”აბრაკადაბრა” ბავშვთა სილამაზის ერთ-ერთი სალონია. მათი ყველაზე პატარა ”კლიენტი” 3 თვის, ყველაზე დიდი კი 15 წლის იყო.
პიარისა და მარკეტინგის მენეჯერი გვანცა სხირტლაძე ამბობს, რომ ერთი წლის წინ მათი სალონის გახსნის მთავარი მიზანი ამ სეგმენტში ბაზარზე არსებული ცარიელი ნიშის დაკავება იყო.
”მაშინ მსგავსი სალონი არ იყო. სწორედ ამიტომ გავხსენით ”აბრაკადაბრა”. ნელ -ნელ დაემატა : დაბადების დღის ცენტრი, მაღაზია, სადაც იყიდება საბვშვო საჩუქრები და სუვენირები უფროსებისათვის”.
”აბრაკადაბრაში” ამბობენ, რომ მათი პერსონალი სპეციალურად არის გადამზადებული, სალონში თმის შეჭრისა და ვარცხნილობების გარდა, ბავშვებსა და მოზარდებს ყურის გახვრეტაც შეუძლიათ.
სალონი საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე სეგმენტზეა გათვლილი, თმის შეჭრა ბიჭებისთვის 12 ლარი, გოგონებისთვის კი 15 ლარი ღირს. ვარცხნილობების საფასური კი 15 ლარიდან იწყება.
”აბრაკადაბრა” დღეს ბაზარზე ერთადერთი ”მოთამაშე” აღარ არის. გვანცა სხირტლაძე ამბობს, რომ სალონისთვის საჭირო ყველა ხელსაწყო და პროდუქცია ამერიკიდან აქვთ ჩამოტანილი, დიდ ყურადღებას უთმობენ ხარისხს და სწორედ ესაა მთავარი უპირატესობა კონკურენტებთან შედარებით.
სამომავლოდ, თბილისის მასშტაბით გაფართოებას გეგმავენ, თუმცა, ჯერ კონკრეტულად არაფერია გადაწყვეტილი. კონკრეტული გეგმა არც ”აბრაკადაბრას” ცნობადობის ამაღლების ან მომხმარებლების დაინტერესების კუთხით აქვთ. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე აქციას სკოლებში, აქტიური მარკეტინგული მხარდაჭერა არც დღემდე ჰქონია. ამბობენ, რომ მსგავსი აქტივობები, სამომავლოდ, აუცილებლად განხორციელდება.
“სტატიის გამოქვეყნების შემდგომ გამოგვეხმაურა KIDS SALON-ის დირექტორი, დავით ხარებავა, მისი განცხადებით პირველი ბავშთა სალონი რომელიც გაიხსნა თბილისში 2012 წლის მაისში იყო KIDS SALON, ხოლო აბრაკადაბრა 2012 წლის სექტემბრიდან გაიხსნა.”