ყოველწლიურად, სექტემბრის მოსვლას განსაკუთრებულად ელის ქართული და საერთაშორისო შემოქმედებითი ინდუსტრია. საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea, ბათუმში, თავს უყრის მარკეტერებს, კრეატორებსა და სფეროს გულშემატკივრებს. სამი დღის განმავლობაში, საფესტივალო გარემო აერთიანებს გამოცდილების გაზიარებას, გართობასა და კონკურსს. ღონისძიებას 1200-ზე მეტი დელეგატი სტუმრობს და მთელი წლის სამყოფი შემოქმედებითი ენერგიით იმუხტება. Ad Black Sea-ის წლევანდელ მხარდამჭერებს შორისაა UN Global Compact Network Georgia. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მინიჭებული მანდატით, ორგანიზაცია გლობალურად უზრუნველყოფს ბიზნესის ჩართულობას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში. ამასთან დაკავშირებით, წლევანდელ საკონკურსო ნაწილში სიახლეა. Ad Black Sea 2023 მოიცავს 13 საკონკურსო მიმართულებას, რომელთა შორისაც, წელს, ცალკე იქნება გამოყოფილი Sustainable Development Goals (People Planet Peace). UN Global Compact Network Georgia-ს ინიციატივით, ფესტივალზე მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე ოზლემ სენთურქი ისაუბრებს. ის 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უძღვებოდა პროექტებს ტექნოლოგიების, სერვისებისა და FMCG მიმართულებით.
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი, ასევე, აქტიურად ეხმარება ბიზნესებს, გახდნენ გაეროს სტანდარტის ხელმომწერი, სწორად დასახონ მიზნები, დაამყარონ პარტნიორობა და მოახდინონ ანგარიშგება გლობალურად აღიარებული სტანდარტის შესაბამისად. ორგანიზაციის შეფასებით, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები სწორედ მდგრადობის შესახებ განათლებისა და ცნობიერების ამაღლება და პარტნიორობის ხელშეწყობაა. ქსელისთვის მნიშვნელოვანია, ორგანიზაციებმა მდგრადობის მიმართულებით ცოდნა და გამოცდილება გაიუმჯობესონ. ასევე, წაახალისონ მულტისექტორული პარტნიორობა მდგრადი განვითარების დღის წესრიგი 2030-ის მისაღწევად. UN Global Compact Network Georgia მარკეტერს Ad Black Sea-ს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
M: რა არის ამ პარტნიორობის ამოსავალი წერტილი?
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და Ad Black Sea-ის პარტნიორობის მიზანია, გაზარდოს შემოქმედებითი სააგენტოების პოტენციალი და ცნობიერება მდგრადი განვითარების შესახებ. კორპორაციული მდგრადობა არა მხოლოდ ეთიკურად პასუხისმგებელიანი, არამედ სტრატეგიულად მომგებიანია კრეატიული სააგენტოებისთვის. ის პასუხობს საზოგადოების ცვალებად მოლოდინებს და აღნიშნულ სააგენტოებს, ინდუსტრიასა და მის ფარგლებს გარეთ, პოზიტიური ცვლილებებს ლიდერებად აყალიბებს.
M: რატომ უჭერთ მხარს Ad Black Sea-ს?
Ad Black Sea ინსპირაციის, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და ახალი იდეების დაბადების ადგილია. Ad Black Sea-ის საერთაშორისო კრეატივის ფესტივალი რეგიონის ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელიც ყოველწლიურად, ათასობით ნიჭიერ პროფესიონალს უყრის თავს როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო დონეზე. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ფესტივალი მნიშვნელოვანი პლატფორმაა პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცევის სტანდარტების პოპულარიზაციისთვის.
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და Ad Black Sea-ს ფესტივალის მიზნების თანხვედრა მოხდა საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილში, სადაც შესაძლებლობა გვექნება, ფართო აუდიტორიასთან მდგრად განვითარებაზე ვისაუბროთ.
კორპორაციული მდგრადობა შემოქმედებითი სააგენტოებისთვის რამდენიმე მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი: ერთის მხრივ, სულ უფრო მეტ კლიენტსა და მომხმარებელს იზიდავს ბიზნესები, რომლებიც ავლენენ ერთგულებას გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობისადმი და შიდა ოპერაციებში დანერგილი აქვთ მდგრადობის სტანდარტები. მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია კრეატიული სააგენტოების კლიენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ისეთი მომსახურება, რომელიც ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების მიდგომების დანერგვას ორგანიზაციებში.
M: თქვენი ხედვით, რა მნიშვნელობა აქვს Ad Black Sea-ს მხარდაჭერას ინდუსტრიისა და ქვეყნის განვითარებისთვის?
კრეატიულ სააგენტოებს გამორჩეული როლი აქვთ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებასა და ქცევაზე გავლენის მოხდენაში. იმ კამპანიებით, რომელიც ხელს უწყობს მდგრადობასა და სოციალურ თუ გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას, მათ შეუძლიათ მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლება და პოზიტიური ქმედებების შთაგონება. ბიზნესები, რომლებიც პროაქტიულნი არიან მდგრადი პრაქტიკის მიღებაში, გამოწვევებისთვის უკეთ არიან მომზადებული. მდგრადობა ახალისებს ინოვაციას და კრეატიულობას. მდგრადი გადაწყვეტილებების მოძებნა ხშირად მოითხოვს ჩარჩოებს მიღმა აზროვნებას, რამაც, შეიძლება, ხელი შეუწყოს ახალი და უნიკალური კამპანიის იდეების დაბადებას.
M: პროგრამაში კონტრიბუციაზეც რომ მოგვიყვეთ, რამდენად მნიშვნელოვანი თემაა თქვენთვის და რატომ აირჩიეთ ოზლემ სენთურქი?
სპეციალურად ღონისძიებისთვის, მოვიწვიეთ გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი კომპანიის – მსოფლიოში წამყვანი მონაცემთა, ინსაიტებისა და საკონსულტაციო კომპანია Kantar-ის გლობალური მდგრადი ტრანსფორმაციის პრაქტიკის უფროსი პარტნიორი ოზლემ სენთურქი.
მდგრადი ტრანსფორმაციის მისაღწევად, ოზლემი კომპანიებს კონსულტაციებს მსოფლიოს მასშტაბით უწევს. იგი ისაუბრებს „მდგრადი მარკეტინგი 2030“-ზე (Sustainable Marketing 2030 ) და WFA (World Federation fo Advertisers)-სა და Kantar-ის ერთობლივი კვლევის შედეგებზე. ამასთან, გაგვაცნობს ცირკულარული მარკეტინგისა და ზრდის ჩარჩოს, რომლის მიზანია, ხელახლა წარადგინოს მარკეტინგის როლი ბიზნესსა და საზოგადოებაში.აღნიშნული კი მარკეტინგს დაეხმარება მდგრადი მომავლის ნაწილი გახდეს.