in

ჩემი მანტრა და კრეატიული სუპერგმირები – Ad Black Sea 2019-ის მეორე დღე

ერთმა რესპონდენტმა ადრე მითხრა, სულ სად ვხვდები, იცი, წარმატების მომენტებს? – როცა რაღაც ძალიან მეზარება და მაინც ვაკეთებ, რადგან არგაკეთებული საქმე დაკარგული შესაძლებლობააო.

ხოდა, ახლა მარტო რომ ვზივარ ბათუმში, სახლის აივანზე და Ad Black Sea-ს დაბადების დღის წვეულებას ვერ ვუერთდები, მანტრასავით ვიმეორებ სიტყვებს: „როცა რაღაც ძალიან მეზარება და მაინც ვაკეთებ“, „როცა რაღაც ძალიან მეზარება და მაინც ვაკეთებ“… და ეს წინადადება უკვე მესამედ რომ დავწერე, ვფიქრობ, აუცილებლად გასაზიარებელი ამბავია, რომ თითოეული თავიდანაა დაწერილი და არა – დაკოპირებული.

გამარჯობა! ეს Ad Black Sea-ს მეორე დღის შემაჯამებელი სტატიის შესავლის მეოთხე და იმედია, საბოლოო ვერსიაა.ვიხსენებ განვლილ დღეს და ვინთები, რომ მე მაქვს შესაძლებლობა, მოგიყვეთ, მაგალითად, ფესტივალის ერთ-ერთი ტოპ სპიკერის, Miami Ad School-ის დირექტორის, ნიკლას პრინგს-რუპის სიტყვებს, რომ „შემოქმედებითი ინდუსტრია ყველაზე ამაღელვებელი სფეროა, რადგან აქ შეგიძლია, მოვლენები შეცვალო… ქცევა შეცვალო… მოკლედ რომ ვთქვათ, აქ საქმიანობა სუპერძალას გაძლევს“…

ესეც ნიკლას პრინგს-რუპის სიტყვებია, რომ რასაც სიბნელეში აკეთებ, სწორედ ისაა, სინათლესთან რომ მიჰყავხარო. ამ სიტყვებს ვწერდი რა, ჩემ წინ აღმართული „შერატონის“ განათების ჩრდილქვეშ, მშვიდად შევისუნთქე იოდიანი ჰაერი და მათ ჭეშმარიტებაში მაშინვე დავრწმუნდი, რადგან უეცრად, მარსელო სერპაზე ფიქრმა წამიღო.მარსელო სერპა AlmapBBDO-ს გუნდის ყოფილი წევრია, რომლის კრეატიულ ინდუსტრიაში გატარებული 25 წლიდან, 23 ამ კომპანიასთან თანამშრომლობას უკავშირდება. ამ კაცის ანგარიშზე კანის ლომების 150 ჯილდოა! მარსელოა ის, ვინც ლათინურ ამერიკას კანის ლომების პირველი გრან პრი მოუტანა. Ad Black Sea-ზე კი, ბრაზილიელმა პროფესიონალმა შავი ზღვის ფესტივალის დელეგატების ყველაზე დიდი აუდიტორია შემოგვიკრიბა, აღგვაფრთოვანა, ბევრი გვაცინა და რჩევებიც მოგვცა. ვუსმენდი და ვფიქრობდი, როგორაა ასეთი გადასარევი? რატომ არის მისი ტვინი ასე მოწყობილი? როგორ შეძლო და ამდენი რამ როგორ აქვს ჩვენთვის სათქმელი? რანაირად შეუძლია ასე თამამად დგომა და სრულიად უცნობ ხალხთან ისეთი კამპანიების ჩვენება, რომელიც კონკრეტული ქვეყნის, კონკრეტული ბრენდის, კონკრეტული მომხმარებლების კულტურაზეა მორგებული?

რანაირად და მისი კრეატიული გადაწყვეტები უნივერსალურია:

„შეწყვიტე ტყის განადგურება!“

Getty Image-ის კამპანია

Getty Images-ის 85 წამიანი კამპანია

Pepsi-Cola-ს რეკლამაც გვანახა და პრინციპში, ცნობილი ადამიანების რეკლამებში გამოყენება, ძალიან კარგი შესაძლებლობააო.

სერპა ბავშვობიდან ხატავს. დღემდე. ამბობს, რომ „შიში ყველაზე ცუდი მრჩეველია“; „სოციალური მედია და საღი აზრი არასექსუალური გახდა“, „სხვების მაგალითს არ უნდა დავეყრდნოთ, თავად უნდა ვცადოთ რაღაცები“ და ორი რამ უნდა დავიმახსოვროთ, კრეატიულ ინდუსტრიაში თუ გვინდა ყოფნა: „სიმარტივე“ და „არაპროგნოზირებადობა“.

მარტივი და არაპროგნოზირებადი, ალბათ, ზუსტად Ad Black Sea-ს ბრენდინგივით ხომ? – Sketch Me if you Can! JUST DOodleIT… (ეჭვი მაქვს, ნაიკის სლოგანი უნდა იყოს ინსპირაცია…)

ფესტივალის დღევანდელ პროგრამაში, სტარტაპ გრაინდის პროექტის პრეზენტაციაც ჩაგვიტარეს და ასევე, ისეთი თემებიც განიხილეს, როგორიცაა: „გადავურჩებით ციფრულ რევოლუციას?“ „ორკესტრირება როგორ უნდა გავუწიოთ კრეატიულ ბრწყინვალებას?“ ასევე, პანელის თემაზე „კრეატიული საწარმოს გაძღოლა“, რომელსაც მაიკლ კონრადი უძღვებოდა, მონაწილეობა მარსელო სერპამ, კიტი ლუნმა, სამი ბასუტმა და ვატო ქავთარაძემ მიიღეს.

საუბრის ფარგლებში ნახსენები ვიდეოს გაზიარებას კი აუცილებლად მივიჩნევ: „აღელვებული ხმები“ 100 წლიანი სიჩუმის დარღვევას ემსახურება. კამპანიის ფარგლებში, მუნჯი კინოს ოჯახური ძალადობის 7-მა მსხვერპლმა ქალმა 100 წლის შემდეგ, ხმა ამოიღო, შეურაცხყოფის გამო.

ვიქტორია დიასმა ლიტვიდან, ბოდიში მოგვიხადა აქცენტიანი ინგლისურისთვის და წინასწარ გაგვაფრთხილა, რომ მის პრეზენტაციაში ვიდეოები, ჯილდოს მფლობელი ნამუშევრები და ცნობილი გამონათქვამები არ იქნებოდა. მას უნდა ესაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა შევქმნათ მომხმარებლის გამოცდილება განსხვავებული გზით:

„ჩვენ თვითცენზურის მქონე სახელმწიფოებში ვცხოვრობთ, ჰიპერდაცულ სივრცეში, კომფორტის ზონის კულტურაში. ამ დრომდე, შფოთი და პერსონალური დაუკმაყოფილებლობა აქტუალურ თემად რჩება და ადამიანები წნეხის ქვეშ არიან, რომ რაღაც აუცილებლად შეცვალონ.

შექმენით გამოცდილება, რომელიც მათს ტვინს კომფორტის ზონიდან გამოიყვანს“.

მოგვიანებით კი, დანაპირები შეასრულა და ჩვენთვის უცნობი სან დიეგოელი ახალგაზრდა მწერლის, გლორია თეშის ციტატა გაგვიზიარა: „დრო ყველაზე ძვირფასი საჩუქარია, რაც შეიძლება, სხვას გაუკეთო. იმიტომ, რომ თუ ვინმეს დროს უთმობ, ამით შენი ცხოვრების ნაწილს აძლევ, რომელსაც ვერასდროს დაიბრუნებ“.

გრაფიკულმა დიზაინერმა, ვასილის მარმატაკისმა საბერძნეთიდან, ფილმებისთვის შექმნილი უზომოდ ბევრი ნამუშევარი გვაჩვენა, მაგრამ ამჯერად, მხოლოდ The Lobster-ისთვის მომზადებულს გაგიზიარებთ:

„სადაც ჩემი მომხმარებელია, მეც იქ უნდა ვიყოო“, – თქვა შოტლანდიური ვისკის ბრენდმა “Monkey Shoulder-მა“ და Iveria Beach-ზე, Networking ზონაში, Ad Black Sea-ს მონაწილეებს უფასო კოქტეილებით გაუმასპინძლდა. დღეს შევნიშნე, რომ პროგრამაში Ad Black Sea Networking ზონაში Happy Hour – ბედნიერების საათი და მარკეტერის პანელ დისკუსიები ზუსტად ერთსა და იმავე დროს იწყება და მთავრდება.

ანუ, რა გამოდის?

მანტრაზე გამახსენდა… ხვალ, სააგენტო ჰაკუჰოდოს კრეატიული ოფიცრის, კენტარო კიმურას გარდა, ძალიან ველოდებით ანდრო დგებუაძის გამოსვლას, თემით: „შენ ხარ ბრაჰმა… მაგრამ ამას უნდა მიხვდე“.

„შენ ხარ ბრაჰმა… მაგრამ ამას უნდა მიხვდე“, „შენ ხარ ბრაჰმა… მაგრამ ამას უნდა მიხვდე“… (ამჯერად, დავაკოპირე).

საჭირო ბმულები:
პირველი დღე;
მესამე დღე

ავტორი: თიკა გეგენავა

კალამი – ახალი გადახდის მეთოდი იაპონურ სტარბაქსში

Wishlist ევროპის საბავშვო პროდუქციის გამოფენაზე, საქართველოდან, ყველაზე მეტ ბრენდს წარადგენს