21
Oct
2019

ბუღალტერია ღრუბლებში

21 Oct 2019

ბოლო წლებში, ტექნოლოგია აღრიცხვის სფეროს კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტი გახდა. ტექნოლოგიურმა წინსვლამ უკან ჩამოიტოვა მოძველებული შეხედულებები ფინანსებსა და აღრიცხვიანობაზე – მონაცემები, რეალურ დროში, ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. ეს „სიკეთე“ ბიზნესმა სწრაფად იგრძნო – პროცესები გამჭვირვალე გახდა, ციკლი – სწრაფი და ეფექტური. ბიზნესი გრძნობს ოპტიმიზაციის აშკარა უპირატესობას და მეტ შესაძლებლობას, რეალურ დროში ხედავდეს და აკონტროლებდეს თავის საქმიანობას. ეს თანამედროვე ბიზნესისთვის შეუცვლელი მნიშვნელობის საკითხია. გარემო იმდენად სწრაფად იცვლება, რომ ბიზნესს მუდმივად სიახლესთან ადაპტირება უწევს, თანაც გარდა იმისა, რომ დღეს ფეხი აუწყოს მიმდინარე ინოვაციებს, პარალელურ რეჟიმში მუდმივად მზად უნდა იყოს უფრო მეტი ცვლილებისთვის ხვალ. ამიტომ საჭირო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან კრიტიკულია.

დივერსიფიცირებული და კომპლექსური ბიზნეს სერვისების პროვაიდერი კომპანიები სწორედ ამგვარი ინოვაციური ხაზით ავითარებენ ბუღალტრული აღრიცხვის „აუთსორსინგის“ მიმართულებას. ტექნოლოგიებმა შეცვალა „აუთსორსერის“ როლიც. ინოვაციები ისეთი ტალღით შემოვიდა თანამედროვე ბიზნესში, რომ ზოგიერთ ბუღალტრული აღრიცხვის პროვაიდერთან ოფისში ერთ უჯრასაც ვეღარ იპოვით ქაღალდის დოკუმენტებით. ტექნოლოგია, მძლავრი ანალიტიკის და კომპლექსურ რესურსებთან ხელმისაწვდომობის  წყალობით, საშუალებას იძლევა, რომ პროვაიდერმა კომპანიამ  ბუღალტრული აღრიცხვა სხვადასხვა ინდუსტრიისთვის ინდივიდუალურად, მისთვის ოპტიმალურად მორგებული აღრიცხვის მეთოდებით აწარმოოს.

ქლაუდზე დაფუძნებული ტექნოლოგიების გამოყენებამ, რის შესაძლებლობასაც ბუღალტრული აღრიცხვის ჭკვიანი პლატფორმები იძლევა, სრულიად გარდაქმნა საქმისადმი მიდგომები პროფესიაში და ასევე ბევრი კომპანიაც, რომელმაც შეძლო და ფეხი აუწყო პროგრესს.

დღეს ბუღალტრული აღრიცხვის პროვაიდერი აღარ არის დატვირთული წვრილმან ამოცანებზე ორიენტირებული საქმით. დინამიურად განვითარებადი სააღრიცხვო ტექნოლოგიები და ავტომატიზაცია მას საშუალებას აძლევს, ეფექტურად, გაცილებით უფრო სწრაფად შეძლოს დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავება და ინტერპრეტირება დამკვეთის ბიზნესის ენაზე. შესაბამისად, დრო სტრატეგიულ ამოცანებზე სამუშაოდ უფრო მეტია.

ბუღალტრული აღრიცხვის პროვაიდერი დამკვეთისთვის ძველი როლიდან ფაქტობრივად ბიზნეს კონსულტანტის როლში ინაცვლებს. ტრადიციული „აუთსორსინგის“ მიდგომებიდან ისინი უფრო მეტად ავტომატიზებულ, ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სერვისზე გადადიან. ახალმა მიდგომებმა „აუთსორსერებს“ საშუალება მისცა, იყვნენ უფრო მოქნილები და მოერგონ თითოეული სფეროს და სეგმენტის დამკვეთის მოლოდინებს.

აუთსორსერის“ როლის ასეთი ცვლილება შეუძლებელი იქნებოდა ქლაუდ ტექნოლოგიების გარეშე. ქლაუდი, თავისი არსით, ძალიან მოქნილი ტექნოლოგიაა. მისი საშუალებით სრულიად შეუზღუდავია ბიზნესის ფიზიკური მდებარეობა და გადაადგილების შესაძლებლობა. ინტერნეტზე დაფუძნებულმა მომსახურებამ არარელევანტური გახადა ასეთი ჩარჩოები. ყველა ტიპის, ზომის, გეოგრაფიული მდებარეობის და ინდუსტრიის ბიზნესს შეუძლია მიიღოს კომპლექსური პროფესიონალური მომსახურება და უახლესი ტექნოლოგიური მხარდაჭერა ერთად. კომპანიას შეუძლია, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან სხვადასხვა მოწყობილობით, მათ შორის მობილური აპლიკაციით, რეალურ დროში დაინახოს სრული ფინანსური სურათი და საერთო ჯამში, ეფექტურად მართოს თავისი ბიზნესი.

 

განხილვა