in

პირბადე გემის აფრაა, გემის ეკიპაჟი კი კომპანიის გუნდი – ACT-ს წლიური ანგარიშის ორიგინალური ყდა

პოსტერი ილუსტრატორმა თათია ნადარეიშვილმა შექმნა

2020 წელს დაწყებული პანდემია ბევრი ორგანიზაციისთვის/კომპანიისთვის გახდა სხვა დატვირთვით მუშაობის, საქმიანობის გადააზრების თუ უბრალოდ ახალ გამოწვევებთან ბრძოლის მიზეზი. ეს პერიოდი საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საკონსულტაციო კომპანია ACT-ისთვისაც, რომელმაც სულ ახლახან 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

კომპანიას სურდა, ანგარიშის ყდას მეტაფორულად გადმოეცა მისი მთავარი სათქმელი – რომ ისეთი მასშტაბის კრიზისი, როგორიც პანდემიაა, შეგვიძლია, გამოწვევად მივიღოთ და შესაძლებლობად ვაქციოთ.

ყდის ვიზუალის შექმნა ილუსტრატორ თათია ნადარეიშვილს დაევალა, რომელსაც, ძირითადად, საბავშვო და ზოგადად, ლიტერატურული წიგნების ილუსტრაციებიდან ვიცნობთ, მაგრამ მან ამ სოციალურ თემატიკასაც წარმატებით გაართვა თავი.

სამუშაო პროცესზე გვიამბეთ . . . 

თავიდან რამდენიმე სკეტჩი გავაკეთე, მაგრამ რაღაც ყოველთვის აკლდა, ზუსტად ვერ გადმოსცემდა კომპანიის მთავარ სათქმელს, რომ „კარგი და ცუდი დრო არ არსებობს, დროს ჩვენ ვქმნით“. ანუ ეს დროც კი, როცა მსოფლიოს პანდემიას ებრძვის, ჩვენთვის სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ.

როგორ მიხვედით საბოლოო გადაწყვეტილებამდე? 

მივხდი, რომ ვიზუალში უნდა ყოფილიყო 2 დეტალი – ერთი, რომელიც ასოცირებული იქნებოდა კორონავირუსთან და მერე – წინსვლასთან. გადავწყვიტე, სიმბოლოების კუთხით წავსულიყავი და შემდეგ მის გარშემო „ამაწყო“ დანარჩენი ვიზუალი. ამ კრიზისის ასეთი სიმბოლო არის პირბადე. შემდეგ დავიწყე ფიქრი, როგორ შეიძლებოდა მეჩვენებინა ადამიანების, უფრო ზუსტად კი ერთი გუნდის წინსვლა. ასე შევქმენი სკეტჩი, სადაც პირბადე არის გემის აფრა, როგორც კრიზისულ სიტუაციაში წინსვლის სიმბოლო, ამ გემის ეკიპაჟი კი კომპანიის გუნდია. ნამუშევარი ACT-ს წარმომადგენლებსაც ძალიან მოეწონათ და დავიწყე ტექნიკური დამუშავება. საბოლოოდ კი, მივიღეთ ასეთი ყდა.

რაც შეეხება პოსტერის ფერებს? 

წითელი ACT-ს კორპორაციული ფერია. მართალია, აუცილებელი არ იყო მისი გამოყენება, არ ჰქონიათ ასეთი მოთხოვნა, მაგრამ მაინც ასე გადავწყვიტე. ჯერ ერთი, ეს ანგარიში შიდა კორპორაციულ დოკუმენტებთან იქნებოდა თანხვედრაში. და მეორე – ძალიან მომწონს ეს ფერი, აქტიური და კონტრასტულია. როცა ყდაზეა საუბარი, ან ნამუშევარი უნდა იყოს ვიზუალურადაც ეფექტური, ხშირად ვიყენებ ხოლმე. ცისფერს რაც შეეხება, ის პირბადის ფერია. ამ ორი ფერის ნაზავით, მგონია, რომ პოსტერი ძალიან კონტრასტული და ეფექტური გამოვიდა.

ამ ფერით კომპანია ემშვიდობება თავის კორპორატიულ ფერს და ბოლოჯერ ახდენს მის კომუნიკაციას, ტრასფორმაციული წლის ცვლილებებმა განახლებული ბრენდის შექმნის აუცილებლობა მოიტანა და კომპანია ემზადება ახალი ბრენდით წარდგენისთვის.

თქვენ, მეტ-ნაკლებად მაინც საბავშვო წიგნების ილუსტრაციებთან ასოცირდებით. ამ პროექტზე რთული იყო მუშაობა?  

დიახ, ძირითადად, ამ მიმართულებით ვმუშაობ და ალბათ, საკუთარ თავსაც სწორედ საბავშვო წიგნების ილუსტრატორს ვუწოდებდი. მაგრამ ჩემთვის, არანაკლებ მნიშვნელოვანია სოციალური თემატიკის ვიზუალები და პოსტერები, რასაც დაახლოებით, 2009 წლიდან ვაკეთებ. ძალიან საინტერესოა, სულ რადიკალურად განსხვავებულ თემებთან მიწევს მუშაობა. თუმცა, არ არის მარტივი, რადგან როგორც წესი, არის ხოლმე კონკრეტული იდეა და საჭიროა, მისი ძალიან ზუსტი ვიზუალიზაცია. შეიძლება, ზოგჯერ, მხატვრული გადაწყვეტა იყოს საჭირო, ზოგჯერ – უფრო პლაკატური. ACT-ს პოსტერის შემთხვევაში, პლაკატური გზით წავედით. საბოლოო ჯამში, ვთვლი, რომ საკმაოდ ეფექტური ვიზუალი მივიღეთ, რომელიც მკაფიოდ გამოხატავს მთავარ სათქმელს.

 

[R]

ინოლა გურგულიას ვინილი 

მეოთხე თაობის HYUNDAI TUCSON – ჰიბრიდული ძრავით, უკვე „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ შოურუმში