მაღვიძარას ჯერ არ დაურეკავს?
რომელი საათია?
ნახევარი საათის წინ დარეკა!
!!!
ჩაგეძინა!
განგაშის ზარი გესმის და დგები, იცვამ — ღმერთმა იცის, რას — და კბილის პასტის მოშორებასაც ვერ ასწრებ ბოლომდე სახიდან, ისე გარბიხარ. თან იმედს იტოვებ, რომ გასაღების აღება გაგახსენდა და დილის მოჩქარეობა საღამოს არ მოგიგვიანდება.
ქალაქის უსასრულო საცობის ხმა კართანვე გესმის. სიგნალი სიგნალს ერწყმის, ერთ აუტანელ კაკოფონიად. უეჭველად დააგვიანებ.
მაგრამ…
მოიცა…
კინაღამ დაგავიწყდა!
ჩაკეტილ კარს ხელახლა აღებ (გასაღები გქონია, უკვე კარგია) და აი, ისიც! შენი პირადი საფრენი აპარატი — კუთხეში, კომპაქტურად დაპარკინგებული ACER ES!
მსუბუქად მიარბენინებ კიბეებზე, თან მობილურ აპლიკაციას ხსნი და ყველა დეტალს ერთი ხელის მოსმით ამოწმებ — როგორც ჩანს, ყველაფერი წესრიგშია.
სადარბაზოდან გასვლისთანავე ხელის მარტივი მოძრაობით შლი და ეგარი! მიგაფრენს კიდეც შენი მერანი.
საჭეზე დასკუპებული ციმციმა ეკრანიც გარწმუნებს აპლიკაციის შეუმცდარობაში და გეუბნება, რომ გასავლელი ჯერ კიდევ ბევრია. გიკვირს. ნამდვილად იცი, რომ დიდი ხნის წინ დატენე, მაგრამ არა — თავდადებული ერთგულებით მიგაქროლებს საცობში ნერვიულად მომლოდინე მანქანების გასწვრივ!
მარტივად გადავლილ აღმართებს მხიარული დაღმართები მოჰყვება და აი, თითქოს ამერიკულ მთებზე იჯდე — ადრენალინის ცელქი პეპლები იწყებენ მუცელში ხტუნვას, აღტყინებისგან გულის ცემას ყელში გრძნობ და წამით ისევ ბავშვი ხარ, ვეებერთელა საქანელაზე ზიხარ და ელოდები, დედა როდის შეგაშველებს ხელს, რომ რაც შეიძლება მაღლა აფრინდე.
ფიქრებში გართული ხვდები, რომ ცოტაც და უნივერსიტეტის შესასვლელს გვერდით ჩაუქროლებ. სწრაფი მუხრუჭი, რეზინის ბორბლების უტყუარი მოჭიდება და ეგაა — ადგილზე ხარ!
კვლავ ხელის მარტივი მოძრაობით კეცავ შენს ელექტრო სკუტერს, არბიხარ კიბეზე და ლექტორსაც ერთი ნაბიჯით ასწრებ აუდიტორიაში — ზუსტად დროზე!
რამდენიმე დამღლელი საათის შემდეგ…
გშია!
ყველას გშიათ!
კაფეტერიის საჭმელი არა. რამე სხვა…
გურმანული ბურგერი!
წვნიანი. ხელთათმანით რომ ჭამ და მაინც ისვრები, აი ისეთი!
„იქამდე შორია…“
„რა მივა, ნახე, რა ამბავია ქუჩაზე“.
შენ იცი, რაც მივა. ნებისმიერ კურიერზე სწრაფად.
ნაცნობი მექანიკით — გაშალა, გაგორდა, გაქროლდა.
თბილისის ვიწრო ქუჩებში უხვევ, თამამად, გზასაც იმოკლებ და მოგზაურობასაც იხალისებ.
უნივერსიტეტთან რომ ბრუნდები, ბურგერები ჯერ კიდევ ზედმეტად ცხელია საჭმელად.
მეგობრები შენს ACER ES-ს ინტერესით უყურებენ, გეკითხებიან, სად იყიდე და ამოწმებენ, რომ ნამდვილად ეკოლოგიურად სუფთაა.
ლექციების კიდევ რამდენიმე საათი…
განტვირთვა გინდათ.
ყველას.
მეგობარი სტენდაფზე გამოდის დღეს — აქვე, ბარში.
დანარჩენები ტაქსის იძახებენ.
თეთრი პრიუსი. გიორგი. მოვა 10 წუთში.
შენ 10 წუთი ჯამშიც არ გჭირდება იქამდე.
ქვაფენილზე მიქრი, ნიავი გაგრილებს, წინა ფარი ერთგულად გინათებს გზას. არაფერზე დარდობ. მშვიდად ტკბები ქალაქის ლიცლიცა განათებებით.
უკანა გზაც მარტივია. უბრალოდ, სიცილისგან ცოტა პრესი გაქვს დაჭიმული. სკუტერის ურყევ წონასწორობას მინდობილი მშვიდად მიიწევ სახლისკენ, თითქოს აბრჭყვიალებულ ფილაქანზე მიცურავდეო.
ესეც ნაცნობი სადარბაზო. ეკრანს უყურებ — ხვალ საღამოს დატენი და ეგ იქნება. იქამდე კიდევ თამამად გაძლებს.
ისევ კეცავ და ხელში მსუბუქად ათამაშებ. კიბეზე არბიხარ. შენს კარსაც ხედავ, სადაცაა დაიძინებ.
ჯიბეში ხელს იყოფ და…
რომ შებრუნდი, გასაღები მაინც დაგრჩა…
[R]