ACAG-ის წევრი საკომუნიკაციო სააგენტოები თვითიზოლაციის წასახალისებლად, სპეციალურ პოსტერებს შექმნიან. საკონკურსო ბრიფის მიხედვით, ნამუშევრებმა უნდა მოუწოდოს მოგზაურობიდან დაბრუნებულ ყველა ადამიანს, დარჩეს ან განთავსდეს იზოლირებულ გარემოში და ხელი შეუწყოს COVID-19-ის, იგივე „კორონავირუსის“ გავრცელების შეჩერებას.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ამ ვირუსთან გასამკლავებლად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა პრევენციაა. სწორედ მისი ნაწილია თვითიზოლაცია. თვითიზოლაციის რეკომენდაციას აძლევენ ყველა პირს, ვინც ბოლო პერიოდში (14 დღე), მოგზაურობდა მაღალი რისკის ქვეყნებში ან ახლო შეხება ჰქონდა ვირუსის მატარებელ ადამიანთან.
ACAG-ის სააგენტოების შექმნილი პოსტერები, თვითიზოლაციის წასახალისებლად, 20 მარტიდან გამოჩნდება. ნებისმიერი დაინტერესებული მედიასაშუალება ან კომპანია უფასოდ მიიღებს და შეძლებს, მათი გამოყენებით, კიდევ უფრო ეფექტურად გაავრცელოს ინფორმაცია თვითიზოლაციის აუცილებლობაზე.












