1996 წელს ჟურნალმა Economist-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ერთ-ერთ კომპანიას „რეგიონის ყველაზე შთამბეჭდავი ტექნოლოგიური კომპანია“ უწოდა. ეს იყო ყველასთვის კარგად ნაცნობი ბრენდი ACER, რომლის კომპიუტერშიც, სიმბოლურად, ეს სტატია იწერება.
ბრენდის ზოგადი დოსიე
Acer Inc. არის ტაივანის წამყვანი ექსპორტიორი და მსოფლიოში მეშვიდე ბრენდი, რომელიც კომპიუტერებს აწარმოებს. კომპანია ასევე შედის მსოფლიოს ათ უმსხვილეს მწარმოებელს შორის. კომპიუტერების გარდა ის აწარმოებს კლავიატურებს, მონიტორებს და სხვა ტექნიკას.
კომპანიის დაფუძნება
კომპანია დააფუძნა სტენ შიჰ ჩენ იუნგმა თავის მეგობრებთან ერთად. ეს მოხდა 1976 წელს და გუნდის ინვესტიცია $25,000 იყო, რასაც იმ დროისთვის და დამწყები ბიზნესისთვის არა უშავდა.
თავდაპირველად კომპანიას ერქვა „Multitech International“, რომელიც ელექტრონული თამაშების დიზაინით იყო დაკავებული. მოგვიანებით მეგობრებმა ნახევარგამტარების დისტრიბუცია დაიწყეს, რომლებიც სპეციალურად შემოიტანეს ისეთი ქვეყნებიდან, სადაც მათი ყიდვა უფრო ნაკლები დაუჯდებოდათ.
Acer-ად გარდაქმნა
გარკვეული კაპიტალისა და გამოცდილების დაგროვების შემდეგ, 1981 წელს კომპანიას ახალი სახელწოდება – “Acer Inc.” მიენიჭა. იმავე წელს გამოუშვეს პირველი პროდუქტი, “Microprofessor”, რომელმაც გუნდს იმდენი შემოსავალი მოუტანა, რომ კომპიუტერების წარმოება დაიწყეს. ამით ის გახდა ტაივანის პირველი კომპიუტერული კომპანია, რომელმაც პირდაპირ გაყიდა თავისი პროდუქტი. ამას ხელი იმან შეუწყო, რომ მათ ჩაატარეს კვლევა და არ დაინანეს ინვესტირების ჩადება ამ საქმეში იმისთვის, რომ სამომავლოდ მეტად განვითარებულიყვნენ.
1986 წელს მან შეძლო შეექმნა მსოფლიოში პირველი ჩინურენოვანი კომპიუტერი.
დროული რეაგირება კრიზისში
Acer-ის გაბედულმა ნაბიჯებმა შედეგი გამოიღო და 1988 წელს მან 25 მილიონი დოლარის მოგება მიიღო. სულ რაღაც ორ წელიწადში, 1990 წლისთვის Acer-ის შემოსავალმა 1 მილიარდ დოლარს მიაღწია, თუმცა აქედან მოგება მხოლოდ 4 მილიონი დოლარი იყო. ეს გამოიწვია კომპიუტერული ტექნიკის ფასების მყისიერმა ვარდნამ მთელ მსოფლიოში. თუმცა Acer-მა მოახერხა ჭკვიანური გათვლის გაკეთება და თავისი ინვესტიციები ისევ არ დაიშურა, რათა სხვა კომპანიები შეეძინა, რომლებიც თავის საქმიანობაში გამოადგებოდა.
გარდა ამისა, გუნდს მოუწია, სწრაფად შეემუშავებინა ახალი სტრატეგია, რომელიც მათი მოგების მარჟას გააუმჯობესებდა და გაყიდვებს გაუზრდიდა. მათ მოიფიქრეს თავისი ტექნიკის სხვადასხვა კომპონენტის მსოფლიოს 32 ქვეყანაში დისტრიბუცია. ეს სტრატეგია დაეხმარა წარმოების ხარჯების შემცირებას და პროდუქტის ხარისხის მაქსიმალურად შენარჩუნებას. 1995 წლისთვის Acer-მა შეძლო გამხდარიყო ნომერ პირველი კომპიუტერის ბრენდი ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ფილიპინები, ტაილანდი, ჩილე, მექსიკა, ურუგვაი და ტაივანი. 1993 წელს Acer-მა $75 მილიონის მოგება მიიღო.
მან გადაასწრო ისეთ მწარმოებლებს, როგორებიცაა: Dell, Toshiba და Hewlett-Packard. 2007 წელს Acer-მა შეიძინა მისი ორი კონკურენტი Packard Bell და Gateway, რათა გაშვებულიყო როგორც კომპიუტერების უდიდესი გამყიდველი მსოფლიოში.
Acer-ის პროდუქტები
დღესდღეობით Acer-ს უამრავი მომხმარებელი ჰყავს მთელი მსოფლიოს გარშემო. ის ყიდის ხარისხიან დესკტოპებს, ლეპტოპებს, პროცესორებს, უახლეს სმარტფონებს, ტაბლეტებს და ა.შ.
Acer-ის წარმატების ფორმულა მის გაბედულ ნაბიჯებშია. ზრდისადმი გატაცებამ ის მიიყვანა ისეთ დონემდე, რომელსაც ცოტა თუ წარმოიდგენდა.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.
#დაძარი
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი