შეიძლება არ ვიცოდეთ, სად ვხვდებით ახალ წელს, მაგრამ ქართული კრეატიული ინდუსტრიის ყველა წარმომადგენელი ზედმიწევნით ზუსტად გეტყვით, სად გაატარებს სექტემბრის სამ დღეს. 2015 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად, შემოდგომის დასაწყისს სარეკლამო სფეროს წარმომადგენლები შავი ზღვის სანაპიროზე აღნიშნავენ და ამ დღესასწაულს Ad Black Sea ჰქვია. ესაა სივრცე, რომელიც თავს უყრის კრეატიულ ადამიანებს და მათ გამორჩეული თავგადასავლისკენ მიუძღვება. ამჯერად, კრეატიული ფესტივალის მერვე სეზონის მომსწრე გავხდით. ფესტივალს 1300-ზე მეტი დელეგატი სტუმრობს. Ad Black Sea-ის მთავარი ხიბლი მისი მრავალფეროვნება და მუდმივი ცვლილებაა. ყოველ სეზონზე ვიცით, რომ ფესტივალზე საერთაშორისო სპიკერების გამოსვლებს მოვისმენთ, სფეროს პროფესიონალები ეწვევიან ჩვენს ქვეყანას, მიმოვიხილავთ აქტუალურ თემებს, დავესწრებით Marketer.ge-ის პანელს, ჩავერთვებით ვორქშოპებსა და გასართობ აქტივობებში და წლის საუკეთესო ნამუშევრებს გავეცნობით, თუმცა ორგანიზატორები ყოველ წელს ახერხებენ სრულიად ახალი განსხვავებული ვიზუალური სტილი და მიმართულება მისცენ ფესტივალს. სხვადასხვა დროს, Ad Black Sea-ის მთავარი თემა იყო Dive In, We Are Thinking, Tell Me Something I Don’t Know, წელს კი, ღონისძიების მთავარი სიტყვაა Devoted – DEVOTED TO IDEAS, TO CRAFT, TO CREATIVITY და გვესაუბრება მათზე, ვინც საკუთარ ენერგიას იდეებს, ქმნადობასა და კრეატივს უძღვნის. აქვე, ფესტივალის ვიზუალურ სტილზეც უნდა აღვნიშნოთ, რომელზეც მსოფლიო დიზაინის ლეგენდა სტეფან ზაგმაისტერის ხელწერას ამოვიკითხავთ. შეგახსენებთ, ზაგმაისტერი თბილისს 1-ლ მაისს სტუმრობდა და დიზაინის ფესტივალის მთავარი გამომსვლელი იყო.
Ad Black Sea 2024 ფესტივალის ოფიციალური გახსნა, ტრადიციულად, ვატო ქავთარაძის მისასალმებელი სიტყვით დაიწყო, რომელმაც სულ მალე, პირველი სპიკერი მოიწვია სცენაზე და ჩვენ წინაშე გერმანული სააგენტო Serviceplan Group-ის კრეატივ დირექტორი ნინა ფაულჰაბერი წარდგა. მისი სასაუბრო თემა ცნობისმოყვარეობასა და ბავშვურ მიდგომას ეხებოდა. ბავშვობაში ყოველი ჩვენგანი ინტერესით ვართ სავსე, ყველაფერი გვაოცებს და მუდმივი აღმოჩენის ეტაპებს გავდივართ. დიდობა „გვასერიოზულებს“ და ცვლის ჩვენს მიდგომას – არაფერი გვაკვირვებს, ბავშვურად ოვაციებს აღარაფერზე გამოვხატავთ. არადა, სწორედ ეს შეიძლება იყოს შემოქმედის საიდუმლო გასაღები. თანაც, თუ არაფერი გვაინტერესებს, თუკი ცნობისმოყვარეობა არ გვიბიძგებს მოქმედებისკენ, როგორ შეიძლება ვიარსებოთ შემოქმედებით ინდუსტრიაში?
პანელურ დისკუსიაზე Metro Production-ის დამფუძნებლებმა, მაიკო გურაბანიძემ და სანდრო გაბილაიამ, INNOCEAN Berlin-ის წარმომადგენლებთან ერთად, წლის მთავარი ჯილდო – Cannes Lions-ის გრან პრის მოპოვების შესახებ ისაუბრეს, თუ როგორ იქცა იდეა პირველ გრან პრიდ საქართველოს ისტორიაში.
სუზანა ალბუკერკი – პორტუგალიური სააგენტო Uzina-ს პარტნიორი და კრეატივ დირექტორი სიყვარულსა და უარყოფით ემოციებს შორის ბალანსის პოვნაზე გვესაუბრა, რაც შემოქმედებითი ინდუსტრიისთვის არის დამახასიათებელი. საკუთარი შემოქმედებიდან საინტერესო ამბებიც მიმოიხილა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო Samsung Galaxy-ისთვის შექმნილი კამპანია, რომლის ფარგლებშიც, მთელი პორტუგალიის ოკეანისპირა სანაპიროს პანორამა შექმნეს, რასაც 1 თვემდე დრო და 5000-ზე მეტი ფოტოს შეერთება დასჭირდა.
შემდეგ, სცენაზე ვიხილეთ იან მაკინონი – ბრიტანული სააგენტო Mackinnon and Saunders-ის თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი. მან პატივისცემა გამოხატა ტექნოლოგიური განვითარების მიმართ და ამავდროულად, გაგვაცნო, როგორ ქმნიდა პატარა ასაკიდან თიხისგან, ხის ნაჭრებისა და ქსოვილებისგან ფიგურებს და როგორ მიიყვანა ამ ყველაფერმა სტოპ-მოუშენით შექმნილ მასშტაბურ პროექტებამდე. პლასტელინით თამაშით დღემდე ვერთობიო, გაგვიმხილა.
საინტერესო გახლდათ პაკო კონდეს გამოსვლა. ის არის ამერიკულ-ესპანური სააგენტო Activista-ს თანადამფუძნებელი და კრეატივ დირექტორი. მისი კარიერა სამუდამოდ შეცვალა კამპანიამ ორგანოთა დონაციის პოპულარიზაციის შესახებ. პაკო კონდე იმდენად აანთო ადამიანებისთვის სასარგებლო პროექტების შექმნამ, გადაწყვიტა საკუთარი სააგენტოს მამოძრავებელი ძალა აქტივიზმი გამხდარიყო.
შესვენების შემდეგ, „მონოჰოლში“ გადავინაცვლეთ, სადაც ტრაციდიულად, პანელურ ნაწილს Marketer.ge მასპინძლობდა. პირველ ნაწილი აკო ახალაიას მასპინძლობით წარიმართა, რომელმაც საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის ახალ პრეზიდენტთან, ბეკი ფანცხავასთან ერთად ისაუბრა.
ბეკი ფანცხავა: „ახალი როლი ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან შემოქმედებითი ინდუსტრია ჩემთვის ძალიან ძვირფასია. უკვე 15 წელია ვმუშაობ ამ ადამიანებთან, რომლებმაც მომცეს შესაძლებლობა გავმხდარიყავი ACAG-ის ახალი პრეზიდენტი.
ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია და ძალიან ბევრი გამოწვევაც გვაქვს წინ, თუმცა ვფიქრობ, ყველაფერს გადავლახავთ. არაერთმა ადამიანმა გამოთქვა ასოციაციასთან თანამშრომლობის სურვილი და უკვე პირველ ნაბიჯებზე ვსაუბრობთ. ვფიქრობ, მარტივად შევძლებთ ნავიგაციას ასეთ რთულ და კონკურენტულ პერიოდში.
ჩემი ხედვაა, რომ ინდუსტრიის პოზიციონირება უნდა მოხდეს ბიზნესის ჭრილში. შემოქმედებითი ინდუსტრია და მისი პოტენციალი უფრო მეტად უნდა იყოს აღქმული საზოგადოებაში. ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა, რომელზე მუშაობაც უკვე ახლა უნდა დავიწყოთ. მალე, ვგეგმავთ კონკურსების გამოცხადებას, თანამშრომლობის დაწყებას რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულებასთან. მნიშვნელოვანია, რომ ინდუსტრიის ხმა კვლავაც სათანადოდ ისმოდეს და ღირსეულად გავაგრძელო აკოს დაწყებული საქმიანობა“.
პანელის მეორე ნაწილს ჯაბა შავიშვილი გაუძღვა, Mechanical Rainbow-სთან ერთად, რომლებმაც საკუთარ შემოქმედებაზე, TikTok-ტრენდსა და გამოცდილებაზე ისაუბრეს.
არ დავივიწყოთ გასართობი ნაწილიც. Sheraton Batumi-ს საკონფერენციო სივრცესა და „მონოჰოლის“ ყველა კუთხეში შეხვდებოდით სახალისო თამაშებსა და საჩუქრებს. ფესტივალის პარტნიორებმა გასართობ სივრცეებში უმასპინძლეს დელეგატებს.
Ad Black Sea 2024-ის პირველი დღე Mechanical Rainbow-ისა და Tobako Tween-ის წვეულებით დასრულდა.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი