ვაგრძელებთ Ad Black Sea 2024-ის თავგადასავლებზე საუბარს. ვინც ახლა შემოგვიერთდით, გეტყვით, რომ 12-14 სექტემბერს, ბათუმში, საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea იმართება. ღონისძიების ისტორია 2015 წლიდან იწყება. წლების განმავლობაში, Ad Black Sea დაიხვეწა, განვითარდა და მრავალფეროვან პლატფორმად იქცა. თუმცა, უცვლელია საფესტივალო ფორმატი – იგი კვლავინდებურად საერთაშორისო სპიკერების გამოვლებს, ვორქშოპებს, პანელურ საუბრებს (მათ შორისაა, Marketer.ge-ის პანელი), გასართობ აქტივობებსა და საკონკურსო ნაწილს მოიცავს. Ad Black Sea-ს მისი შექმნის დღიდან ვგულშემატკივრობთ და ყოველ წელს გიყვებით საფესტივალო შთაბეჭდილებების შესახებ – ღონისძიება ყოველთვის მრავალფეროვანია, თუმცა წლევანდელი Ad Black Sea კიდევ უფრო ფერადია. მთავარი გზავნილით – Devoted – 1300-ზე მეტი დელეგატი საკუთარ ემოციებს ფერადი მოხატულობებით გამოვხატავთ. ვაფერადებთ ყველაფერს – პოსტერებს, სამოსს, ჩანთებსა და მიქელანჯელოს დავითსაც კი. ჩვენ უკვე გიამბეთ, თუ როგორ ჩაიარა Ad Black Sea 2024-ის პირველმა დღემ, ახლა კი, დროა, ფესტივალის მეორე დღე მიმოვიხილოთ.
მთავარი სცენა რადიო თავისუფლების მარკეტინგის დირექტორმა ლაშა ღუღუნიშვილმა და Splice Media-ს დამფუძნებელმა რიშად პატელმა გახსნეს. მათი საუბრის მთავარი თემა AI-ის ეპოქაში ეფექტური მედია სტრატეგიის შემუშავებას ეხებოდა. იმ პირობებში, როდესაც მედია სულ უფრო ხდება მომხმარებელზე ორიენტირებული, მას აუდიტორიის ყურადღების მისაპყრობად დიდი ძალისხმევა სჭირდება. თანამედროვეობაში, ტენდენცია განსაზღვრავს მომხმარებლის ქცევას, თუ როგორ იყენებს ის ინფორმაციას. სპიკერების თქმით, მედია უნდა იყოს იმ ბარიერების გადასალახად, რასაც თანამედროვეობა უხვედრებს. გამომსვლელებმა მსმენელებს კითხვა-პასუხის რეჟიმშიც უპასუხეს.
ფესტივალის ფარგლებში, დელეგატებს ქართველი ხელოვანების ახლოდან გაცნობის საშუალება მიეცათ. ალბათ, კიდევ ძალიან დიდხანს გვემახსოვრება მხატვარ ეთერ ჭკადუას Ad Black Sea-ის სცენაზე ხილვა. ის არამხოლოდ საკუთარ შემოქმედებაში გაგვიძღვა, არამედ, თავისი ხედვისა და გამოცდილების დაუფარავად გაზიარებით საკუთარ თავებთანაც დაგვაახლოვა. შთამბეჭდავი იყო მისი ისტორიების მოსმენა, თუ როგორ გაარღვია ხელოვნების საბჭოური გაგება საკუთარი მეამბოხე ხასიათით, როგორ წავიდა აშშ-ში, სადაც არავის სმენოდა საქართველოზე და ცდილობდა ყველასთვის გაეზიარებინა, როგორია მისი სამშობლო, როგორ ამსგავსებდნენ ფრიდა კალოს, როგორ შედგა მისი პირველი გამოფენა…
გვიამბო, როგორ ჩავიდა იამაიკაში, ყველაზე სახიფათო უბნებს შეერია და ყველასათვის მოულოდნელად, მისი ცხოვრების ახალი თავი გადაფურცლა. წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ომის თემატიკაზე შექმნილმა მისმა ნამუშევრებმა, ოკუპაციის სიმბოლოდ ქცეულმა რუსულმა იარაღმა ქართულ ტრადიციულ სუფრაზე. ეთერ ჭკადუას შემოქმედების ყოველ ეპიზოდს საკუთარი მნიშვნელობა აქვს. თითოეულ ნამუშევარში სჭვივის ხასიათი, განწყობა, არცთუ იშვიათად – წინააღმდეგობა. ეს არ იყო ხელოვანის გამოსვლა აუდიტორიის წინაშე, ეთერ ჭკადუას Ad Black Sea-ზე ყოფნა დაგვამახსოვრდება, როგორც გაზიარება მეგობრისგან, რომელიც რეალურ ცხოვრებაზე გულწრფელად გვესაუბრება.
დაპირებისამებრ, UN Women-ის ინიციატივით, Ad Black Sea-ს ეწვია ტანია გრუბნერი, გერმანული სააგენტო Essity-დან. მისი გამოსვლა ქალებსა და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს ეძღვნებოდა. გუნდთან ერთად, მანდ ჩაუყარა საფუძველი პლატფორმას Live Fearless, რომლის საშუალებითაც მსოფლიოს გარშემო უამრავი ქალი გააერთიანეს.
ბრიტანული სააგენტო Food-ის დამფუძნებელი იან ტაიტი მომავალზე გვესაუბრა. როგორ წარმოგვიდგენია მომავალი? ხშირად, წარმოსახვას მეტისმეტად შორს მივყავართ. ფაქტია, რომ მომავლის ნაწილი უსათუოდ იქნება (და უკვე არის) ხელოვნური ინტელექტი. ჩვენ არ შეგვიძლია ავირჩიოთ, იქნება თუ არა AI ჩვენს რეალობაში, თუმცა ჩვენი გადასაწყვეტია, როგორ გამოვიყენებთ მას.
ბრაზილიელი საულო როხა მადრიდული სააგენტო DAVID-ის კრეატივ დირექტორია. 2020/21 წლებში, ის Adweek-ის კრეატიულ ასეულში #4 ადგილს იკავებდა. არცაა გასაკვირი, მან ხომ კანის ლომების სამი გრან პრი, ერთი ტიტანის ჯილდო და 13 ლომი მოიგო, 5 სხვადასხვა პროექტით. დიახ, სწორედ საულო როხა ესტუმრა Ad Black Sea-ის სცენას, რომელსაც ისეთ ბრენდებთან უმუშავია, როგორებიცაა: Burger King, Milka, Halls, Netflix, Coca-Cola, Dole, Twitter, Unilever Asia, Danone, Corona და სხვები.
დღის მეორე ნახევარში „მონოჰოლის“ სივრცეში გადავინაცვლეთ. Kaikona-ს დამფუძნებელი ნინო მარგველაშვილი სტუმრებს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ესაუბრა. მისი გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი ტვინს ეძღვნებოდა. გვიხსნიდა, რის გამოა, ზოგჯერ ჩვენი გონება ჩვენს იდეებთან წინააღმდეგობაში რომ მოდის და როგორ ასრულებს ტვინი მის მთავარ დანიშნულებას – დაგვეხმაროს, ვიყოთ კარგად.
Marketer.ge-ის პანელი „მონოჰოლში“ კანის ახალგაზრდა ლომების საუბრით გაგრძელდა. პანელურ საუბრებს წლის მთავარი კრეატიული ჯილდოს მფლობელი ახალგაზრდა ყმაწვილლომები სტუმრობდნენ. გვიამბეს, როგორი იყო მათი ყოველდღიურობა, სამზადისი Young Lions-ის მსოფლიო ჩემპიონატისთვის და რა შესაძლებლობები გახსნა ბრინჯაოს ჯილდოს მოპოვებამ ქართული ინდუსტრიისა და თითოეული კრეატორისთვის.
წლევანდელი წელი გამორჩეულია აქტივობებითაც. Ad Black Sea-ის პარტნიორი ბრენდების სივრცეებში უხვად წააწყდებით საჩუქრებს, თამაშებსა და ფერად მარკერებს, რითაც სპეციალური დიზაინით შექმნილი მერჩის მოხატვა შეგეძლებოდათ.
თავგადასავლებით აღსავსე დღე Mush One-ისა და Crusher-ის ჰიპ-ჰოპ წვეულებით გავაცილეთ. ხვალ კი, ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი გველის – ვორქშოპებისა და სპიკერების გამოსვლების შემდეგ, დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება და 14 ნომინაციის 100-მდე ქვეკატეგორიის გამარჯვებულებს გავეცნობით.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი