in

(გა)ფრენა საოცარი გამოცდილებაა! – მარკეტერი ბერლინში, მატერიალიზებული იდეების ეპიცენტრში

ახალი, გიჟური იდეებით შეპყრობა, ასაფრენი ბილიკიდან, თვითმფრინავის აფრენას ჰგავს. ნელ-ნელა, ნაცად, ნიშნულებიან გზას მიჰყვები და ყველასთვის მოულოდნელად, მთელი ძალით, შხუილით, ხმაურით, გულის მუცელში ჩავარდნამდე, იცლი ფეხებქვეშ მიწას. არავინ იცის, ერთი შეხედვით, მოწმენდილი ცის მიღმა რა გელის – მშვიდი ცურვა, თუ ღრუბელთა უწესრიგო მდინარება – ტურბულენტური ზონა და მდგომარეობა, რომელიც ზოგისთვის შიშის მომგვრელია, ზოგისთვის კი, მოძრაობის უტყუარი ნიშანი, რომ ნამდვილად, 900 კმ/სთ-ით მიაპობს ჰაერის ნაკადს და ერთ ადგილას არაა გაჩერებული.

BOG
BOG

 

(გა)ფრენა საოცარი გამოცდილებაა. ყოველ ჯერზე, საკუთარი თავისა და სამყაროს ახლიდან აღმოჩენაში, სხვა პერსპექტივით დანახვაში გეხმარება. ამ პროცესში ხომ ის, რაც ძალიან ნაცნობი და ახლობელი იყო შენთვის, პატარავდება – ჯერ ფერად კუბიკებად, ბოლოს კი, წერტილებად იქცევა და თანდათან ქრება. შეიძლება, უსაზღვრო სივრცეში, უსაზღვრო შესაძლებლობების განცდამ, იმის გაანალიზებამ, რომ სამყაროს ერთი ძალიან, ძალიან პატარა შემადგენელი ნაწილი, ერთი პატარა დეტალი ხარ, ცოტა ხნით, შეგაშინოს. თუმცა, ფრენისას, ამაზე ფიქრს როცა დაიწყებ, გაიხსენე, რომ სწორედ შენნაირმა ადამიანებმა, ძმებმა რაიტებმა, „მფრინავი მანქანის“ შექმნის პირველი მცდელობით, მაღლა ფრენის შანსი მოგცეს. და გარდა ამისა, იმის გახსენებაც საჭიროა, რომ სწორედაც, „დეტალები ქმნის ცხოვრებას დიდსა და განუმეორებელს“…

ჩვენი თვითმფრინავი ბერლინში, ტეგელის აეროპორტში დაეშვა, ისევე მოწერიგებულად, როგორც გერმანიას ეკადრება. ბორტიდან გადმოსვლისთანავე, ღრმად ჩავისუნთქეთ იმ ქვეყნის ჰაერი, სადაც ყველასა და ყველაფრის უფლება დაცულია. და პირველივე ნაბიჯიდანვე დავიწყეთ, რაც შეიძლება, ბევრ რამეზე დაკვირვება. ჟურნალისტები ვართ და IFA-ზე მივდივართ, Acer-ის მოწვევით“, – იყო ჩვენი პასუხი გერმანელი პასპორტკონტროლიორი ქალის ზედმეტად საქმიანად დასმულ კითხვაზე: „სად მიდიხართ?“ – და როგორც კი მოვახსენეთ ჩვენი გეგმები, ღიმილიც კი დავიმსახურეთ. თავიდან, გადავწყვიტეთ, რომ აეროპორტის თანამშრომელმა ქალმა გაგვიმყარა ჩვენი მოლოდინები გერმანელ ხალხზე, როგორც ცივებსა და ცოტა უხეშებზეც კი, თუმცა, ძალიან მალევე, აბსოლუტურად საპირისპიროში დაგვარწმუნა ადგილობრივმა მკვიდრმა მოსახლეობამ. რა არის IFA? ინოვაციური ტექნოლოგიების გამოფენა, რომელიც იმართება 1924 წლიდან. ფორუმი, სადაც მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ბრენდების ინოვაციური ნაწარმი ერთ სივრცეში იყრის თავს. გამოფენა-გაყიდვის ფარგლებში სხვადასხვა ბრენდის წარმომადგენლები მართავენ პრესკონფერენციებსა და პრეზენტაციებს და მომხმარებელს ინოვაციური ტექნოლოგიების შესახებ სიახლეებს აცნობენ.

რაც შეეხება ACER-ს? – აპარატურისა და ელექტრონიკის ტრანსნაციონალური კომპანია ტაივანში, 1976 წელს დაფუძნდა და თუ ჩვენს წარმოდგენაში, აქამდე, დაბალ და საშუალოშემოსავლიან სეგმენტზე ორიენტირებული, არც ისე ძვირიანი ბრენდის ადგილს იკავებდა, გამოფენამ 180 გრადუსით შეცვალა ჩვენი დამოკიდებულება. ხომ გითხარით? – (გა)ფრენა საოცარი გამოცდილებაა. ყოველ ჯერზე, საკუთარი თავისა და სამყაროს ახლიდან აღმოჩენაში, მოვლენების სხვა პერსპექტივით დანახვაში გეხმარება.IFA-ზე დილიდანვე აღმოვჩნდით. სპეციალურად, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ჟურნალისტებისთვის 2 დღით ადრე, 29 აგვისტოს წარმოადგინეს კომპანიებმა პრეზენტაციები და ის ინოვაციური პროდუქტები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, შეცვალონ ჩვენი აწმყო და მომავალიც, გაგვიმარტივონ და მეტად შემოქმედებითად დატვირთონ ჩვენი ყოველდღიურობა.

ზოგადად, IFA-ზე მონაწილეობის მიღება კარგ ტონად და პრესტიჟულად მიიჩნევა. ბრენდები ცდილობენ, რომ ინოვაციურ პროდუქტებთან ერთად, წარდგენის ფორმაც მიმზიდველი და განსხვავებული შეარჩიონ. რადგან თუ კონკრეტულად რომელიმე კომპანიის სიახლეების გასაცნობად არ მიდიხარ გამოფენაზე, რთულია, გადაწყვიტო, პავილიონში ვის სტენდთან შეჩერდები, სად გადაიღებ Selfie-ს და აღფრთოვანებული, რომელი ბრენდის კრეატიულ თუ ტექნოლოგიურ გადაწყვეტას გააზიარებ ინსტაგრამზე.

საგამოფენო სივრცის მე-9 ოთახში, ერთი მიმართულების მქონე ბრენდების სრულიად განსხვავებული მიგნებებისთვის თვალის შევლების შემდეგ, ACER-ისთვის გამოყოფილ სივრცეს ვესტუმრეთ. ბრენდის წლევანდელი სიახლეები next@acer აგებული იყო კონცეფციაზე: Minimize to Maximize – პროდუქტის ფორმისა და ზომის – ვიზუალური მახასიათებლების შემცირების ხარჯზე, Acer-ის გუნდმა მოახერხა და მეტი ფუნქციონალური დატვირთვა შესძინა საკუთარ ტექნიკებს.

„ეისერმა“ საკუთარ თავზე აიღო მისია, დაენგრია ბარიერები ტექნოლოგიასა და ადამიანებს შორის. ვამაყობთ, რომ გასული 4 თვის განმავლობაში, ვიმუშავეთ ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც პირველად შემოვლენ ბაზარზე. ჩვენ ახალი ტექნოლოგიები მიგვაქვს მსოფლიომდე“, – ჯეისონ ჩენი, „ეისერის“ აღმასრულებელი დირექტორი. 

 

„ეისერის“ პრეზენტაციაზე, მინიმუმ, 7-ჯერ მაინც იყო ნახსენები: „მსოფლიოში პირველი“. ხოდა, ჩვენც ამ განსაზღვრებების მქონე პროდუქტებით დავიწყებთ:

  • მსოფლიოში ყველაზე მსუბუქი ლეპტოპი – Swift 5-15, რომელიც ერთ კილოგრამსაც არ იწონის. მისი ზუსტი წონა 990 გრამია და აქვს full HD 1920×1080 IPS თაჩსქრინი;
  • მსოფლიოში ყველაზე თხელი ლეპტოპი – Swift 7;
  • Aspire U27 – ლეპტოპი, რომელსაც ეძახიან ე.წ. All-in-one-ს;
  • მსოფლიოში პირველი ტაბი განათლებისთვის;
  • Aeroblade – პროცესორის ვენტილატორი, ე.წ. ქულერი და შესაბამისად, „ეისერის“ ყველაზე ჩუმი პროცესორი. 

რა არის უნიკალური „ეისერში?“ ჩვენ გადავწყვიტეთ, განსხვავება გვეპოვნა ძალიან მნიშვნელოვან ასპექტში და ამ სურვილის იდენტიფიცირება მოვახდინეთ პროცესორის შემდეგი თაობის თერმული ტექნოლოგიის შექმნით“, – ჯეისონ ჩენი. 

„აერობლეიდი“ აპარატების გაგრილების უკეთესი სისტემისთვის შეიქმნა, მისი ინსპირაცია ბუ გახდა, რადგან მოწყობილობა ისეთივე ჩუმი და ჭკვიანია, როგორც ეს ფრინველი. ასეთი „ქულერით“ აწყობილი პროცესორის სამიზნე სეგმენტად კი, პრეზენტაციაზე „ეისერის“ გეიმერი მომხმარებლები დაასახელეს. 

როგორც შემდეგ გაირკვა, გეიმერები და გეიმინგი შემთხვევით არ იყო შეხვედრაზე ნახსენები. ACER-ის ერთ-ერთი მიმართულებაა გეიმინგი და ბაზარზე პოზიციონირებს PREDATOR-ის სახელით. პროფესიონალური გეიმინგ მიმართულების მქონე ბრენდის ფარგლებში იქმნება სათამაშო მოწყობილობები, როგორებიცაა, მაგალითად, PREDATOR X, რომელიც თამაშის დროს, მულტიტასკინგს უზრუნველყოფს, PREDATOR ORION 9000, ნოუთბუქი Predator Triton 900 და ა.შ.

წარმოდგენილი პროდუქტებიდან, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულად შეგვიძლია, მივიჩნიოთ The Predator Thronos – სკამი, კომპიუტერი, მონიტორები, ვირტუალური სათვალე – ყველაფერი ერთად გეიმერებისთვის. მისი ვიბრაცია ზუსტად ემთხვევა თამაშის მიმდინარეობას, რაც მოთამაშის აღქმას ამძაფრებს და მას თავს ნამდვილ გმირად აგრძნობინებს. საქართველოში, უახლოეს მომავალში, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთ Predator Thronos ვიხილავთ. 

ასევე:

  • პირველი მრუდეკრანიანი გეიმინგ ლეპტოპი – Predator 21X;
  • და OJO 500 Windows Mixed Reality Headset – MR სათვალე, რომლის დიზაინიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მარტივად მოირგოს და ასევე, გაუზიაროს გარშემომყოფებსაც. სათვალეში ინტეგრირებულია ხმის სისტემაცMR სათვალის ფუნქცია მხოლოდ გეიმინგი არ არის, მისი გამოყენება თავისუფლადაა შესაძლებელი განათლების, მეცნიერებისა და სხვა სფეროებშიც.

გეიმინგის მიმართულებით, საინტერესოა ისიც, რომ Acer ონლაინთამაშ League of Legend-ის პარტნიორია. ევროპის ქვეყნები კი მალე, FOX-ის მიერ გადაღებულ ფილმს The Predator იხილავს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქართველო არ არის რელიზების ოფიციალურ სიაში. 

გეიმინგის მიმართულებით, Acer ლიდერობს მსოფლიოს 33 ქვეყანაში, მათ შორის, ყაზახეთში, ამერიკაში და ა.შ.იმის გათვალისწინებით, რომ VR-სათვალე – ვირტუალური რეალობა დღეს, საქართველოსა და მსოფლიოში, თითქმის ყველა სფეროს განუყოფელი ნაწილი გახდა, Acer-მა ამ მიმართულებითაც, კიდევ ერთი სიახლე – StarVR წარმოგვიდგინა. როგორც ავტორებმა გვითხრეს, პროდუქტის უპირატესობა მის კრისტალურად სუფთა გამოსახულებასა და სიმსუბუქეშია, ის 450 გრამს იწონის.

პრეზენტაციაზე, ასევე, წარმოდგენილი იყო ლეპტოპები: Aspire Z24, რომელშიც სხვა სიკეთეებთან ერთად, ინტეგრირებულია ორი ვირტუალური ასისტენტი – Amazon Alexa და Cortana და ლეპტოპი Aspire 7.

Acer, დიდი ხანია, Red Bull-ის პარტნიორია და სავარაუდოა, რომ ბრენდებმა გადაკვეთის წერტილი რისკიანობაში, სირთულეებისა და შიშის დაძლევაში, ასევე, პირველობისკენ სწრაფვის სურვილში იპოვნეს.

როგორც ყოველთვის, „ეისერი“ არის ლიდერი, რომელიც პოულობს გზას, განსხვავებული დიზაინით წარმოადგინოს უძლიერესი ლეპტოპები, – Red Bull

მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მიერ წარმოდგენილი 1 814 პროდუქტიდან, „ეისერმა“, IFA 2018-ზე 14 სრულიად ახალი თუ განახლებული პროდუქტი წარადგინა და ისინი მოარგო სხვადასხვა სფეროს, მათ შორის, განათლებას, სპორტს, ხელოვნებას, გეიმინგ ინდუსტრიას და ა.შ.

ბერლინში ვიზიტი და IFA-ზე დასწრება ნამდვილად საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა ჩვენთვის როგორც სოციალურ-კულტურული თუ ინფრასტრუქტურული დაკვირვების, ისე ინოვაციურ-ტექნოლოგიური პროცესების ეპიცენტრში ყოფნისა და ახალი აღმოჩენების თვალსაზრისით.

IFA-ს სავიზიტო ბარათი – ანძა

შევეცადეთ, ტექსტის ზომის, რაც შეიძლება მინიმიზაციით, მაქსიმალურად გაგვეზიარებინა ჩვენი პირადი შთაბეჭდილებები თუ ის მნიშვნელოვანი ინფორმაციული დეტალები, რაც დღეს უკვე რეალობაა და თანამედროვე ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. და ბერლინი გვეჩვენებინა არა როგორც ტოლერანტობის, თავისუფლებისა და გართობის ქალაქი, არამედ, როგორც ილუმინატორი – სარკმელი ტექნოლოგიურ პროგრესსა და ადამიანებს შორის. 

Huawei-მ „ეფლის“ ფანებს Power Bank-ები დაურიგა!

ხელნაკეთი და ფერადი საწვიმრები ქართველი დედა-შვილისგან – Rainbow Design