12
Jan
2020

ACORN ინგლისურად რკოს ნიშნავს, ქართულად – ხელნაკეთი ჩანთების ბიზნესს

12 Jan 2020

Startauperi
Startauperi


„ბრენდის სახელი “ACORN” ინგლისურად რკოს ნიშნავს. რკო წარმატებისა და სიცოცხლის ერთ-ერთი სიმბოლოა. დიდი ენერგეტიკა აქვს და მასთან სიახლოვე ადამიანს ეხმარება, ბედნიერი და მეტად სასურველი იყოს. გამიგია, რომ ამის გამო, ძველ დროში თან დაჰქონდათ კიდეც. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, ეს სახელი დამერქმია და ჩემი ბრენდის მომხმარებელი ყოფილიყო მეტად გამორჩეული, მიმზიდველი და სასურველი“, – ჰყვება ნინო მჭედლიშვილი, პროფესიით მზარეული, რომელიც ცდილობს, მთელი ენერგია ერთ კონკრეტულ საქმიანობას – ხელნაკეთი ჩანთების ბიზნესს დაუთმოს.

თვითნასწავლია. ბავშვობიდან ხატავს, ძერწავს, ქარგავს და კერავს. ეს ჰობი და საკუთარი თავისთვის დამზადებული აქსესუარები ბიზნესად გადაიქცა მას შემდეგ, რაც ის სხვებსაც მოეწონათ. სწორედ ამ დროს გადაწყვიტა – ის, რასაც მთელი გულით აკეთებდა, ხელმისაწვდომი გაეხადა და ყველასთვის გაეზიარებინა.

ეტაპობრივად, რამდენიმე სახის აქსესუარს ვაკეთებდი: ვხატავდი მაისურებზე, მაჯის საათებზე, ჭიქებსა და ფეხსაცმელზე. ვძერწავდი პოლიმერული თიხის საყურეებს, ყელსაბამებს, საკიდრებს (ბრელოკებს), ჭიქებს. ახლა, ძირითადად, წელის ჩანთებისა და ზურგჩანთების შეკერვასა და მოხატვაზე ვმუშაობ. მასალის შეძენიდან შეფუთვამდე – პროდუქტს მე ვაკეთებ. ჩანთის ქსოვილი, ძირითადად, ნიდერლანდებიდან ჩამომაქვს. მაგალითად, ვქმნი, რამდენიმე დიზაინს, ვარჩევ ფერებს, ქსოვილებს. ზოგი არის ფაბრიკული პრინტით, რომელსაც ხელით ვკერავ. ზოგს ვკერავ და შემდეგ ხელით ვხატავ. ხან ჩანთისთვის რაღაც დეტალს ვბეჭდავ და შემდეგ ვკერავ, რომ მრავალფეროვანი არჩევანი მქონდეს. წელის ჩანთის ქაღალდის შეფუთვასაც მე ვჭრი, ვკრავ და ვბრენდავ. მომწონს, რომ თითოეულ დეტალზე თავად ვზრუნავ, – ნინო მჭედლიშვილი.

ნინო ბრენდის კონკურენტულ უპირატესობად მიიჩნევს იმას, რომ მის ფარგლებში იქმნება ჩანთები, რომლის ანალოგიც არ არსებობს და „თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ჩემი საავტოროა. მაგალითად, ხილის ჩანთები: საზამთრო, ლიმონი, ფორთოხალი და კივი, მათივე საფულეებით. საზამთროს ზურგჩანთა ყველაზე პოპულარულია ჩემს ჩანთებს შორის“.

პროდუქციის შეძენა ონლაინ, კურიერული მომსახურებითა და გამოფენა/გაყიდვებით ხდება.

მოთხოვნიდან გამომდინარე, სამომავლოდ, ბრენდის პროდუქციაში მამრობითი სქესისა და ქართულ-ევროპული ზურგჩანთების დიზაინებსაც შევხვდებით.

განხილვა