20
May
2019

ACAG-ის სტუდენტური კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია!

20 May 2019

საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის (ACAG) სტუდენტური კონკურსი დასრულდა. ვიდეოსა და IMC (ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაცია)-ის კატეგორიაში ჟიურიმ გამარჯვებულები უკვე გამოავლინა. 6-დან 4 ჯილდო „თავისუფალი უნივერსიტეტის“,  1 „საქართველოს უნივერსიტეტის“, 1 კი GIPA-ს სტუდენტებმა მოიგეს.

 

კატეგორია Video – გამარჯვებულები:

  • I ადგილი – ანა როსტომაშვილი, ანა კილაძე („თავისუფალი უნივერსიტეტი“)
  • II ადგილი – გიორგი ფაიქრიძე, ლუკა გორგოძე („თავისუფალი უნივერსიტეტი“)
  • III ადგილი – გია ტყემალაძე სანდრო ალექსიძე (GIPA)

კატეგორია IMC –  გამარჯვებულები:

  • I ადგილი – მარიკა ხანთაძე, თამარ გამყრელიძე („თავისუფალი უნივერსიტეტი“)
  • II ადგილი – ლალუ ჯიქიძე, დავით ვახვახიშვილი („საქართველოს უნივერსიტეტი“)
  • III ადგილი – ლაშა კოტორაშვილი, რეზო კუკავა („თავისუფალი უნივერსიტეტი“)

საბოლოო გამარჯვებულების გამოვლენამდე, რამდენიმე დღით ადრე, ჟიურიმ 45 ნამუშევრიდან, ორივე კატეგორიაში 17 ფინალისტი გუნდი შეარჩია.

გამარჯვებულები სპეციალურ ცერემონიაზე დაასახელეს და სიგელებით დააჯილდოვეს. კონკურსანტების ნამუშევრებმა კრეატიული ინდუსტრიის სპეციალისტების მოწონება დაიმსახურა – ACAG-ის წევრი სააგენტოების წარმომადგენლებმა, რამდენიმე მათგანთან მუშაობის სურვილი უკვე გამოთქვეს.

ACAG-ის პროექტების მენეჯერი ლუკა ეჯიბია ამბობს, რომ ორგანიზატორებმა მთავარი მიზანს მიაღწიეს – კონკურსი შედგა. 

„ჩვენი ძირითადი მიზანი იყო საკომუნიკაციო ინდუსტრიის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში, საკომუნიკაციო ინდუსტრიის განვითარება და ახალი კადრების აღმოჩენა. პროექტით დაინტერესებამ და ნამუშევრების ხარისხმა, ნამდვილად გადააჭარბა მოლოდინს. კონკურსანტები ძალიან ყურადღებით ეკიდებოდნენ მიცემულ დავალებას. საბოლოო შედეგიც შესაბამისი მივიღეთ. არა და, უმრავლესობა პირველად მონაწილეობდა მსგავს კონკურსში“, – ამბობს ლუკა ეჯიბია.

კონკურსი მომავალშიც გაგრძელდება. ორგანიზატორების აზრით, ეს ერთ-ერთი საუკეთესო გზაა კრეატიული  ინდუსტრიის განვითარებისთვის.

კონკურსის მნიშვნელობაზე საუბრობს მარკეტინგის კატეგორიის ჟიურის წევრი, სააგენტო Ogilvy Georgia-ს ციფრული მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურა გურგენიშვილი.

„ მსგავსი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, სფეროს განვითარებისთვის – აუცილებელა. მჯერა, რომ  ასეთი აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა დაინტერესდება. ​შერჩეული ნამუშევრები მართლაც უბადლო იყო – ჩანდა ხედვა, სტრატეგია და კარგად იყო ნაფიქრი მის პრაქტიკულ განხორციელებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იდეამ იმუშაოს და, საბოლოო ჯამში, რეალური შედეგი მივიღოთ. მით უმეტეს მაშინ, როცა თემა საკმაოდ სენსიტიურია საზოგადოებისთვის. მშვენიერია, რომ ამდენი ახალგაზრდაა დაინტერესებული ამ თემებით და ზოგადად სფეროთი, რომელსაც არ აქვს საზღვრები და სადაც ყველანაირი პრობლემის გადაწყევტა შესაძლებელია ინოვაციური, სტრატეგიული და კრეატიული მიდგომებით.

საკონკურსო ნამუშევრების ხარისხზე საუბრობს ვიდეოს კატეგორიის ჟიურის წევრი, სააგენტო HOLMES & WATSON-ის კოპირაიტერი დავით კილაძეც:

„ეს სტუდენტური კონკურსი კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ კრეატივს საზღვრები არ აქვს. მონდომებული ახალგაზრდების ნამუშევრებმა კი – მომცეს დასტური, რომ ჩვენი სფერო უფრო და უფრო გაძლიერდება ახალი კრეატიული გუნდებით“.

რაც შეეხება გამარჯვებულებს, მათთვის ეს წარმატება მოტივაციისა და ახალი შესაძლებლობების მომტანია.

„კონკურსში მონაწილეობა ძალიან სპონტანურად გადავწყვიტეთ, მთავარი მიზანი მაინც ჩვენი შესაძლებლობების მოსინჯვა იყო. კონცეფციაზე მუშაობა ძალიან საინტერესო პროცესი აღმოჩნდა და იმდენად შეგვიყვარდა ჩვენი პერსონაჟი, რომელიც კონკურსის ფარგლებში მოვიფიქრეთ, მოლოდინების შეფასებაც კი ძალიან გაგვიჭირდა. იმედი გვაქვს, ასეთი კონკურსები ხშირად ჩატარდება, რადგან ძალიან დიდი შესაძლებლობა და მოტივაციაა ჩვენთვის. ზოგადად, მსგავსი ტიპის კონკურსებით არ ვართ განებივრებული სტუდენტები და ხშირად, ჩვენი ცოდნა მხოლოდ უნივერისტეტის ფარგლებში რჩება. ახლა კი რეალური შესაძლებლობა გვქონდა, ნამუშევარი კომპეტენტურ ჟიურის შეეფასებინა და სულ მცირე, გაგვეგო, რა უნდა გავაუმჯობესოთ. ვფიქრობ, ეს გამოცდილება, მომავალში ძალიან დაგვეხმარება“, – ამბობს IMC-ის კატეგორიაში პირველ ადგილზე გასული გუნდის ერთ-ერთი წევრი მარიკა ხანთაძე.

 

განხილვა