13
Aug
2019

„ტატუ“, რომელიც მუნჯ ადამიანებს მეტყველების უნარს შესძენს

13 Aug 2019

veon
veon


ადამიანთა უმეტესობას მეტყველების პრობლემა არ ექმნება, ლაპარაკის უნარის უკან კი კომპლექსური პროცესი დგას – პირის მოძრაობა და ხმის იოგების ვიბრაცია, რომლებიც საყლაპავ მილშია განლაგებული. ხმის იოგები, ოპერაციული, თუ სხვა დაზიანების შედეგად, კარგავენ თავიანთ თვისებებს, შესაბამისად კი, ადამიანი მეტყველების უნარის გარეშე რჩება. ჩინელმა მეცნიერებმა შექმნეს „ხელოვნური იოგები“, რომელიც ყელზე დროებითი ტატუს სახით განთავსდება და იმ პაციენტებს, რომლებიც ოპერაციული ჩარევის შედეგად დამუნჯდნენ, ან რომელთა მეტყველების პრობლემაც ხმის იოგებთანაა დაკავშირებული, მისცემს საუბრის საშუალებას. აღსანიშნავია, რომ ამისთვის ოპერაციული ჩარევა არ იქნება საჭირო. ჟურნალ ACS Nano-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, „დროებით ტატუს“ პირის მოძრაობის ხმად გარდაქმნა შეეძლება. 

ხელოვნური იოგები გრაფენის მასალისგანაა დამზადებული და პოლივინილის თხელ ფენას ეყრდნობა. მეცნიერები მიზნის მისაღწევად – მუნჯი ადამიანების ასამეტყველებლად, ერთგვარ მოწყობილობას იყენებენ, რომელიც ადამიანის ყელზე, გარედან, დროებითი ტატუს პრინციპით მაგრდება. ის რეაგირებს პაციენტის პირის (შესაბამისად, ყელის) მოძრაობაზე და გარდაქმნის მას სიტყვებად. მოწყობილობის გამოცდისას, მოხალისეებს, რომლებიც მუნჯები იყვნენ, დაევალათ ისეთი მარტივი სიტყვების თქმა (პირის მოძრაობა), როგორიცაა Ok, ან No. მოწყობილობამ მოძრაობის ხმად თარგმნა შეძლო.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ დროთა განმავლობაში, ადამიანები ისწავლიან ხელოვნური იოგების გამოყენებას და მოწყობილობის მუშაობის ეფექტურობაც, დროთა განმავლობაში, დაიხვეწება. შესაბამისად, მსოფლიოს მასშტაბით, მეტყველების პრობლემის მქონე ადამიანები ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას შეძლებენ.

განხილვა