საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციაში (ACAG) სიახლეა. ACAG-ს კიდევ ორი საკომუნიკაციო სააგენტო შემოუერთდა: Watergunz და Ogilvy. ასოციაცია 2015 წელს დაფუძნდა და დღესდღეობით, საქართველოში მოქმედ ოც სარეკლამო სააგენტოს აერთიანებს. ACAG-ის მიზანია საქართველოში სარეკლამო და მარკეტინგული სფეროს განვითარება. ასოციაციაში გაწევრიანება სააგენტოებისა და ACAG-ის წარმომადგენლებმა შეაფასეს.
ბაჩო მებურიშვილი, Watergunz, კრეატივის დირექტორი: “ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ასოციაციების წევრობა თითოეული სააგენტოსთვის. მნიშვნელოვანია როგორც გამოცდილების გაზიარების, ასევე კორდინირებული მუშაობის კუთხით.”
რობი გველუკაშვილი, Ogilvy, დირექტორი: “საბედნიეროდ, ქართული სარეკლამო ინდუსტრია სწრაფად ვითარდება. განვითარების მოცემულ ტემპს კი ქმნის არა ერთი კონკრეტული

სააგენტო, არამედ ბაზარზე მოღვაწე ორგანიზაციების ერთობლიობა. ეს იქნება ციფრული ან სრული სერვისის მქონე სააგენტო თუ კრეატიული ან დიზაინის სტუდია. როგორც Ogilvy-ს გლობალური ოჯახის წარმომადგენლისთვის საქართველოში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიყოთ ზემოაღნიშული პროცესის მონაწილე.
გვჯერა, რომ ასოციაციის წევრობა შესაძლებლობას მოგვცემს უკეთ დავინახოთ ბაზარზე არსებული გამოწვევები, გავაანალიზოთ მათი მასშტაბები და მოვუძებნოთ გადაჭრის გზები. ასევე, ახლოს გავიცნოთ წევრი სააგენტოები და გავიზიაროთ მათი ცოდნა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ამასთან, ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ “ოგილვის” 70-წლიანი გამოცდილება, მსოფლიოს 83 ქვეყნიდან, ფასეულობას შექმნის ასოციაციისთვის და დადებითად აისახება მის სამომავლო განვითარებაზე.
ვფიქრობ, ბიზნეს ასოციაციების როლი ფასდაუდებელია, როგორც კონკრეტული ინდუსტრიების, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით. სარეკლამო სფეროს შემთხვევაში, სწორედ ACAG ქმნის გარემოს, სადაც კონკურენცია და კოლეგიალობა ჰარმონიაში მოდის. ეს კი მნიშვნელოვანია იმ დიდი სურათისთვის, რასაც ქართული სარეკლამო ინდუსტრია ჰქვია.”

ლუკა, ACAG, პროექტების მენეჯერი: “როგორც მოგეხსენებათ, ასოციაცია 4 წლის წინ დააფუძნა 10-მა სააგენტომ, თუმცა ეს არ იყო მხოლოდ მათთვის შექმნილი გაერთიანება და ნებისმიერ საკომუნიკაციო კომპანიას შეეძლო ასოციაციის წევრობა. ACAG არის ცოცხალი ორგანიზმი და 2015 წლიდან დღემდე ასოციაციის წევრის სტატუსი ქონდა 30-მდე სააგენტოს. ამჟამად, ასოციაცია 20 საკომუნიკაციო სააგენტოს აერთიანებს.
ასოციაციაში გაერთიანებით სააგენტო იღებს ბევრ სხვადასხვა ტიპის ბენეფიტს. ACAG-ის წევრი სააგენტოები მუდმივად ფორმაში არიან, ეჯიბრებიან ერთმანეთს სხვადასხვა კონკურსში, რაც ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებას ნიშნავს. ასოციაციას აქვს რეიტინგების სისტემა, რომელიც პირდაპირ ასახავს სააგენტოს მიღწევებს და ამძაფრებს კონკურენციას.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ACAG-ის წევრები სარგებლობენ გარკვეული შეღავათებით ადგილობრივ ფესტივალებზე. (AD black Sea, Young Lions , Young Eurobest)
2019 წლის აპრილიდან ასოციაციას შემოუერთა ორი ახალი სააგენტო – Ogilvy georgia და Watergunz. ასოციაციისთვის ამ სააგენტოების მიღება, ნიშნავს შიდა რესურსების კიდევ უფრო გაზრდას, ცნობადობის ამაღლებას და შიდა კონკურენციის კიდევ უფრო გამძაფრებას, რაც დადებითად აისახება ასოციაციის მუშაობაზე და მომავალი პროექტების კიდევ უფრო ხარისხიანად განხორციელებაზე.”