in

ACAG ევროპის საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის წევრი გახდა

საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG) ევროპის საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის წევრი გახდა (EACA).

 

ACAG-ში ამბობენ, რომ ეს ხელს შეუწყობს, საქართველოში, შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებას. ასევე, მოქმედ სააგენტოებს საშუალებას მისცემს, ამ სფეროში მიმდინარე გლობალურ პროცესებში ჩაერთონ, რაც დადებითად აისახება, ზოგადად, ბიზნესგარემოზე.

„ACAG, 2017 წლიდან, ADCE (Art Direct Club of Europe)-ს წევრია. ახლა კი ევროპის საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის წევრი გახდა. ასეთ გაერთიანებებში ჩვენი ყოფნა ხელს უწყობს, საქართველოში, მთლიანად შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებას. ამასთან, ადგილობრივ სააგენტოებს შესაძლებლობა ექნებათ, მაქსიმალურად ჩაერთონ, ამ სფეროში მიმდინარე გლობალურ პროცესებსა და აქტივობებში, მიიღონ მეტი ინფორმაცია, დაამყარონ ახალი კავშირები და ა.შ.“, – ამბობს ACAG-ის პროექტების მენეჯერი ლუკა ეჯიბია.

EACA 2500-ზე მეტ ქსელურ და დამოუკიდებელ, სარეკლამო, მედია, ციფრულ, ბრენდინგ და პიარ სააგენტოს აერთიანებს. ასევე – 30 ქვეყნის ეროვნულ ასოციაციას, მათ შორის უკვე ქართულსაც.

„ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, საქართველოში, შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთო ხარისხის ასამაღლებლად. ქართული საკომუნიკაციო ინდუსტრიის პროდუქტი, იქნება ეს მასშტაბური კამპანია, ცალკეული ვიდეორგოლი, პოსტერი თუ მობილური აპლიკაცია, გამოირჩევა მსოფლიო ხარისხით, რაც არაერთხელ დადასტურდა მაღალი დონის, საერთაშორისო, შემოქმედებით კონკურსებზე მიღებული აღიარებით. ზოგადად, საქართველოში, ეს სფერო განვითარდა და უფრო მრავალფეროვანი გახდა. თუმცა იმისათვის, რომ გავიზარდოთ როგორც ბიზნესსექტორი, მხოლოდ გამართული საბოლოო პროდუქტი არ კმარა. აუცილებელია განვავითაროთ პროცესები, ავწიოთ ოპერირების სტანდარტები, მივუახლოვდეთ განათლების, ბიზნეს ეთიკის, პირადი ინფორმაციის დაცვის, სოციალური პასუხისმგებლობის თუ სხვა ღირებულებების იმ დონეს ინდუსტრიაში, რომელზეც ამ შემთხვევაში იმყოფება ევროპა“ – ამბობს ACAG-ის საერთაშორისო ასოციაციებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე დავით მეზვრიშვილი.

მისივე თქმით, ევროპის საკომუნიკაციო ბაზარზე 2019 წელს 135 მილიარდი ევრო დაიხარჯა. ეს კი ნიშნავს, რომ არსებობს აქტივობის უამრავი მაგალითი, თითქმის ყველა ტიპის კამპანიებზე, ბრენდებსა და კომპანიებზე.

EACA-ს წევრობა გვაძლევს საშუალებას, შუამავლების გარეშე ვესაუბროთ ამ თანხების მაგენერირებელ ძირითად მოთამაშეებს. ჩვენთვის ეს შეიძლება გახდეს გამოცდილების მიღების კიდევ ერთი უწყვეტი წყარო, რომელიც პროცესებისა და პროდუქტების ხარისხის აწევაში დაგვეხმარება. ასოციაციაში გაწევრიანების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ის არის, რომ მოხდეს გამოცდილების და ცოდნის იმპორტი საქართველოში. წევრობა მოგვცემს საშუალებას, ვიმუშაოთ გლობალურ და ლოკალურ საკითხებზე ინდუსტრიის მსოფლიო ლიდერებთან ერთად“.

დავით მეზვრიშვილი ამბობს, რომ EACA-ს ​წევრობით, ACAG შეძლებს, ევროპელი კოლეგებისგან აიღოს ასოციაციის მართვისა და მოწყობის საუკეთესო მაგალითები.  შედეგად, კი ასოციაციის, როგორც ინდუსტრიის განვითარების და გაერთიანების ხელშემწყობი ორგანოს როლი გაიზრდება.

„ამ ეტაპზე, დაგეგმილია ჯგუფური სამუშაო სესიები შემოქმედებით სფეროში მოღვაწე ახალგაზრდების კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ასევე, აპრილის ბოლოს, კოპენჰაგენში გაიმართება ინდუსტრიის ლიდერების 2020 წლის პირველი შეკრება, სადაც უკვე ქართული ასოციაციის წარმომადგენლებიც გავემგზავრებით. ვიმედოვნებ, თანამშრომლობა პირდაპირპროპორციულად აისახება ჩვენი სექტორის განვითარებაზე, რომელიც თავის მხრივ, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ზოგადად ქვეყნის ბიზნეს გარემოს წინსვლაში“.

დრონები, რომლებიც ხეებს რგავენ

ნეკა თითის სევდა KFC-ს კამპანიაში