, ABOVE-ში დიდი ყურადღება ექცევა მათ მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოების დაცვას. ამ პროექტის ფარგლებში, აღნიშნული დადასტურებულია Coca-Cola Tria Epsilon-ის დაკვეთით დაქირავებული კვალიფიციური სუბიექტის მიერ ჩატარებული ტესტირების შედეგებით.

Coca-Cola Tria Epsilon Coca-Cola HBC Group-ში შემავალი, საბერძნეთის წამყვანი სასმელების ჩამომსხმელი და სადისტრიბუციო ბრენდია, რომლის მრავალფეროვანი, როგორც თვითონ უწოდებენ, 24/7 პორტფოლიო შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე.

რაც შეეხება Above Digital-ს, ეს არის დისტანციურად ფუნქციონირებადი ციფრული სააგენტო, რომელიც 2010 წელს, კომპანიების ციფრული ტრანსფორმაციის პოზიტიური იდეით შეიქმნა. გუნდი დაკომპლექტებულია წევრებით, რომლებსაც ტექნოლოგიების დიდი სიყვარული და მზაობა აქვთ, ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს სწრაფი განვითარების შედეგად გაუმკლავდნენ.

ავტორი: თიკა გეგენავა

დაბალანსებული კვების მნიშვნელობა ჩვენს ცხოვრებაში

კვლევა – მცირე აღიარებამ შესაძლოა, მოტივაციის ზრდა უზრუნველყოს