in ,

კომპანია ACT დაარსებიდან Spotlight-ამდე!

მარკეტერის სტუმარია გიორგი კალატოზიშვილი – ACT-ს ბრენდის განვითარებისა და პიარ სამსახურის უფროსი.

M: კომპანია ACT უკვე 12 წელია რაც საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს, ძირითადად მაინც ACT კვლევა იყო ცნობილი,მაგრამ ბრენდი განახლდა და  ბოლო 3 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაზარდეთ კონსალტინგის მიმართულება. იქნებ მოკლედ მოგვიყვეთ ACT-ის ისტორია დაარსებიდან დღემდე. 

A: ACT (ეისითი – ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი) დაარსდა 2002 წელს და უკვე 12 წელია სთავაზობს act-logoთავის მომსახურებას და ექსპერტიზას როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში მოქმედ კომერციულ, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ACT საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და სტრატეგიული კონსალტინგის სფეროს ლიდერია კავკასიაში. 2002 წელს კომპანიაში რამდენიმე ადამიანი მუშაობდა, დღეს კი ACT-ში 60-ზე მეტი მუდმივი თანამშრომელი და 800-ზე მეტი ინტერვიუერი და დამკვირვებელი მუშაობს, რაც რეგიონის მასშტაბით ნებისმიერი მოცულობის პროექტზე მუშაობის შესაძლებლობასა და მისი ხარისხის კონტროლის საშუალებას გვაძლევს. მნიშვნელოვანია, რომ 2004 წელს კომპანია გახდა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პროფესიული ასოციაციის ESOMAR-ის წევრი, ხოლო 2007 წელს იდუმალ მყიდველთა მსოფლიო ასოციაციის (MSPA) პირველი და ერთადერთი წევრი საქართველოში; 2009 წელს ეისითიმ დააფუძნა კომპანია “გლობალ-ქოლ ცენტრი”, რომელიც საქართველოში დამოუკიდებლად მომუშავე ყველაზე დიდი და ტექნიკურად გამართული ქოლ-ცენტრია; 2010 წელს კი ეისითიმ მოახდინა გეოგრაფიული ექსპანსია – გახსნა ოფისი ბაქოში, აზერბაიჯანში. აზერბაიჯანი დიდი და მზარდი ბაზარია, რომელიც საინტერესოა თავისი მრავალფეროვანი წარმოებითა და სპეციფიკით. თუმცა ბოლო 3 წლის განმავლობაში ACT უკვე უცხოეთის სხვა ქვეყნების ბაზრებზეც ახდენს თავისი ექსპერტიზისა და პროფესიონალიზმის ექსპორტს – ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო პროექტებზე მოლდოვაში (2012 წლის დასაწყისში ხელი მოეწერა ეისითის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო პროექტს შესასრულებელი სამუშაოების მასშტაბითა და ღირებულებით – 2 მილიონამდე აშშ დოლარი), ბოსნია და ჰერცოგოვინაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, ყაზახეთში. დღეს ACT უკვე გლობალური ბრენდია.

M: ძალიან კარგად იცნობთ ადგილობრივ ბაზარს, თქვენი დაკვირვებით ამ 12 წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა მარკეტინგის სფერო საქართველოში? რა მდგომარეობაა დღეს?

A: ბოლო წლების განმავლობაში საქართელოში მარკეტინგის სფერო ერთმნიშვნელოვნად, ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ ახალი სფეროა ჩვენთვის, როგორც სხვა ეკონომიკური სისტემის მემკვიდრეებისთვის, საბაზრო ეკონომიკის პირობებში სახეზეა აშკარა პროგრესი – ქართული კომპანიები სულ უფრო ინტერესდებიან მომხმარებლით, ცდილობენ მათზე მორგებული პროდუქტები და მომსახურებები შექმნან, იზრუნონ მომხმარებლის კმაყოფილებაზე, ლოიალობაზე. მოწინავე კომპანიების მარკეტერებისთვის უკვე ჩვევად იქცა ბაზრის ტენდენციების რეგულარული მონიტორინგი. მეტი თავისუფლება იგრძნობა კომუნიკაციებშიც – სარეკლამო სფერო ნელ ნელა თავისუფლდება არაპროფესონალიზმისთვის დამახასიათებელი პლაგიატისგან და უფრო საინტერესო და თამამი ხდება, რაც სამომავლოდ აუცილებლად გამოიღებს შედეგს. თუ დღეს თვითმყოფადი, ეფექტიანი რეკლამა გამონაკლისია, სულ მალე ეს ჩვეულ მოვლენად იქცევა.

M: ACT წელს Spotlight-ის ოქროს სპონსორია, რატომ გადაწყვიტეთ ამ ღონისძიების მხარდაჭერა და რას ფიქრობთ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებები სფეროს განვითარებისთვის? 

A: როგორც საზოგადოებრივი აზრის შესწავლის, მარკეტინგული კვლევებისა და კონსალტინგის სფეროს გიორგი-კალატოზიშვილილიდერმა კომპანიამ, ACT-იმ თავის ვალდებულებადაც კი აღიქვა საქართველოში ყველაზე დიდი მარკეტინგული ღონისძიების მხარდაჭერა. პირველი ღონისძიების წარმატებამ განაპირობა და გაზარდა ჩვენი ინტერესი Spotlight 2014-ის მიმართ, რომლის „ოქროს სპონსორებიც“ გავხდით და მიგვაჩნია, რომ სწორედ ასეთი პროექტების ხარჯზე ვითარდება რეალურად პროფესიული გარემო და კონკურენცია. ღონისძიების ორგანიზატორმა, Marketer.ge-იმ, Spotlight 2014-ის სახით შექმნა ერთიანი სივრცე, სადაც ქართველ ან საქართველოში მოღვაწე პროფესიონალებს – მარკეტინგის, ბრენდინგის, რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტებს აქვთ შესაძლებლობა გაუზიარონ საზოგადოებას და ახალბედა მარკეტერებს თავისი გამოცდილება, ხედვა და პროფესიონალიზმი. Spotlight არის ადგილი, სადაც სპიკერებად გვევლინებიან მაქსიმალურად თვითრეალიზებული და პროფესიონალი ადამიანები, რომლებსაც თავისი წვლილი შეაქვთ ბიზნესის და, შესაბამისად, ქვეყნის განვითარებაში. ამასთან, Spotlight 2014 თანხვედრაშია ACT-ის სხვა მიმართულებასთან – პროფესიულ საგანმანათლებლო საქმიანობასთან. ასეთი ღონისძიებები ხომ ხელს უწყობენ ახალგაზრდების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას, მათში სფეროს პოპულარიზაციას. უკვე ამ ეტაპზე ჩვენ განვიხილავთ Spotlight-ის რეგულარული მხარდაჭერის შესაძლებლობას და მუდმივი სპონსორობის საკითხს.

მარკეტერი ირინა დუმბაძეს, ACT -ის კომუნიკაციების და კონსალტინგის დირექტორს და Spotlight 2014 ის სპიკერს ესაუბრა.

 

M: ირინა, ACT-ს საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა ადგილმდებარეობის ბრენდინგის მიმართულებით, თქვენ  გეკუთვნით გუდაურის ბრენდინგი,ახლახანს მოიგეთ ბათუმის ტენდერიც. როგორ დაიწყო საერთოდ თქვენი დაინტერესება რომ ამ მიმართულებით გემუშავათ?

A: ბრენდინგზე მომუშავე ადამიანისთვის, ქვეყნის ბრედინგზე მუშაობა შეიძლება ითქვას, ყველაზე საინტერესო, მნიშვნელოვანი და სასიამოვნო  საკითხია.  პირველი პროექტი, რომელიც ამ მიმართულებით გავაკეთეთ, ტურისტული საქართველოს ბრენდირება იყო.

M: ჩვენი მკითხველისთვის უფრო გასაგები, რომ იყოს. როგორი პროცესია ადგილმდებარეობის (ქალაქის, დაბის, ქვეყნის) ბრენდინგი, რა ეტაპებს მოიცავს იგი ?

A: ქვეყნის ბრენდირების პროცესი  მრავალმხრივია და სხვადასცვა ეტაპს მოიცავს, ძირითადი ეტაპებია: (1) სიტუაციის ანალიზი, რაც მოიცავს სხვადასხვა ტიპის პირველად და მეორად კვლევებს და (2) დაგეგმბის ირინა-დუმბაძეეტაპი, ანუ ბრენდირება, რაც მოიცავს რემდენიმე სამუშაო სესიას და პოზიციონირების სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებას.

ტურისტული საქართველოს ბრენდირების პროექტის ფარგლებში განხორციელდა ადგილობრვი და შემოსული ტურისტების  რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევები. გაკეთდა ჩაღრმავებული ინტერვიუები კულტურის, ეკონომიკის მინისტრებთან, ტურიზმის განვითარების სააგენტოსთან, იმისათვის, რომ მომხდარიყო მათი ხედვების, განვითარების გეგმების შესწავლა.

შედგა სამუშაო სესია, სადაც მონაწილოებდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, სხვადასხვა ბიზნესების და მარკეტინგის მენეჯერები.  ამ სესიაზე მოხდა მსჯელობა ტურსტული საქართველოს ბრენდზე, ტურისტულ მიმართულებებზე, განვითარების პერსპექტივებზე, საქართველოს ძირითად იდეასა და დაპირებაზე. განსხვავებაზე, სხვა პირდაპირ თუ ირიბ კონკურენტებთან.

პარალელურად ხდებოდა შესწავლა და გახსენება ყველა ჩვენი ტრადიციის, დამკვიდრებული ქცევების, სიმბოლიკის. შევხდვით ტურისტულ სააგენტოებს. ამის მერე კი დაიწყო სტრატეგული დოკუმენტის შემუშავება, რომელსაც  შემდეგი თვე ნახევარი მოვუნდით.

საქართველოს ბრენდირების შემდეგ, „საპარტნიორო ფონდის“ დაკვეთით განვახორციელეთ ერთი საინტერესო პროექტი, რომელიც ლიკანის ტერიტორიაზე ინვესტორის მოზიდვას ისახავდა მიზნად. მიზნიდან  გამომდინარე, ჩვენ ფაქტობრივად დავბრენდეთ ეს უნიკალური ადგილიც  და შევქმენით მისი პოზიციონირების პლატფორმა.

2012 წელს გუდაურის განვითარების ფონდის დაკვეთით შევიმუშავეთ გუდაურის ბრენდის განვითარების სტრატეგია.

2014 წელს, (ეს თელავის ადგილობრივი მთავრობის დაკვეთა იყო) არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად, რომელიც ადგილობრივი ექსპერტებისა და  უცხოელი არქიტექტორების, ლანდშაპტის დიზაინერების, კულტუროლოგებისა და ისტორიკოსებისგან შედგებოდა, და რომელსაც  ფონდი „ტრამის“ დამფუძნებელი, ანა რიაბოშენკო ხელმძღვანელობდა,  შევიმუშავეთ ღვინის პარკის განვითარების კონცეფცია, რომელიც თელავის ბრენდირების კონცეფციას ეფუძნება. ეს არაჩვეულებრივი პროექტი დღეს ინვესტირებას ელოდება.

დღეს ჩვენ დავიწყეთ ბათუმის ბრენდის სტრატეგიულ პოზიციონირებაზე მუშაობა.

M: წელს Spotlight-ზე თქვენი თემა სწორედ ქვეყნების ბრენდირებაა, ცხადია სრულად რაზეც ისაუბრებთ ვერ მოგვიყვებით, მაგრამ რატომ შეარჩიეთ ეს თემა და რატომ არის ეს საინტერესო აუდიტორიისთვის?

A: სპოტლაიტზე ქვეყნის ბრენდრების  თემის არჩევა მოხდა მისი აქტუალურობის გამო. პირველი – მსოფლიოში იზრდება ტურისტული მოთხოვნა ჩვენი ტიპის ქვეყნებზე. დასავლეთ ევროპისა და  აღმოსავლეთის მარგალიტები გაცვდა. მოგზაურებს ახალი, საინტერესო, ჯერ უნახავი ადგილები აინტერესბთ და ამ პროცესებს ჩვენ ადექვატურად, ძლიერი ბრენდით უნდა დავხვდეთ. და მეორე – ქვეყნის ბრენდინგი არამხოლოდ ტურიზმისთვისაა მნიშვნელოვანი. ის მნიშვვნელოვანია ზოგადად ეკონომიკისთვის, კონკრეტულად კი თითოეული ბიზნესისა და  ბრენდისთვის, რომელიც ევროპულ და სხვა მსოფლიო ბაზრებზე გავა. ამ ბრენდებს, იქნება ეს ღვინო, წყალი, თაფლი თუ ინტელექტუალური პროდუქტი, სწორედ ქვეყნის მკაფიო პოზიციამ და ბრენდმა უნდა დაუჭიროს მხარი და გაუძლიეროს სანდობის, ხარისხის თუ სხვა პარამეტრები.

“თქვენი სიკეთე ასმაგად გიბრუნდებათ” – Sabadell ბანკის ფლეშმობი

აღმოაჩინეთ თქვენი წინაპრები და მათი გმირობები! (მეორე მსოფლიო ომის ბაზები)