ქართული საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea 2017 დასრულდა. მასში 20-მდე ქვეყნის კრეატიული სააგენტო იღებდა მონაწილეობას და 10 კატეგორიაში პირველობის მოპოვებისთვის იბრძოდა. მსოფლიოს 20-მდე ქვეყანასთან ერთად, ფესტივალის შეჯიბრებაში, რა თქმა უნდა, ერთვებოდნენ ქართული კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლები, მათგან, ფესტივალში მონაწილე საუკეთესო ქართული სააგენტოს სტატუსი Leavingstone-მა მოიპოვა, ხოლო Windfor’s ორი ოქროს მფლობელი გახდა. 2 ოქროსთან ერთად, Ad Black Sea-ში მონაწილეობის შედეგად, Windfor’s ის ანგარიშზეა ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო, Leavingstone-ს ანგარიშზე – 4 ვერცხლი და 2 ბრინჯაო, ABK-ს ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო ერგო, ხოლო BetterFly და JWT Metro თითო ბრინჯაოს მფლობელები გახდნენ. მარკეტერი გთავაზობთ ფესტივალის თანადამფუძნებლის – ვატო ქავთარაძისა და Ad Black Sea 2017-ის საუკეთესო ქართულ სააგენტოდ აღიარებული Leavingstone-ს თანადამფუძნებლის – ლევან ლეფსვერიძის კომენტარს:

ვატო ქავთარაძე – ფესტივალ Ad Black Sea-ს თანადამფუძნებელი და Windfor’s-ის ხელმძღვანელი:
„ვფიქრობ, რომ ეს ფესტივალი წლიდან წლამდე უმჯობესდება და უფრო ხარსიხიანი ხდება, უფრო მეტ ადამიანს იზიდავს და უფრო მეტი წონა უჩნდება. ამ ყველაფერს თავისი ლოგიკა აქვს, ძალიან ბევრი ადამიანი დიდ შრომას დებს იმაში, რომ ეს შედეგი მივიღოთ. Ad Black Sea-ს აქვს საკმაოდ ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდი, ძალიან ბევრი ენერგია იხარჯება. წლების მატებასთან ერთად, გამოცდილებაც გვემატება, ამის ხარჯზე, უფრო ხარისხიანი გამოდის ფესტივალი. ერთმნიშვნელოვნად გაზრდილია მონაწილეებისა და დელეგატების რაოდენობა. მონაწილე ქვეყნების რაოდენობაც. ნამუშევრების რაოდენობა იგივეა, რადგან ზოგი ქვეყნიდან მეტი, ზოგიდან კი ნაკლები ნამუშევარი მივიღეთ. ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ იმით, რომ ასეთი შედეგით დაამთავრა „ვინდფორსმა” წელი და მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით ამ შედეგის მისაღებად. მე, როგორც ვინდფორსის ხელმძღვანელი წარმატებულ ფაქტად ვთვლი ამ მოვლენას. ის მიზანი, რაც დავუსახეთ საკუთარ თავს, შევასრულეთ და ამით ვფიქრობთ, რომ გარკვეული პრეცედენტი შევქმენით.”
ლევან ლეფსვერიძე – კრეატიული სააგენტო Leavingstone-ის თანადამფუძნებელი:
„კარგია და სასიხარულოა რომ ასეთი ღონისძიება გვაქვს საქართველოში. 3 წლის წინ, უბრალოდ, საშუალება არ ჰქონდა ახალგაზრდა თაობას და ზოგადად, ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანს, რომ შეხება ჰქონოდა უცხოელ პროფესიონალებთან. აზრების გაცვლა, სემინარები, ლექცია, ვორქშოპი, არაფერი ასეთი ხდებოდა. რა თქმა უნდა, ძალიან სასარგებლოა როცა ასეთი რამის საშუალება გვაქვს. დღეს შეგვიძლია მოვუსმინოთ სხვადასხვა ადამიანის გამოცდილებას, ვკითხოთ, დაველაპარაკოთ, ოფიციალურ ნაწილშიც და არაოფიციალურ ნაწილშიც, ლუდით ხელში. ეს ყველაფერი ინდუსტრიის მამოძრავებელი ძალაა, ასე ვიტყოდი. რაც შეეხება „ლივინგსტონის” გამარჯვებას, მეორე წელია რაც Ad Black Sea-ზე მონაწილეთა შორის საუკეთესო ქართულ სააგენტოდ ვსახელდებით. რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულო და საამაყოა. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ფესტივალში მონაწილე რუსული სააგენტოები, რომლებმაც მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს, ობიექტურად ძლიერები არიან. ვისურვებდი, რომ მომავალ წელს ქართველებს მათთან მიმართებაში „პლანკა” აგვეწია. ჩვენი სააგენტოს მხრივ, პირველ რიგში, ამას ვეცდებით. საკუთარ მოედანზე სხვები რომ გჯობიან, არ არის მოსაწონი. ცხადია, გასაგები მიზეზების გამო გვჯობიან, უდიდესი ქვეყანაა ჩვენთან შედარებით, ძალიან დიდი რესურსითა და ამ ყველაფრის შეფარდებით, პირობებისა და სიტუაციის გათვალისწინებით, ჩვენ შესაძლოა გაცილებით ვაჯობოთ მათ, მაგრამ შედეგი შედეგია, ფაქტია, რომ დაგვამარცხეს.”


დასასრულს კი გთავაზობთ ქართული სააგენტოების მიერ Ad Black Sea-ზე მოპოვებული ჯილდოების სრულ ჩამონათვალს:
Windfor’s – FILM – Vici – Bronze
Windfor’s – DIGITAL & MOBILE – Movla – Bronze
Windfor’s – DIGITAL & MOBILE – Dinner with Georgia – Silver
Windfor’s – ADVERTISING CAMPAIGNS – Dinner with Georgia – Gold
Windfor’s – MEDIA – Dinner with Georgia – Gold
Windfor’s – BRANDED CONTENT & VISUAL STORYTELLING – Dinner with Georgia – Bronze
Leavingstone – FILM CRAFT – Hungry Hungry Hamsters – Bronze
Leavingstone – DIGITAL & MOBILE – Hungry Hungry Hamsters; ჯილდო – Silver;
Leavingstone – DIGITAL & MOBILE CRAFT: VIDEO/MOVING IMAGE – Hungry Hungry Hamsters – Silver;
Leavingstone – ADVERTISING CAMPAIGNS – Silver;
Leavingstone – MEDIA – Flying Hammock – Bronze;
Leavingstone – BRANDED CONTENT & VISUAL STORYTELLING – Hungry Hungry Hamsters – Silver.
ABK- FILM CRAFT – Cutting costs – Bronze
ABK- PRINT & PUBLISHING – Pinocchio’s Sunbath – Silver
ABK – PRINT & PUBLISHING – Pinocchio’s Sunbath – Bronze
BetterFly – BRANDED CONTENT & VISUAL STORYTELLING – Happy Days – Bronze
J. Walter Thompson Metro – FILM CRAFT – Colors of Ajara – Bronze
















