in

Act like an owner – სამი თანამშრომლის ისტორია

კომპანიის მფლობელს ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება და მისთვის კომპანიის წარმატებაც უმთავრესი პრიორიტეტია. თუმცა ბიზნესში ამგვარი მიმართება ნებისმიერი საქმისადმი საჭირო და აუცილებელია.

ეს მიდგომა გუნდის თითოეული წევრის მიერ სრული პასუხისმგებლობის გააზრებასა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარს გულისხმობს. მნიშნელოვანია, რომ ყველა თანამშრომელს კარგად ესმოდეს კომპანიის ხედვა და მისია, არ იყოს ორიენტირებული მხოლოდ კონკრეტული დავალებების შესრულებაზე და შეეძლოს გუნდური მუშაობა.

ამ მიდგომას აქტიურად იყენებს ყველასთვის ნაცნობი ბრენდი Bolt-იც. მოცემულ სტატიაში კი გაგაცნობთ გუნდს, რომელიც Act like an owner მიდგომის შესახებ თავის გამოცდილებას გაგვიზიარებს და მოგვიყვება, თუ როგორ იყენებს მას ყოველდღიურ საქმიანობაში.

თამარ კაპანაძე, ქოფირაითერი:

„გუნდს 2022 წელს შემოვუერთდი და თავდაპირველად მომხმარებელთა მხარდაჭერის აგენტად დავიწყე მუშაობა. სამი თვის შემდეგ მარკეტინგის გუნდში გამოცხადდა ვაკანსია ქოფირაითერის პოზიციაზე.

თავიდან ძალიან ვღელავდი – ვფიქრობდი, ცოტა ხმამაღალი განაცხადი ხომ არ იქნება ჩემი მხრიდან, ასე უცბად რომ გამოვიჩინო ინტერესი სრულიად განსხვავებული მიმართულებით-მეთქი. თუმცა, ჩემი გუნდის წევრების უზომო მხარდაჭერის შედეგად, გავბედე და გასაუბრებაზე გავედი. ასე დაიწყო ჩემი თავგადასავალი კრეატიულ სამყაროში და უამრავ განსხვავებულ პროექტზე მუშაობაც მოვასწარი.

ნებისმიერ პროექტზე მუშაობისას, მნიშვნელოვანია, გრძნობდე სრულ პასუხისმგებლობას თითოეულ დეტალზე და შეგეძლოს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება. უნდა წარმოიდგინო ხოლმე, რომ კომპანიის დამაარსებელი თავად ხარ და პროცესები ამ პოზიციიდან წარმართო. ამგვარი მიდგომა მეხმარება, საქმეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოვეკიდო და სირთულეებთან დამოუკიდებლად გამკლავება ვისწავლო.

განსაკუთრებით მიყვარს პროექტი, რომელიც Dog Organization Georgia-სთან ერთად დავაორგანიზე. ძაღლების თავშესაფარს ვესტუმრე და მათ ბინადარ ცუგებს ფოტოები გადავუღეთ. ამ ფოტოებით პერსონაჟები შევქმენი და ჩვენს მომხმარებლებს გავაცანი სოციალურ მედიაში. კამპანიის მთავარი მესიჯი იყო მოწოდება, რომ აეყვანათ ძაღლები თავშესაფრიდან. ჩემთვის ეს ერთ-ერთი პირველი სრულიად დამოუკიდებელი პროექტი იყო და ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე.

ასევე, განსაკუთრებულად მახსენდება Walk კამპანია, რომლის კრეატიული გაშლა და მესიჯების მოფიქრება გამორჩეულად საინტერესო პროცესი აღმოჩნდა ჩემთვის. მომხმარებლებს ძალიან მოკლე მანძილზე გადაადგილებისას ფეხით სიარულისკენ მოვუწოდებდით – გაიარე ფეხით, ეგრე შორსაც არაა. კამპანია საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ჩვენს პორტფოლიოში”.

გიორგი გიგაური, ოპერაციების სპეციალისტი:

„ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, ჩართული ვარ თითქმის ყველა პროცესში, რომელიც სატრანსპორტო ინდუსტრიასა და არსებულ მძღოლებს ეხებათ. ვცდილობ მაქსიმალურად გავუადვილო, გავითვალისწინო და შესაძლებლობის ფარგლებში აღმოვფხვრა პრობლემები, რომლებიც ჩვენს პარტნიორ მძღოლებს აქვთ.

ჩემთვის Act like an owner მიდგომა პირველ რიგში გულისხმობს, რომ კარგად იცოდე კომპანიის მიზნები და ამოცანები, შესაბამისად ორიენტირებული უნდა იყო პროდუქტის განვითარებაზე, თავად უნდა იჩენდე ინიციატივას, აანალიზებდე მიზნამდე მისასვლელ გზებს და საზღვრავდე პოტენციურ რისკებს. ვფიქრობ, რომ Act like an owner პერსონა ყველაზე კარგად გამოირჩევა მაშინ, როდესაც შესრულებულ პროექტზე პასუხისმგებლობას იღებს, მით უმეტეს მაშინ, თუ რაღაც ისე არ გამოვიდა, როგორც დაგეგმილი იყო ან მოხდა გაუთვალისწინებელი გადახვევა. ასევე, მნიშვნელოვანია ადაპტაციის უნარი და მზადყოფნა, რომ დასახულ მიზნამდე მისაღწევად სხვადასხვა გზა ცადო.

განსაკუთრებით საინტერესო გამოცდილება ჩემთვის აპლიკაციაში რუკების დამისამართება იყო. მცირეხნიანი ძიებისა და სხვადასხვა მიდგომის დატესტვის შემდეგ მივაგენი გზას, რომელმაც საშუალება მოგვცა, თავდაპირველად თბილისის მასშტაბით, ეტაპობრივად შეგვემსუბუქებინა რუკების პრობლემა, რომელიც მისამართების ბაზაში არსებული არასრული ინფორმაციით იყო გამოწვეული. ამან კი ცალსახად გააუმჯობესა მომხმარებლების გამოცდილება.

ჩემი მთავარი რჩევაა – ყოველთვის ეძებოთ გზები საკუთარი და კომპანიის განვითარებისთვის, გამოიჩინოთ ინიციატივა, არ შეუშინდეთ სიახლეებსა და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას”.

მარიამ მაღალაშვილი, ოპერაციული პროექტების სპეციალისტი:

„ჩემი პირველი პოზიცია ოპერაციების უმცროსი სპეციალისტი იყო, შემდეგ კი ოპერაციული პროექტების სპეციალისტი გავხდი. ჩემი ძირითადი მოვალეობებია ახალი ფუნქციების დანერგვა აპლიკაციაში, პროექტების ინიციირება, დაგეგმვა და აღსრულება.

ჩემთვის Act like an owner მიდგომა გულისხმობს პასუხისმგებლობისა და ინიციატივის საკუთარ თავზე აღებას, ეფექტური გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარს. პროექტის თუ კონკრეტული დავალების ჩაბარებისას აუცილებელია ენთუზიაზმით აივსო. ამასთანავე, აიღო პასუხისმგებლობა როგორც პოზიტიურ შედეგებზე, ისე შეცდომებზეც. ასეთი მიდგომა წარმატებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია.

მაქსიმალურად ვცდილობ, მუშაობისას აქტიური კომუნიკაცია მქონდეს სხვა დეპარტამენტებთან. ნებისმიერი სიახლე, რომელიც დაინერგება, აუცილებელია განვიხილოთ გუნდთან და კომპანიის სხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთადაც. ხშირად ვაახლებ ინფორმაციას პლატფორმაზე, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია და პროექტის თითოეული დეტალი ყველასთვის გასაგები და გამჭვირვალეა. რეგულარულად ვაზიარებ ჩემს შეხედულებებსა და იდეებს გუნდის შეხვედრებზე, რათა საერთო მიზნებამდე მარტივად მივიდეთ.

ჩემთვის განსაკუთრებით კომპლექსური და საინტერესო მძღოლებისთვის პარტნიორი კომპანიებისა და შეთავაზებების მოძიების პროცესი იყო. პროექტზე სრულად ავიღე პასუხისმგებლობა და მასზე მუშაობისას უამრავი რამ ვისწავლე – ლეგალურ ნაწილშიც კი აქტიურად ვიყავი ჩართული, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით საფუძვლიანი პროფესიული განათლება არ მქონია. ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს სხვადასხვა კომპანიასთან და ვზრუნავდი ტექნიკურ მხარეზეც.

საბოლოოდ, მძღოლებისთვის აპლიკაციაში გააქტიურდა ათობით შეთავაზება, რომლებიც ეხმარებათ დაზოგონ თანხა როგორც საწვავზე და მანქანის მოვლაზე, ისე სხვადასხვა კვების ობიექტზე. იმის გააზრება, რომ ჩემი საქმიანობით სხვების ყოველდღიურობას ვამარტივებ და კეთილდღეობას ვუქმნი, ძალიან დიდი მოტივაციაა.

ჩემი აზრით, მნიშვნელობა არ აქვს, რა პოზიციაზე მუშაობს ადამიანი, მთავარია გარემო გაძლევდეს განვითარების, ლიდერული უნარების გამჟღავნების შესაძლებლობას. ამავე დროს კი, მნიშვნელოვანია, გქონდეს პასუხისმგებლობა, ენთუზიაზმი და პროექტების მართვის უნარი.”

[R]

Samsung Frame TV-ს Marimekko-ს ნამუშევრები ემატება

Score-ის გაცნობის აპლიკაცია მაღალი შემოსავლების მქონე პირებისთვის შეიქმნა