5
Apr
2019

ACAG-ის მორიგ პრინტ კონკურსს 2 ჟიური შეაფასებს

5 Apr 2019

საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG), კომპანია World Link-თან და ინოვაციების ხელშეწყობის ფონდთან ერთად, მორიგ პრინტ კონკურსს ატარებს. ღონისძიების პირველი ნაწილი 2019 წლის მარტსა და აპრილში გაიმართა, თემით „პროფესიულ განათლებაში ქალების ჩართულობა“. სააგენტოებმა ნამუშევრები უკვე წარადგინეს. დარჩენილია შეფასების ეტაპი. აღსანიშნავია, რომ ამ კონკრეტულ კონკურსს ორი სხვადასხვა ჟიური ეყოლება.

„მონაწილე სააგენტოებს 10 დღის განმავლობაში უნდა შეექმნათ საკომუნიკაციო მესიჯის მატარებელი პოსტერი, რომელიც დაამსხვრევდა სტერეოტიპს „ქალის საქმე არაა” და მოუწოდებდა ქალებს, მიეღოთ პროფესიული განათლება საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მიმართულებით, როგორიცაა  IT, ავიაცია, საზღვაოსნო პროფესიები, სარკინიგზო ტრანსპორტი, ინჟინერია და ა.შ.“.

ორგანიზატორების თქმით, კონკურსის ჩატარება აუცილებელი, შემდეგი გარემოების გამო გახდა: 

„საქართველოში სამუშაო ძალაში ქალთა მხოლოდ 50% მონაწილეობს, კაცების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 79%-ია. იმ ოჯახებში სადაც ქალები არ მუშაობენ, ბევრად რთული ეკონომიკური პირობებია. ამავდროულად, დასაქმებული ქალები 41%-ით ნაკლებ შემოსავალს გამოიმუშავებენ, ვიდრე – კაცები. (CRRC, UN Women კვლევა 2018). დღეისათვის კი პროფესიული განათლება დასაქმებისკენ უმოკლეს გზას წარმოადგენ.  განსაკუთრებით მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად საინჟინრო – საბუნებისმეტყველო კარიერებში. შესაბამისად, ამ კუთხით ქალების წახალისება და გავრცელებული გენდერული სტერეოტიპებისგან განთავისუფლება მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით ორგანიზაცია World Link და ინოვაციების ხელშეწყობის ფონდი საქართველოში აშშ-ის მთავრობის დაფინანსებით  ახორციელებს პროექტს „პროფესიული განათლების სფეროში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრა“.

კონკურსში მონაწილეობდა 12 საკომუნიკაციო სააგენტო : Windfor’s, Leavingstone, Elliot, Gepra, ABK, BRID, Mr.Wolf , Holmes&Watson, Socialsharks, Redberry, Kollektiv და JWT METRO.

ACAG-ის წესების მიხედვით მონაწილე სააგენტოები აფასებენ ერთმანეთის ნამუშევრებს და სწორედ მათ მიერ გამოვლენილი გამარჯვებულები იღებენ ქულებს ასოციაციის რეიტინგების სისტემაში.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ კონკურსს, ასოციაციის ჟიურისთან ერთად, დამატებით ალტერნატიული ჟიური ეყოლება, რომელიც, პარალელურად, თავის ფავორიტ ნამუშევარებს გამოავლენს.

დამატებითი ჟიურის წევრები არიან:

  • 1. ანა ხარიბეგაშვილი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს გრანტების მენეჯერი;
  • 2. ნინუცა ნანიტაშვილი, ინოვაციების ხელშეწყობის ფონდის დირექტორი;
  • 3. ქეთი მამინაიშვილი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის გენდერისა და სოციალური საკითხების ინტეგრირების დირექტორი;
  • 4. ნინო გამისონია, გენდერის ექსპერტი, პროექტის “ქალები საქართველოდან” თანა-ავტორი;
  • 5. ანა შენგელია – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი.
  • 6. გვანცა ტოროშელიძე – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის სპეციალისტი.
  • 7. გვანცა ასათიანი – გაეროს ქალთა ორგანიზაცია, კომუნიკაციების ანალიტიკოსი.

ნამუშევრები 10 აპრილს გასაჯაროვდება . ამავე დღეს გამოცხადდება ჟიურის შეფასება და გამოვლინდება გამარჯვებული სააგენტოები.

განხილვა