მაღვიძარამ 8-ზე დარეკა. გაგვიმართლა და გავიღვიძეთ 9:30-ზე. მაინც მივუსწარით პირველ სემინარს. წინა საღამოს რომ მაგრად გაერთე და მეორე დილას სამსახურში მაინც მიხვედი, იმ სახით შევედით, წითელი ხარით “ავფრთიანდით” და ცოტა ხანში სპიკერის სახის გარჩევაც შევძელით. BBC Advertising-ის რეგიონალური წარმომადგენლობების ხელმძღვანელი სერგეი სტანივკინი ტერიტორიულ ბრენდინგზე საუბრობდა. თემა აქტუალური იყო, ამიტომ მასთან პირადად გასაუბრებაც გადავწყვიტეთ. ვკითხე, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის გამოყენებაზე, მეექვსმილიონე ტურისტზეც, გავრცელებულ შეცდომებზეც, საკმაოდ საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა.
შუადღეზე პანელური დისკუსია გაიმართა, სადაც პლაგიატისა და მეკობრული დანაშაულის შესახებ ისაუბრეს. დისკუსიას სოფიას უნივერსიტეტის პროფესორი კრისტო კაფტანჯიევი უძღვებოდა.
გუშინდელი გართობის შემდეგ, ფესტივალის მონაწილეებიც უფრო თავისუფლად გრძნობდნენ თავს და დარბაზის ბოლოს, კომფორტულად მოწყობილები ინტერესით უსმენდნენ სპიკერებს.
თუკი ვინმესი ძალიან შეგვშურდა, ეს სხვადასხვა სააგენტოს ის 40 კრეატორია, ვინც რავიდ კუპერბერგის ვორქშოპზე მოხვდა. დახურული შეხვედრა 4 საათის მანძილზე მიდიოდა და კარი გაიღო თუ არა, ფეხაკრეფით შევედით ფოტოების გადასაღებად. რავიდი უკვე სავიზიტო ბარათებს არიგებდა და ვორქშოპის მონაწილეებს ემშვიდობებოდა. ცდუნებას ვერ გავუძელი და გადავწყვიტე მასზეც დამეწერა უფრო ვრცლად, ამიტომ რამდენიმე წუთი ვთხოვე ინტერვიუსთვის, რომელსაც ორშაბათს შემოგთავაზებთ.
სემინარების შემდეგ, დაახლოებით 1.5 საათი გვქონდა Sector 26-ში თევზ-ფართის დაწყებამდე და სანამ ხატია მანიკურის მეორე ფენას იშრობდა, ამ ჩანაწერის გაკეთება გადავწყვიტე.
19:00 სთ-დან მოყოლებული, ზღვის სანაპიროზე მთელი Ad Black Sea-ს ჟრიამული ისმოდა. კატების ყურადღება გემრიელი თევზის სუნმა მიპყრო, ჩვენი კი, “არგოს” ბოთლის ახალმა დიზაინმა, რომელიც სპეციალურად Ad Black Sea-სთვის შეიქმნა.
მარკეტერის მუსიკის მიმართ სიყვარული არავისთვისაა უცხო, შესაბამისად, არც DJ-ები დარჩენილან ჩვენს კადრს მიღმა, მათ შორის, Ad Black Sea-ს ვეტერანი სპიკერი და ჟიურის უცვლელი მშვენება ფოლკერ ვრაგე, რომელიც როგორც აღმოჩნდა, მიქშერსაც ისევე ოსტატურად ფლობს, როგორც კრეატიულ გონს.
როცა ალკოჰოლმა ჩვენს თავებზე პეპლების წრეების გაკეთება დაიწყო, პლიაჟზე გავედით და მოშრუშუნე წყლის ხმა თბილისში მყოფ ჩვენს თანამშრომელ თინას ტელეფონით მოვასმენინეთ.
ამ მხიარულებაში, ჭადრაკის მოყვარულებსაც მიეცათ გასაქანი.
სხვებმა პუფები თეთრი ბურთულებისგან დაცალეს და თამაშობდნენ.
კიდევ უფრო სხვებმა თოვლის იმიტაცია მოიწყვეს.
როგორც ჩანს, ხატიას სარაჯიშვილის კოქტეილი ძალიან მოეწონა…
მოკლედ, იყო დიდი დიდი მხიარულება.
დღეს ამით დაგემშვიდობებით და ხვალინდელი, დამაგვირგვინებელი დღისთვის მოვემზადებით, მრავალალკოჰოლნაწრუპნი.
პ.ს. კუმბარს გუშინდელი ვალი გავუსტუმრეთ.
პ.ს. თინამ მითხრა, რა არის, სულ ხატიას რომ ახსენებ, მეც მომიხსენიეო, ჰოდა, გამარჯობა, თინა!