სულ ცოტა ხნის წინ, ეისითიმ კამპანია „შენ|ჩვენ|ერთად“ წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც მენეჯმენტ კონსალტინგის სერვისის შესახებ დეტალურად ამცნობს აუდიტორიას. უკვე ოც წელზე მეტია, რაც ეისითი კვლევების მიმართულებით მუშაობს. ამ დროის განმავლობაში, კომპანიამ შეძლო ბრენდად ჩამოყალიბება, გაუძლო არაერთ გამოწვევას და დღესდღეობით, 30 ქვეყნის ბაზარს ემსახურება. სერვისების სპექტრის გაფართოებასთან ერთად, ეისითიმ ერთი წლის წინ, ძირეული რებრენდინგი განახორციელა და კვლევებთან ერთად, მენეჯმენტის კონსალტინგისკენ მიმართა თავისი ცვლილებების ძალა.
ეისითის მენეჯმენტ კონსალტინგი მრავალფეროვან სერვისებს მოიცავს. მათ შორისაა: ორგანიზაციული ტრანსფორმაცია POWER3®, ბიზნესის სტრატეგია, მარკეტინგი და გაყიდვები, ხედვა და მისია, ორგანიზაციული კულტურა, ინოვაციის სტიმულირება, ოპერაციების ტრანსფორმაცია და სხვა საკონსულტაციო პროდუქტები.
კამპანიით „შენ|ჩვენ|ერთად“, ეისითის თავისი მომსახურების მთავარი არსის მიტანა სურს აუდიტორიამდე. რას გულისხმობს მენეჯმენტ კონსალტინგი და რა გამოარჩევს ეისითის ამ სერვისს, კომპანიის დამფუძნებელი და ხედვის ლიდი თინათინ რუხაძე და ეისითის ბრენდ ლიდი ანა ივანიშვილი გვიყვებიან.
M: რას მოიცავს მენეჯმენტის კონსალტინგის მიმართულება ACT-ში?
თინათინ რუხაძე: ესაა კომპანიების მენეჯერულ გადაწყვეტილებებში მხარდაჭერა, რაც უამრავ მიმართულებას შეიძლება მოიცავდეს – სტრატეგიულ, ორგანიზაციულ, საკომპენსაციო, ფინანსურ თუ სხვა ტიპის გადაწყვეტილებებს. არაა აუცილებელი, რომ მენეჯმენტის კონსალტინგი სპეციფიკურ ცოდნას აძლევდეს კომპანიის გუნდს. ძალიან ხშირად, საჭიროა მესამე მხარის ჩართულობა, რომელიც აღმოაჩენს იმ „ბრმა წერტილებს“, რაც კომპანიისთვის მნიშვნელოვანია და ამ დრომდე, არ იყო ხილული. მენეჯმენტის კონსალტინგის მიმართულება ეისითიში ძალიან მრავალფეროვანია. ამ ეტაპზე, დამკვეთს ყველა სერვისს ვთავაზობთ, ფინანსური და იურიდიული მიმართულების გარდა.
M: რა გამოარჩევს ეისითის მენეჯმენტ კონსალტინგის სერვისს?
პირველ რიგში, ჩვენ გვაქვს 20-წლიანი უძვირფასესი გამოცდილება 30 ქვეყნის ბაზარზე, რომელთა შორისაცაა საქართველო. მოგეხსენებათ, ეისითი თავდაპირველად კვლევით კომპანიად დაფუძნდა. ეს ნიშნავს უზარმაზარ ისტორიას – ოცი წელია ვაგროვებთ ინფორმაციას, მონაცემებს, გვაქვს კარგი და ცუდი გადაწყვეტილებების უამრავი მაგალითი, თუ როგორ ვითარდებოდნენ ბიზნესები.
ყველაზე მნიშვნელოვნად მაინც ჩვენი საავტორო მიდგომა და ფილოსოფია მიგვაჩნია – The Power of Three®. მაინც, რას ეფუძნება ეს მიდგომა? პირველ რიგში, ბიზნესებს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებასა და არსებული რესურსების რეალურ, ეფექტიან გამოყენებაში ვეხმარებით.
ჩვენს ფუნქციას ფასილიტაციურ კონსალტინგად მოვიაზრებთ. ესაა თანაშექმნის პროცესი, სადაც ბიზნეს-სტრატეგია მხოლოდ დაწერით ან რაიმეს სწავლებით კი არ შემოიფარგლება, არამედ მენეჯმენტის გაუმჯობესებას ერთობლივი მუშაობით ვაღწევთ. სწორედ აქედან ჩამოყალიბდა კამპანიის სლოგანიც.
გვჯერა, რომ კომპანიას ბიზნესის განვითარების პოტენციალი უკვე აქვს და ჩვენი როლია, ვიყოთ მესამე მხარე, რომელიც საკუთარ თავს განსხვავებული მხრიდან დაანახებს, დაუსვამს სწორ კითხვებს, დააყენებს გამოწვევების წინაშე. თანაშექმნას ხშირად ჯადოსნობით მოვიხსენიებთ, რადგან ფანტასტიკური ეფექტი აქვს ერთობლივ ჩართულობას. სულ რაღაც, რამდენიმესაათიანმა თანამშრომლობამ შესაძლოა რამდენიმე თვის ან წლის გაჭიანურებული საქმეც კი მოაგვაროს და ეფექტურ გადაწყვეტილებებამდე მიგვიყვანოს.
ბიზნესის ცვლილებასთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ ლიდერების ტრანსფორმაციაზე, რადგან ბიზნესის მამოძრავებელი ძალა სწორედ ადამიანები არიან.
თუ დააკვირდებით, ბიზნესს გადაწყვეტილების მიღება სწორედ ადამიანური ფაქტორის გამო უჭირს: არ აქვთ სრული ინფორმაცია, ყველას თავისი წარმოდგენა აქვს მოცემულობაზე, ხან აცდენა აქვთ კომუნიკაციაში ან ადამიანური შიში და ეჭვები უშლით ხელს. სწორედ The Power of Three® მიდგომა აქცევს ეისითის განსაკუთრებულად, საქართველოს თუ საერთაშორისო ბაზარზე.
M: როგორია თანამშრომლობის შედეგად მიღწეული შედეგები?
წარმატებული ქეისების გასაცნობად, სულ ახლახან, წამოვიწყეთ რუბრიკა, სადაც ეტაპობრივად, არაერთ ასეთ ამბავს გაეცნობით. ცვლილება ხელშესახებია. ძალიან დიდია სხვაობა ჩვენამდე არსებულ მდგომარეობასა და ჩვენ შემდეგ მიღწეულ პროგრესს შორის. თანამშრომლობის დაწყებიდან სულ მალე იცვლება შემოქმედებითი მიდგომა, კომუნიკაციის სტილი. მუშაობა მთლიანად მოქმედებისკენაა მიმართული. ბუნებრივია, დოკუმენტების შემუშავება საჭიროა, თუმცა მთავარი სწორი მოქმედება და შედეგებზე სწორებაა. ორგანიზაციას მაშინვე ემჩნევა, რომ მუშაობა შეთანხმებულად მიმდინარეობს და პრიორიტეტები ნათლად გამოიკვეთება.
მენეჯმენტ კონსალტინგის ამოცანა ყოველთვის ბიზნესის ზრდა არ არის – ეს შეიძლება იყოს ძირეული ტრანსფორმაცია, თვითგამორკვევა ან სხვა რამ.
ეისითის განსაკუთრებულობა სწორედ ისაა, რომ ორგანიზაციებში ჩამალული პოტენციალი გამოვავლინოთ და განვავითაროთ. საოცარია, როგორი დაუჯერებელი ცვლილებები დგება ხოლმე, ერთობლივი მუშაობის შედეგად.
M: რას გულისხმობს კამპანია „შენ|ჩვენ|ერთად“?
თინათინ რუხაძე: კამპანიას ორი მთავარი ამოცანა აქვს. ერთი მხრივ, მის ფარგლებში, ბაზარს უნდა გავაცნოთ მენეჯმენტ კონსალტინგის სერვისი, რა მიმართულებითაც დიდი გამოცდილება დავაგროვეთ წლების მანძილზე. მეორე მხრივ, გვინდა მივიტანოთ ის მთავარი გზავნილი, რაც მუშაობის პროცესში შთაგვაგონებს – „შენ, ჩვენ, ერთად“. ესაა წარმატების გაზიარებული პასუხისმგებლობა, რომლის შედეგადაც ერთობლივად მიიღწევა შედეგები.
ანნა ივანიშვილი: ამ კამპანიის საშუალებით, გვინდოდა მენეჯმენტის კონსალტინგის არსი გადმოგვეცა. ამ დროისთვის, ბაზარზე ასეთი სერვისი საკმაოდ იშვიათია და ცოტაა იმ კვალიფიციურ სპეციალისტთა რიცხვი, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს. კამპანია, მთავარი გზავნილით „შენ|ჩვენ|ერთად“ სწორედ ჩვენს არასტანდარტულ მიდგომას გამოხატავს. ჩვენი კონსალტინგის პროცესი სრულად ეფუძნება თანამუშაობას, რაც ეფექტიანი გადაწყვეტილების პოვნას ჩართულ მხარეებთან ერთად მოიაზრებს. სწორედ ამ კონცეფციის ამსახველია ეს სლოგანი.
M: როგორია კამპანიის ვიზუალური გადაწყვეტა?
ანნა ივანიშვილი: გასულ წელს, ეისითიმ მასშტაბური რებრენდინგი განახორციელა. ეს სწორედ ის დროა, როდესაც მენეჯმენტ კონსალტინგის მიმართულებითაც დავიწყეთ მუშაობა. შედეგად, შეიქმნა მარტივი, სოლიდური და გამბედავი ხელწერა, რომლის განუყოფელი ნაწილიცაა მენეჯმენტ კონსალტინგის პროდუქტები. შესაბამისად, კომუნიკაცია კონცეპტუალურ დონეზე ასახავს შინაარსს. კონცეპტზე მუშაობა სიღრმისეულად მიმდინარეობდა და ვეცადეთ, ვიზუალური სიმბოლოები სრულ თანხვედრაში ყოფილიყო მთავარ იდეასთან და არაპირდაპირ, შინაარსობრივ დონეზე გადმოეცა სათქმელი.
კამპანიის კონცეფციაზე ეისითის მარკეტინგისა და კომუნიკაციების გუნდმა ნინო კალანდიამ და ანნა ყატაშვილმა იმუშავეს, ხოლო ეს არაჩვეულებრივი კონცეპტუალური ვიზუალები ჩვენი დიზაინერის ანა სარაჯიშვილის მიერ შეიქმნა. მენეჯმენტ კონსალტინგში მომხმარებელი კრეატიული კამპანიებით განებივრებული არ არის და ვფიქრობ, ეს შემთხვევა ამ მხრივაც გამორჩეულია.
M: მენეჯმენტის კონსალტინგის მიმართულების განვითარებას როგორ ხედავთ?
თინათინ რუხაძე: რაც შეეხება მენეჯმენტ კონსალტინგს, აქტიურად ვმუშაობთ უნიკალური ეფექტური სამუშაო ინსტრუმენტების შექმნაზე. ასევე, გვინდა დარგობრივად დიფერენცირებული გამოცდილება დავაგროვოთ და კვლევის პრაქტიკის მსგავსად, საერთაშორისო ბაზარზე გავიტანოთ ჩვენი ექსპერტული ცოდნა.
[R]