in

ბევრი მადლობა, ერთი ბოდიში და 48 საათი კანის ოქრომდე – ის, რაც არ იცოდით გიორგი აბულაძისა და ლუკა მოსიაშვილის თავგადასავლიდან

რამდენიმეწამიანი დაძაბული სიჩუმე ერთ წამში საყოველთაო ჟრიამულმა შეცვალა. კანის ლომების სცენაზე ქართული დროშა აფრიალდა. მოვიგეთ! ახალგაზრდული კონკურსის ოქრო Film კატეგორიაში საქართველოს სააგენტო „სუპერმარკეტის“ გუნდის წევრებმა გიორგი აბულაძემ და ლუკა მოსიაშვილმა მოუტანეს, ნამუშევრით Life In A Picture. 48 საათი – ეს დროის ის მონაკვეთია, როცა იდეა, ტექნიკური გამოწვევები, აგვისტოს მცხუნვარე მზე და წამზომის წნეხი ერთმანეთს ებრძვის. დღეს, ჩვენი რესპონდენტები იუმორითა და დიდი მადლიერებით გვიზიარებენ იმას, რაც კამერების მიღმა დარჩა, დაწყებული მადლობით, ბოდიშით და დილის ზღვითა და მაიამის მოულოდნელი პერსპექტივებით დამთავრებული. როგორც გუნდის წევრები  გვიყვებიან, ზუსტად იცოდნენ, რისთვის უნდა დაეთმოთ ფიქრის ყოველი წამი და შეიგრძენით ის ემოცია, რომელიც მხოლოდ ნამდვილ, გუნდურ თავდაჯერებულობას მოაქვს. გაიცანით გამარჯვებულები – გიორგი აბულაძე, რომელიც ვასკა ჩუბინიძისადმი მიძღვნილი მარათონის მაისურით ავიდა სცენაზე – გუნდმა ეს პირველობა სწორედ მის ხსოვნას მიუძღვნა და ლუკა მოსიაშვილი, რომელიც გეგმავს ყველა კატეგორიაში გამოცადოს საკუთარი ძალები და პირველობა მოიპოვოს.

M: კანის ოქრო მოიგეთ – როგორია ამ ამბის ის ნაწილი, რომელიც ზედაპირზე არ ჩანს და ისურვებდით, რომ გაიგონ ადამიანებმა?

გიორგი: პირველ რიგში, მინდა დიდი ან უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ “მარკეტერის” გუნდს – გაშუქებისთვის, სიყვარულისა თუ სიხარულისთვის. ასევე, გპირდებით, რომ ეს არ იქნება ერთადერთი მადლობა, რომელსაც ამ ინტერვიუში შეხვდებით!

კითხვას რომ დავუბრუნდეთ, ალბათ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ კანში დილის ხუთ, ექვს და შვიდ საათებზე საუკეთესო ზღვაა. ყველას გირჩევთ.

რაც ეხება ამ ამბის ჩემთვის ყველაზე საყვარელ ნაწილს, ესენი არიან ქართველები, რომელთა იმედიც შეიძლება გქონდეს. კონკურსის ყველა მონაწილემ უნდა იცოდეს, რომ, წესითა და რიგით, ასეთს კანშიც და არაკანშიც უამრავს შეხვდებით! მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ეს ადამიანი მოვიკითხო! მადლობა!

თუმცა მადლობის მეტიც გვეთქმის. ამიტომაც საჯაროდ ვუხდი ბოდიშს მარიამ სიმონიშვილს, რომელიც კანში ვიდეორგოლში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიყვანეთ სხვა ქალაქიდან  (თანაც შუადღეს. აი, მზე რომ ყველაზე მეტად აცხუნებს, მაშინ), გადავიღეთ, მაგრამ მისი კადრი ამოვჭერით მონტაჟისას! გვაპატიე, მარიამ!

M: 48 საათი ექსტრემალურად ცოტა დროა მსოფლიოს საუკეთესო ნამუშევრის შესაქმნელად. რამ აქცია თქვენი 60-წამიანი ვიდეორგოლი გამარჯვებულ ნამუშევრად?

გიორგი: 48 საათი ძალიან ცოტაა, მაგრამ 48 საათზე მეტი – ძალიან ბევრია. ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარი ისაა, რომ ეს დრო ყველა კონკურსანტისთვის თანაბარია. ისევე, როგორც დავალება და სხვა წესები…

რაც ეხება დროს, ის გადავანაწილეთ ისე, როგორც გამოგვივიდა და, ალბათ, როგორც წარმოგვედგინა. რიცხვებისა და სტატისტიკის მოყვარულთათვის კი ვიტყვი, რომ 48 საათიდან აღსრულებას დავუთმეთ დაახლოებით 12 საათი, დანარჩენი დრო კი უბრალოდ ვფიქრობდით, რისთვის დაგვეთმო 12 საათი.

M: როგორ ემზადებოდით მსოფლიო ტურნირისთვის?

გიორგი: დღეგამოშვებით გარკვეულ დროს სხვადასხვა თემატიკის ბრიფებზე ერთად ვმუშაობდით, კვირაში ერთხელ აღსრულების ნაწილზეც ვვარჯიშობდით ან რაიმე მსგავსი რომ გითხრათ, მოგატყუებთ! ასეთი არაფერი მომხდარა.

თუმცა წასვლამდე სააგენტოში ერთი-ორი და უფრო მეტი სიტყვაც შეგვაწიეს, ცოტათი გონებაც გაგვივარჯიშეს და, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ძალიანაც გამოგვადგა.

M: ლუკა, პირველად Cannes Lions-ზე Design-ით მოხვდი, ახლა Film-ში მიიღე მონაწილეობა და მსოფლიო ოქრო მოიგე – როგორ შეიცვალა შენი ხედვა დროის ამ მონაკვეთში?

ლუკა: ორი წლის წინ, ლუკა ივანიძესთან ერთად დიზაინის კატეგორიით მოვხვდი კანის ლომებზე. ეს ჩემთვის უკვე დიდი გამარჯვება იყო, რადგანაც საქართველოს მსოფლიო ასპარეზზე წარმოდგენის შესაძლებლობა მომეცა. თუმცა, საერთაშორისო ეტაპზე მედლის გარეშე დაბრუნება, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებაც იყო. მაშინ უფრო იმაზე ვფიქრობდი, როგორ შემექმნა იდეალურად შესრულებული ნამუშევარი. ამ ორმა წელიწადმა ჩემი დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეცვალა.

ამჯერად თავიდანვე ვიცოდი, რომ არ უნდა გვედევნა ისეთი იდეისთვის, რომელიც უბრალოდ „გამარჯვებულად“ ჩანდა. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, გაგვეკეთებინა ის იდეა, რომლისაც მეც და ჩემს მეწყვილესაც 100%-ით გვჯეროდა.

როცა ორივე ბოლომდე დარწმუნებული ხართ იმაში, რასაც ქმნით, ეს თავდაჯერებულობაც და საბოლოო შედეგიც სრულიად სხვანაირია. პირველი გამოცდილებისგან განსხვავებით, უკვე ვიცოდი, რა წნეხი მელოდა და როგორ უნდა მემუშავა ასეთ გარემოში. ალბათ, სწორედ ამ გამოცდილების, შეცდომებიდან მიღებული გაკვეთილებიც დაგვეხმარა, რომ ამჯერად ოქროს მედლით დავბრუნდით.

M: ლუკა, როგორც ახსენე, მომდევნო ოთხ წელში ოთხ ახალ კატეგორიაში გინდა გამარჯვება, რას უკავშირდება ასეთი მიზანი და როგორ გეგმავ მის მიღწევას? 

ლუკა: სიმართლე გითხრათ, როდესაც ეს ვთქვი, ვხუმრობდი… თუმცა, ალბათ, ყველა ხუმრობას რაღაც დოზით სიმართლეც ახლავს. ამ ეტაპზე, ნამდვილად არ მაქვს ისეთი განცდა, რომ უკვე მომდევნო ოთხ გამარჯვებას ვგეგმავ. ახალგაზრდა ლომებზე გამარჯვების შემდეგ უფრო ვფიქრობ იმაზე, რა ვისწავლე ამ გამოცდილებიდან, ვიდრე იმაზე, რა კატეგორიაში უნდა გავიმარჯვო შემდეგ ჯერზე. ვნახოთ, როგორ განვითარდება ყველაფერი. თუ მომავალში კიდევ მომეცემა შესაძლებლობა, დიდი სიამოვნებით ვცდი ძალებს სხვა კატეგორიებშიც.

M: ალბათ, ბევრს დააინტერესებს, მედლის გარდა, რა მიიღეთ ჯილდოდ…

გიორგი: არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს შორის ლიდერობს: „რა მიიღეთ პრიზად?“ მგონი, დადგა დრო, ყველამ იცოდეს.

გამარჯვებულებს Adobe-მ მაიამიში გასამართ Adobe MAX-ის ფესტივალზე დასასწრები ბილეთები გადმოგვცა. ასე რომ, თუ მაიამიში შემთხვევით მოვხვდებით, აუცილებლად დავესწრებით.

თუმცა ყველაზე მეტად ის გვახარებს, რომ მომავალ წელს კანში ისევ გველოდებიან. ფესტივალის ბილეთებიც და დარჩენის ხარჯებიც მათზეა.

ასე რომ, კანში დილის ხუთ, ექვს და შვიდ საათებზე ისევ შევალთ ზღვაში. მადლობა კანს!

M: გვჯერა, რომ თქვენი ამბავი საქართველოში ბევრ ახალგაზრდა ტალანტს მოანდომებს ძალები Cannes Lions-ზე გამოცადოს – რის გათვალისწინებას ურჩევდით?

გიორგი: რჩევებითა და რეკომენდაციებით სავსე სამყაროში ახალს ვერაფერს ვიტყვი, ამიტომაც მომავალ კონკურსანტებთან მექნება თხოვნა. უმორჩილესად გთხოვთ, ნამუშევარი ატვირთოთ დროზე ადრე და ატვირთოთ ინტერნეტით, რომლითაც იცით, რომ აუცილებლად აიტვირთება! მადლობა.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს

ინსტაგრამის AI ფუნქციები ფასიანი ხდება