სარეკლამო ფესტივალის სამდღიანი თავგადასავლის ფონზე, კიდევ ერთი საინტერესო ამბავი გვინდა გაგიზიაროთ. აქვე შეგახსენებთ, 12-14 სექტემბერს, ბათუმი საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალ Ad Black Sea 2024-ს მასპინძლობდა, რომელმაც 2015 წლიდან მოყოლებული, ყოველი შემოდგომის პირველ დღესასწაულად აქცია ეს ღონისძიება. მეტიც, წლების განმავლობაში, Ad Black Sea იქცა პლატფორმად, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა სხვა მასშტაბურ ღონისძიებასაც – თბილისის დიზაინის ფესტივალს.
ტრადიციულად, Ad Black Sea-ის ფორმატი აერთიანებს საერთაშორისო პროფესიონალი სპიკერების გამოსვლებს, ვორქშოპებს, Marketer.ge-ის პანელს, უამრავ გასართობ აქტივობასა და საკონკურსო ნაწილს. უდავოდ, Ad Black Sea-ის განუყოფელი ნაწილია სიურპრიზებით სავსე სასაჩუქრო ჩანთები, რომლებიც ყოველწლიურად მზადდება ფესტივალის სტუმრებისთვის. თუკი 12-14 სექტემბერს სარეკლამო ფესტივალს სტუმრობდით, წლევანდელ მრავალფეროვან საჩუქრებს შორის, შეამჩნევდით ჟურნალს, რომელზეც ახლა უნდა გესაუბროთ. ეს გახლავთ დიზაინის ფესტივალის ჟურნალის პირველი ნომერი. მასში გაერთიანებულია ილუსტრაციები, რომლებიც სტეფან ზაგმაისტერის კონკურსის ფარგლებში შეიქმნა. სტეფან ზაგმაისტერმა კონკურსი, ჯერ კიდევ, თბილისის დიზაინის ფესტივალზე დააანონსა. კონკურსის თემაც პირადად შეარჩია – „რუსული აგრესიის წინააღმდეგ“. მასში მონაწილეობა იმ ქვეყნების წარმომადგენლებს შეეძლოთ, ვინც საკუთარ თავზე გამოცადა ან რუსული აგრესიის დამანგრეველ გავლენას ხედავს. კონკურსში ასობით ილუსტრატორმა მიიღო მონაწილეობა საქართველოდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უზბეკეთიდან, ლიტვადან, ლატვიიდან, ჰოლანდიიდან. საბოლოო გადაწყვეტილება სტეფან ზაგმაისტერმა მიიღო და შესაბამისად, კატალოგში მოცემულია შემდეგი ილუსტრატორების ნამუშევრები:
Julia Artemenko – “Freedom”, Ukraine
Maciek Blaźniak – “Culture of terror”, Poland
Artem Gusev – “Face of terror”, Ukraine
Yana Halchuk – “Murderer”, Ukraine
Ksenia Igolkina – “Bander cola”, “Fu#k you Russia”, Ukraine
Stas Kolotov – “Life will win”, Ukraine
Bartozs Kosowski – “Person of the year”, Poland
Kosma Masny – “DOVE”, “POOTIN”, Poland
Dato Mchedlishvili – “Peacekiller”, Georgia
Evgenia Nikolova – “Killing is nor bravery”, Bulgaria
Kateryna Shalnieva – “Evacuation”, Ukraine
Maksym Skoryk – “Blackout”, Ukraine
Kateryna Sokol – “Zmiinyi”, Ukraine
Anna Yurkova – “Pendulum”, Ukraine
Katarzyna Zapart – “Gift from Russia”, Poland
„ავარჩიე საკმაოდ ბევრი პოსტერი, რომლებსაც არ სჭირდებათ რაიმე დამატებითი ტექსტი: დარწმუნებული ვარ, მათი გზავნილების მიზნამდე მიღწევის შანსი დიდია, განსაკუთრებით გლობალურ სოციალურ მედიაში. მომწონს ექსტრემიზმი დიზაინში (მაგრამ მძულს ის პოლიტიკაში).
ესთეტიკური თვალსაზრისით მე მირჩევნია გამოსახულება, რომელსაც კომუნიკაცია ტიპოგრაფიის ჩარევის გარეშე შეუძლია. შევარჩიე რამდენიმე ნამუშევარი, რომელთა იდეა ჩემთვის ნაცნობი იყო, მაგრამ ამ იდეის შესრულება გახლდათ სრულიად ახლებური. ასევე შევარჩიე რამდენიმე ნამუშევარი, რომელთა ფორმა ( შესრულება) შეიძლება ნაცნობი იყო , მაგრამ იდეა იყო ახალი. და ასევე იყო რამდენიმე პოსტერი, რომელთა იდეაც და შესრულებაც იყო სიახლე“, – ამბობს სტეფან ზაგმაისტერი.
„2015 წლიდან, AD BLACK SEA-ს მთავარი მისიაა, ჩვენი რეგიონი ევროპის უახლეს კრეატიულ მიღწევებს დააკავშიროს და ხელი შეუწყოს სარეკლამო ინდუსტრიაში პროფესიონალების და ორგანიზაციების ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას. ჩვენ ვაგრძელებთ ამ მისიის შესრულებას და სამომავლოდაც ძალას არ დავიშურებთ მიზნის მისაღწევად.
ჩვენ, სტეფანთან ერთად გადავწყვიტეთ, დაგვეწყო და ტრადიციად გვექცია ახალი პროექტი.ყოველ წელს, ავირჩევთ კონკრეტულ აქტუალურ თემას და მისი გადაწყვეტის გზებს კრეატიულად მოაზროვნე ადამიანებს მივანდობთ.
წელს ამ თემის შერჩევა მარტივი იყო. გადავწყვიტეთ, რომ კრეატიულობა გამოგვეყნებინა რუსული აგრესიის წინააღმდეგ. რუსეთის შეჭრამ უკრაინაში დამანგრეველი შედეგები გამოიწვია, საქართველოს ტერიტორიის 20% კი კვლავ რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
ერთის მხრივ, ცნობიერების ამაღლების მიზნით და მეორეს მხრივ, კი იმიტომ რომ მსოფლიოსთვის მსგავსი ვითარება ჩვეულებრივი არ გახდეს, გამოვაცხადეთ ღია კონკურსი დიზაინერებისა და ილუსტრატორებისთვის, რათა მათ შეექმნათ პოსტერები, რომელიც დიზაინის ენაზე გამოხატავს ამ აგრესიის უსამართლობასა და სიბოროტეს“, – ამბობენ Ad Black Sea-ის წარმომადგენლები.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი