27 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო Radisson-ში, საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG) გამართავს შეხვედრას ადგილობრივ სარეკლამო სააგენტოებთან, მარკეტერებთან, ტურიზმის სამსახურთან, სტუდენტებთან და მთავრობის წარმომადგენლებთან. საქართველოს წამყვანი საკომუნიკაციო სააგენტოები გაუზიარებენ გამოცდილებას ადგილობრივ სააგენტოებს, აჩვენებენ წარმატებულ ქეისებს და ჩაატარებენ ლექცია-მასტერკლასებს. ასევე, გაეცნობიან საკომუნიკაციო სააგენტოებსა და მარკეტერებს და მოისმენენ მათ აზრს მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრაზე დამსწრე სტუდენტებს საშუალება მიეცემათ დააფიქსირონ თავისი აზრი და კითხვები დაუსვან სტუმრებს. შეხვედრის მიზანია რეგიონის, რეგიონული სააგენტოებისა და ქართული სარეკლამო ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა, ასევე, ქართული საერთაშორისო ფესტივალის AD BLACK SEA-ს პოპულარიზაცია.

ლუკა ეჯიბია, ACAG, პროექტების მენეჯერი: “საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG) რამდენიმე წელია მუშაობს ქვეყნის კრეატიული ინდუსტრიის განვითარებაზე. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია რეგიონის ჩართულობაც. სწორედ ამიტომ, 27 ივლისს, ასოციაციისა და მისი წევრი 8 სააგენტოს წარმომადგენლები ბათუმის “რედისონში” შევხვდებით ადგილობრივ საკომუნიკაციო სააგენტოებს, კომპანიების დირექტორებს, მარკეტინგის მენეჯერებს, მთავრობის წარმომადგენლებს, ტურიზმის განვითარების სამსახურის წარმომადგენლებს და სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს. გავაცნობთ, რას წარმოადგენს ACAG, რა პროექტები გვაქვს განხორციელებული, რა ჯილდოები აქვთ მოპოვებული ასოციაციის წევრ სააგენტოებს. გვექნება პანელური დისკუსია, სადაც ადგილობრივი სააგენტოების წარმომადგენლები გაგვიზიარებენ თავიანთ ხედვებს, რა მდგომარეობაა დღეს ადგილობრივ სარეკლამო ბაზარზე, რისი შეცვლაა საჭირო და ა.შ.
ვისაუბრებთ ქართულ საერთაშორისო ფესტივალზე – AD BLACK SEA. ამ ფესტივალის პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და საერთოდ, მთელი ქვეყნისთვის. როგორც უკვე აღვნიშნე, შეხვედრაზე მოწვეული გვყავს ტურიზმის განვითარების სამსახურისა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, რომლებთან ერთადაც განვიხილავთ, რა ხელშეწყობა შეიძლება ჰქონდეს ამ სარეკლამო ფესტივალს სახელმწიფოსგან და რა როლი აქვს მას ტურიზმის განვითარებისთვის.
ვფიქრობ, ეს შეხვედრა ხელს შეუწყობს ქართული სარეკლამო ინდუსტრიის განვითარებას. გაამარტივებს კომუნიკაციას სააგენტოებს და კომპანიებს შორის, გაზრდის რეგიონული სააგენტოების ინტერესს ადგილობრივი და საერთაშორისო კრეატიული ფესტივალებისადმი. შეხვედრა მნიშვნელოვანი იქნება კრეატიული ინდუსტრიით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, რადგან მათ საშუალება მიეცემათ უფრო ახლოს გაიცნონ საკომუნიკაციო სფერო და კარგად დაინახონ მისი სპეციფიკა.”
თამარ ცინცაძე, AD BLACK SEA, აღმასრულებელი მენეჯერი: “მეოთხე წელია, რაც ფესტივალს ვატარებთ ქალაქ ბათუმში და პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივების ჩართვა მინიმალურია, რაც გულდასაწყვეტი და აუცილებლად გამოსასწორებელი ამბავია. ამის მიზეზი შეიძლება კომუნიკაციის ნაკლებობა იყოს ან ფესტივალის მნიშვნელობის ბოლომდე ვერ გააზრება. სხვა ქვეყნებში ის ქალაქები, სადაც ფესტივალები იმართება, კანი, პორტოროჟი, მთელი წლის განმავლობაში ემზადებიან სტუმრების დასახვედრად. ის ფაქტი, რომ საქართველოს საკუთარი სარეკლამო ფესტივალი აქვს, ძალიან საამაყოა, რადგან ძალიან ბევრ ჩვენზე დიდ ქვეყანას არ აქვს ასეთი შესაძლებობა. ფესტივალის გარდა, დადებით შთაბეჭდილებას სტუმრებზე, ბუნებრივია, ბათუმიც ახდენს, სწორედ ამიტომ გვინდა, რომ ქალაქი კიდევ უფრო მეტად იყოს ინტეგრირებული ჩვენს პროგრამაში. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი გვეხმარება გარკვეული საკითხების გადაჭრაში და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდება. ამ შეხვედრიდან ველით, რომ მეტი ბათუმელი დაინტერესდება ფესტივალით და წელს ვიხილავთ მათ, როგორც დელეგატების ამპლუაში, ასევე პარტნიორების როლში.”













