25 დეკემბერს, Impact hub-ში საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციამ (ACAG) წევრთა საერთო შეხვედრა გამართა და 2019 წელი შეაჯამა.
ასოციაციის წარმომადგენლებმა წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე, მიმდინარე გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
ბოლო 2 თვის განმავლობაში, ACAG-მა 3 ახალი სააგენტო მიიღო: Hans&Gruber, Aliens, Mozaika და შეხვედრის პირველი ნაწილიც, სწორედ მათი გაცნობით დაიწყო.
განხილული იყო, ასევე, EDCA-ში (ევროპის საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია) ქართული სააგენტოების გაწევრიანების საკითხიც. სააგენტოების წარმომადგენლებმა ისაუბრეს, თუ როგორ უნდა გაწევრიანდნენ ამ ასოციაციაში, რა სარგებლის მომტანი შეიძლება, აღმოჩნდეს ეს ინიციატივა ქართული სარეკლამო ბაზრისთვის და რა როლი უნდა ითამაშოს ACAG-მა ამ პროცესში. შეთანხმდნენ, რომ ამ თემას ACAG-ის გამგეობა კიდევ ერთხელ, ცალკე განიხილავდა.
რაც შეეხება ასოციაციის მიერ 2019 წელს განხორციელებულ პროექტებს, ACAG-ის პროექტების მენეჯერმა, ლუკა ეჯიბიამ, პოსტერების კონკურსებზე, სპორტულ თუ ინტელექტუალურ შეჯიბრებებსა და სხვა დიდ პროექტებზე ისაუბრა. განსაკუთრებული აქცენტი კი, ორ საცდელ პროექტს დაუთმო: „ACAG-ის სტუდენტური კონკურსი“ და „სარეკლამო დღეები სკოლებში“.
ლუკა ეჯიბია: „ACAG-ის სტუდენტურმა კონკურსმა“ სტუდენტებში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. სპეციალურად ამ კონკურსისთვის შექმნილ ჯგუფში სხვადასხვა უნივერსიტეტის 400-ზე მეტი სტუდენტი გაერთიანდა. საბოლოოდ, კონკურსზე შემოვიდა 40 ნამუშევარი და გამოვლინდა 6 გამარჯვებული. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ამ ინიციატივით, ჩვენს მიზანს მივაღწიეთ – 4 სტუდენტი ასოციაციის წევრ სააგენტოში დასაქმდა – აღმოვაჩინეთ ახალი კადრები ქართული საკომუნიკაციო ბაზრისთვის.
რაც შეეხება „სარეკლამო დღეებს სკოლებში“ – შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის პროექტი, რომელიც ყველა ჩართულ სააგენტოს შეუყვარდა. პირველ, საცდელ წელს, საქართველოს სამ სხვადასხვა რეგიონში, 11 სკოლას ვეწვიეთ. ამ პროექტის შედეგად, აღმოვაჩინეთ, რომ დამამთავრებელ კლასებში, ბავშვებმა იმაზე ცოტა იცინ საკომუნიკაციო სფეროზე, ვიდრე გვეგონა, მაგრამ იმაზე დიდი ინტერესი გამოხატეს, ვიდრე ამას წარმოვიდგენდით. ამ შემთხვევაშიც, ვფიქრობთ, რომ პროექტის მიზანი – ახალ თაობაში საკომუნიკაციო სფეროს მიმართ ინტერესის გაზრდა – შევასრულეთ.
სწორედ ამიტომ, 2020 წლის განმავლობაშიც ვგეგმავთ როგორც სტუდენტური კონკურსის, ასევე სკოლებში სარეკლამო დღეების გამართვას – ვფიქრობ, მასშტაბებს გავზრდით, უფრო მეტ სკოლას ვეწვევით და შემოქმედებითი სფეროთი უფრო მეტ სტუდენტსაც დავაინტერესებთ“, – ამბობს ლუკა ეჯიბია.
ACAG-ის წარმომადგენლებმა 2019-2020 წლისთვის შეცვლილ რეიტინგების სისტემასა და სარეიტინგო ფესტივალების კოეფიციენტებზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს, რომ 2020 წლის Ad Black Sea-ზე წლის საუკეთესო დიზაინ სტუდია და წლის კრეატიული სააგენტო სწორედ ამ შეცვლილი სისტემით გამოვლინდება.
შეხვედრის დასკვნითი ნაწილი Secret Santa-ს საჩუქრების გაცვლით დასრულდა. სეკრეტ სანტა უკვე მეორე წელია, ACAG-ის წევრი სააგენტოების ერთ-ერთი მთავარი წინასაახალწლო გასართობია. კრეატიული სააგენტოები საკითხს, ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, შემოქმედებითად უდგებიან და ამიტომაც, ერთმანეთისთვის განკუთვნილი საჩუქრებიდან გასაკვირი არაა, რომ იყო ასეთებიც: ცხვარი და 20-20-იანი, PlayStation 4, ცოცხალი თევზი, პინგ-პონგის მაგიდა და სხვა.














