in

ეისითის დიდი ტრანსფორმაცია

კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია ეისითი საზოგადოების წინაშე განახლებული კონცეფციით, ბრენდით და ბიზნეს მოდელით წარდგა. მსოფლიო გამოწვევის – პანდემიური 2020 წლის წარმატებით დაძლევის შემდეგ კომპანია ახალი ენერგიითა და ამბიციებით გლობალურ მიზნებს ისახავს და თავის კლიენტებს სთავაზობს მაღალი სტანდარტების, პროაქტიულ და ბაზრის საჭიროებაზე ორიენტირებულ ხედვას. მთავარი სლოგანით – ცვლილებების ძალა, ეისითი უზრუნველყოფს პარტნიორების მხარდაჭერას დიდი და აუცილებელი ტრანსფორმაციის პროცესში.

ეისითი გლობალური კვლევისა და საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მომავლის ლიდერებსა და ორგანიზაციებს მხარს უჭერს და აძლიერებს მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის.  კომპანიის მთავარი უპირატესობა მონაცემების, იდეებისა და კომპეტენციების ღირებულ შედეგებში გარდაქმნაა. ACT-ის ისტორია ადრეული 2000-იანი წლებიდან იწყება, როდესაც საქართველო მნიშვნელოვან პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ რყევებს განიცდიდა და საბაზრო ეკონომიკა, ჯერ კიდევ ფეხს იდგამდა. 19-წლიანი ისტორიის მანძილზე, კომპანიამ საქართველოში კვლევითი ინდუსტრიის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა და დღეს,  28 ქვეყანაში წარმატებულ პროექტებს ახორციელებს. ახალმა რეალობამ და  გრძელვადიანმა ხედვამ კომპანიას მასშტაბური ტრანსფორმაციისკენ უბიძგა. შეიცვალა ბიზნეს-მოდელი, ორგანიზაციული სტრუქტურა, აზროვნების სტილი და მიდგომა, რასაც ლოგიკურად, ვიზუალური ბრენდინგის ცვლილების აუცილებლობაც მოყვა. ტრანსფორმაციის ეტაპებისა და გამოცდილი ბრენდის გარდასახვის შესახებ კომპანიის დამფუძნებელი და ხედვის ლიდი თინათინ რუხაძე და ეისითის მარკეტინგისა და სტრატეგიული კომუნიკაციის ლიდი ანა ივანიშვილი გვესაუბრნენ.

M: რა იქცა ACT-ის მასშტაბური ტრანსფორმაციის წინაპირობად?

თინათინ რუხაძე: კომპანია სრულიად გარდაისახა, საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, ვამაყობდით, რომ ვიყავით კვლევითი კომპანია და ვაწარმოებდით ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ კვლევებს, ვამაყობდით ჩვენი ანალიტიკური შესაძლებლობებით. ეს ყველაფერი  დნმ-ში გვაქვს ჩადებული. თუმცა რაღაც ეტაპზე, კომპანიის ზრდა მნიშვნელოვნად შენელდა და 2013-2018 წლებში, ზრდის ტემპი 3-5%-ში მერყეობდა.

ბუნებრივია, დავიწყეთ პასუხების ძებნა, საკუთარ თავს დავუსვით კითხვა – რა სჭირდება ჩვენს დამკვეთს დღეს? რით შეგვიძლია შევუქმნათ ფასეულობა? თვალს ვადევნებთ ბაზარს და ვხედავთ თუ როგორ აქტიურად გადიან კომპანიები ტრანსფორმაციას. ეს ეხება პანდემიის გამოწვევებს, ციფრულ, მენტალურ და სხვა მიმართულებებს. არ მეგულება სფერო, რომელსაც დღეს ცვლილებების გარდაუვალი საჭიროება არ უდგას, მათ შორის ვიყავით ჩვენც.

ტრანსფორმაციის შედეგად, დღეს, ACT-ის ოთხი ბიზნეს მიმართულება აქვს: მენეჯმენტ კონსალტინგი, განვითარების კონსალტინგი, კვლევა და ბიზნეს ანალიტიკა. ბიზნეს-მოდელი აღარ არის კვლევა, არამედ ACT კვლევაზე დაფუძნებულ საკონსულტაციო კომპანიად იქცა, რომლის ბირთვია მონაცემთა ანალიტიკა. კომპანიამ თავისი ძლიერი მხარე – ანალიტიკა და  მენეჯმენტ კონსალტინგისთვის შექმნილი ინსტრუმენტები ორგანიზაციებისთვის სწორი გადაწყვეტილებების მიღების ხელშეწყობისკენ მიმართა.


ტრანსფორმაცია კომპანიის შიგნიდან დაიწყო და ეისითიმ ახალ სამიზნე სეგმენტთან განახლებული მიდგომები გამოიყენა. ამის შედეგად, კომპანიას მხოლოდ 2019-ში, 80%-იანი ზრდა ჰქონდა. ამ ბიზნეს მოდელმა განაპირობა, რომ პანდემიით გამოწვეული მსოფლიო კრიზისის პერიოდშიც კი, შესრულდა დასახული გეგმა და ეისითიმ დაამტკიცა, რომ ცუდი და კარგი დრო არ არსებობს, დროს თავად ვქმნით.


M: რა სიახლეა ორგანიზაციული მართვის თვალსაზრისით?

მხოლოდ ბიზნეს-მოდელის ცვლილება, ბუნებრივია, არ იყო საკმარისი. ორგანიზაციული აზროვნების სტილთან ერთად, მნიშვნელოვნად გავზარდეთ გუნდი – შემოვიერთეთ განსხვავებული კომპეტენციების მქონე ახალი ადამიანები. რადიკალურად შეიცვალა ორგანიზაციული სტრუქტურა – ბიზნეს-მოდელის ცვლილებას ეჯაილ ტრანსფორმაციაც მოყვა, რამაც ეფექტიანობისა და შემოქმედებითობის ახალი გზები გაგვიხსნა. კომპანიას სამი ძირითადი ძალა ამუშავებს: ხედვა, კულტურა და აღსრულება, ამიტომ, მმართველიც სამია, თითოეულს თავისი მიმართულება აქვს. ჩვენ ვუყურებთ ორგანიზაციას როგორც ქსელს, რამაც გვიბიძგა  ცვლილებები შეგვეტანა ტრადიციულ სტრუქტურაში და მართვის მოდელიც სამპოლუსიანი გამხდარიყო, სადაც ხედვაც, კულტურაც და აღსრულებაც ერთი საერთო მიზნის მიღწევას ემსახურება. ყველაფერს დაეტყო განვითარება – მთლიან გუნდს, პროდუქტებს, შემოსავლებს, აღნიშნული ტრანსფორმაციით ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანს მივაღწიეთ – ვქმნით მეტ ფასეულობას ჩვენი კლიენტებისთვის.

ცვლილებები არ შეხებია კომპანიის მთავარ ფასეულობებს: სიყვარული, მხარდაჭერა, ეფექტიანობა და განვითარება. აღნიშნულ ნაკრებს ერთი დაემატა – შემოქმედებითობა. საინტერესო იდეები, საკითხის ახალ ჭრილში დანახვა და ინოვაციური გადაწყვეტები –  გვეხმარება ჩვენი მისიის საუკეთესოდ შესრულებაში. ჩვენი რწმენით, სამყარო სავსეა ნებისმიერი იდეის განხორციელებისთვის საჭირო რესურსებითა და შესაძლებლობებით, ხოლო შემოქმედებითობა მათ დანახვასა და ათვისებას გვიმარტივებს.  სწორედ ამიტომ კრეატულობა, ოპტიმიზმი და ხალისი, ჩვენს ყოველდღიურობად და სამუშაო პროცესის ნაწილად ვაქციეთ.

ჩვენ არ გვჯერა კონსალტინგის, რომელიც ბიზნესს პირდაპირ ეუბნება, თუ როგორ უნდა აკეთოს მან თავისი საქმე. პირიქით, ჩვენ გარედან ვეხმარებით დამკვეთს, რომ მათ, თავისივე სიბრძნითა და გამოცდილებით საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღონ. ჩვენი მიდგომა – მათი გაძლიერებაა.


ორგანიზაციულმა ტრანსფორმაციამ ბუნებრივად მოიტანა ვიზუალური განახლების საჭიროება. შეიცვალა ACT-ის ბრენდი, კომპანიამ სრულიად ინოვაციური და ამბიციური განაცხადი გააკეთა ბაზარზე.

Mრა შეიცვალა ბრენდის პოზიციონირებაში?

ანა ივანიშვილი:ცვლილებები მასშტაბური იყო. ბუნებრივად გაჩნდა განცდა, რომ განახლებულ გუნდს, პროდუქტებს თუ ბრენდის ფილოსოფიას ძველი ბრენდით ვეღარ გავიტანდით. თამასა საკმაოდ მაღალი იყო, რადგან ACT თავად უწევს იმავე მომსახურებას სხვებს. გადავწყვიტეთ გვეთანამშრომლა დიზაინერ გია ბოხუასთან, რომელმაც ACT-ის პირვანდელ ბრენდინგზე იმუშავა – ჩავთვალეთ, რომ ის ზუსტად გაიგებდა ჩვენს ახალ გეზს და სათანადო ვიზუალურ გადაწყვეტას მოუძებნიდა.

რებრენდინგისას ვფიქრობდით, ბოლომდე დაგვეთმო ACT-ის იდენტობა, თუ ნაწილობრივ მაინც შეგვენარჩუნებინა. განახლებულ ლოგოში შენარჩუნებულია ჩვენი დნმ – მონაცემები – რომელიც უფრო შემცირებული ზომითაა წარმოდგენილი, ხოლო თავად წარწერა ACT მკაფიოდ ჩანს. ეს მიუთითებს, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ  ჩვენი ბირთვი, თუმცა დღეს, იმაზე კომპლექსურები ვართ ვიდრე ადრე და მზად ვართ უფრო მეტად ღირებულნი გავხდეთ ჩვენი პარტნიორებისთვის.

M: როგორი იყო ვიზუალური რებრენდინგის ბრიფი?

გვსურდა განახლებულ ბრენდს სრულად აესახა ორგანიზაციული ტრანსფორმაცია. რებრენდინგს უნდა გადმოეცა ACT – როგორც თანამედროვე, თამამი, გლობალური კომპანია, რომელიც ბევრად მეტს სთავაზობს დამკვეთს, ვიდრე კვლევაა.

M: რა შეიქმნა ვიზუალური რებრენდინგის ფარგლებში?

სრულიად შეიცვალა ვიზუალური სტილი. ბრენდისთვის ასე ახლობელი წითელი ფერი ლურჯმა ჩაანაცვლა. შეიქმნა ტიპოგრაფია. შევცვალეთ სლოგანი – Think Big ჩაანაცვლა სასიკეთო ცვლილების მნიშვნელოვნებისკენ მოწოდებამ: Empower the Change. ამ წლების განმავლობაში ჩვენი კლიენტები იყვნენ ისინი, ვინც მასშტაბურად ფიქრობდა, ვისაც დიდი ოცნებები და მიზნები ჰქონდა. თანამედროვე გამოწვევებმა და შექმნილმა რეალობამ, ჩვენი ხედვაც შეცვალა – დღეს ჩვენი კლიენტები არიან მომავლის ლიდერები და ორგანიზაციები – ისინი, ვინც ყოველდღე ცდილობენ სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ, ჩვენ კი, ამ ცვლილებების მხარდამჭერად ვხედავთ თავს, სწორედ ამიტომ ჩვენი ახალი სლოგანი ამ სასიკეთო ცვლილებების რწმენას ასახავს.

ვიზუალურ ბრენდინგზე გრაფიკოსმა დიზაინერმა გია ბოხუამ იმუშავა, რომელიც ACT-ის წინა ვიზუალური იდენტობის ავტორიცაა.

გია ბოხუა: „ACT-ის ბრენდინგზე პირველად 13 წლის წინ ვიმუშავე. ახლა კი, ACT-ში მიმდინარე სიახლეების პარალელურად, გადავწყვიტე, გამეთანამედროვებინა ლოგო. წარწერა წინა ფლანგზე მსხვილი ფონტით გამოვიტანეთ, თავად სახელწოდება ACT „მოქმედებასაც“ აღნიშნავს, რაც სლოგანს – Empower The Change დამატებით კომპლიმენტს უკეთებს. ლოგოს მთავარი იდეა – მონაცემები, შენარჩუნებულია, ეისითის ახალ პოზიციონირებაში წამყვანი მოქმედებაა – იდეის და ინსპირაციის მიწოდება, რომელიც რა თქმა უნდა მონაცემებით მყარდება. იდენტობას რაც შეეხება, საფირმო სტილად შავ-თეთრი ფოტოების არჩევა გადავწყვიტეთ, მთავარ ვიზუალურ შტრიხად კი, გლობუსი შევარჩიეთ, რომელიც კომპანიის გლობალურობას უსვამს ხაზს და გამოსახულებას უფრო დინამიურს ხდის. ცალკე გავაკეთეთ დიზაინი სლოგანისთვისაც.

პროექტის ვიზუალურ ნაწილზე, ჩემთან ერთად, მარია აკრიდიტუმ იმუშავა, როგორც ბრენდ გაიდლაინების შემუშავების თანაავტორმა და ასისტენტ დიზაინერმა.“

ACT-ის ხედვის ლიდმა თინათინ რუხაძემ კომპანიის გლობალური ზრდის და  სამომავლო გეგმების  შესახებაც ისაუბრა:

თინათინ რუხაძე: ACT-ს „ბიზნეს-პროცესების მოლის პრინციპი“ აქვს, ჩვენ უნდა ვიყოთ ბიზნეს-სერვისების ჰაბი, რომელიც დამკვეთს მისთვის საჭირო მომსახურებას გაუწევს და კომპანიას აღარ მოუწევს სრულიად განსხვავებულ სხვადასხვა მომწოდებელთან ურთიერთობა, რაც დროშიც იწელება და საბოლოოდ, ნაკლებად ეფექტიანია.

ვერ წარმოგვიდგენია ბიზნესი მასშტაბირების გარეშე. ეს ამბიცია დაარსების დღიდან გვქონდა, ვყოფილიყავით წარმატებული ქართული კომპანია საერთაშორისო ბაზარზე. გვინდოდა ქართული ინტელექტუალური შესაძლებლობები გაგვეტანა ექსპორტზე. მხოლოდ გასულ წელს, ACT-მ 28 ქვეყანაში იმუშავა. ციფრულ ერაში ოფისიც კი არ არის საჭირო სამუშაოდ, რაც შესაძლებლობების დიდ ჰორიზონტს შლის. ასევე, ვაპირებთ გავაძლიეროთ პარტნიორული ალიანსები და გავხდეთ მაქსიმალურად ფასეულები კლიენტისთვის, ბიზნეს-საკონსულტაციო მიმართულებით.

 

ტრანსფორმაციისა და რებრენდინგის შედეგად, ACT განახლებული კონცეფციით განაგრძობს მუშაობას. გლობალური ბაზრის თანამედროვე გამოწვევების პასუხად, კვლევისა და საკონსულტაციო კომპანია ეისითიმ უკვე გადადგა წარმატებული ნაბიჯი – ტრანსფორმირდა ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისა და გამოყენებისთვის.

[R]

„სათიბე“ – ირაკლი გაფრინდაშვილის არტ კოლონია, ორბეთში

როგორ იღებენ “მინისებრი” პეპლები გამჭვირვალე ფრთებს?